ყველამ კარგად ვიცით ნიკიტა ხრუშჩოვის მითითებით, ვიტალი ლაგუტენკოს პროექტით შექმნილი ბეტონის ფილებისა და იშვიათ შემთხვევაში აგურის წყობით აშენებული 4-5 სართულიანი სახლები, რომლებიც სოციალისტური მინიმალიზმის თვალსაჩინო მაგალითია. ეგრედწოდებული “ხრუშჩოვკები” 25 – 50 წლიანი ექსპლუატაციის ვადით კომუნიზმში შესვლისთვის ჩატარებული დროებითი ღონისძიება იყო, თუმცა ფაქტია, რომ ეს შენობები დღემდე ათასობით ოჯახს იფარავს და მათი დემონტაჟი მრავალი წლის საკითხია. სწორედ ამიტომ, აუცილებელი გახდა ამ ტიპის ძველი პროექტების განახლება და თანამედროვე ცხოვრების სტილზე ადაპტირება.
არავისთვის არის საიდუმლო “ხრუშჩოვკების” უხერხული გეგმარებისა და პატარა ზომების პრობლემურობა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი დიზაინერი მაინც ახერხებს მასში მყუდრო და ლამაზი სივრცის შექმნას. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტი გვსურს წარმოგიდგინოთ. აღნიშნულ ბინაში დიზაინერმა მარიამ დადიანმა შეკვეთილი ავეჯი გამოიყენა, აქტიურად ისარგებლა სარკეებით, ხოლო სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის შუშის ტიხარი შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ 1950 წელს აშენებული ნაგებობა აგურისაა, მისი წყობა უხარისხოა და დიზაინერმა იმიტაცია გამოიყენა. დივანის მოპირდაპირე თაროები ნაწილობრივ ხსნის წყობის ხედს, თუმცა უკანა კედლების ძირითადი ნაწილი სარკით გაფორმდა, რათა თარო-ტიხარის ილუზია შექმნილიყო. ეს სივრცეს ვიზუალურად აფართოვებს.
აივნის ჩვეულებრივი კარი ფრანგული გამოსაღები კარით შეიცვალა, რომელიც იატაკიდან ჭერამდეა. აქ კომფორტული სავარძლიანი მომცრო ზონა გაჩდა.
მოპირდაპირედ ტახტი და „LOFT“ სტილის ჟურნალის მაგიდაა. ტყავის, ხისა და ლითონის ერთობლიობა პროექტისთვის წამყვანი გახდა. ბინის მესაკუთრე ოცდაათი წლის მარტოხელა მამაკაცია, რომელსაც „ლოფტის“ სტილი მოსწონს. ის შიშობდა, რომ ინტერიერი მეტისმეტად უხეში გამოვიდოდა, ამიტომაც ბინაში ნათელი ელფერებია გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო სულ 7 კვადრატული მეტრია, ახალგაზრდა მეპატრონეს არ სურდა მისი სასტუმრო ოთახთან გაერთიანება. ამგვარად ინტერიერში მთლიანად გამჭვირვალე ხის ჩარჩოიანი შუშის ტიხარი გაჩნდა. ლოფტის სტილის აქცენტირებული შტრიხები კი აქ ბარის რეგულირებადი სკამები და მაგიდაა.
სამზარეულოს შესასვლელის გადატანით, გვერდიდან ადგილი არა მხოლოდ გარნიტურისთვის, არამედ ვიწრო კარადისთვისაც გამოჩნდა. აქ “ჩამალულია” სარეცხი მანქანა, რომელსაც სხვა ადგილი უბრალოდ ვერ მოუძებნეს.
კომპაქტური გარნიტურისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები შეაარჩიეს, რომლებიც ცოტა ადგილს იკავებს. დამატებით სამუშაო სივრცედ ფანჯრის რაფა ერთვება, რომელიც სამზარეულოს მაგიდის მსგავსად ხელოვნური ქვისგანაა დამზადებული.
საძინებლისთვის ფაქტიურად სრულყოფილი ოთახი გამოიყო. კარის ან ფანჯრების მაგივრად აქ ფართო ღიობი და ფარდაა, რომელიც სურვილისამებრ შესაძლებელია აიკეცოს. „ხრუშჩოვკაში“ ამ სივრცის იზოლირება პრობლემატურია, ვინაიდან ამ ნაწილში შემომავალი ვენტილაცია არ არსებობს.
საძინებლის ერთი კედლის მთლიანი ნაწილი ჩაშენებულმა კარადამ დაიკავა. მისი ზედა ნაწილი სარკითაა მოპირკეთებული, რომელიც სივრცეს ვიზუალურად ორჯერ ზრდის.
სამ მეტრიან სველ წერტილში აბაზანა შუშის კარიანი საშხაპით შეცვალეს. „Kerama Marazzi“ -ს პრიალა ფილა ვიწრო ფართს ზრდის. ის ფართო ხაზებით დააწყვეს – მუქი რუხი ქვევით და ღია რუხი ზედა ნაწილში, ხოლო ჭერქვეშ კონტრასტული ხაზი გატარდა, რამაც გუმბათის ეფექტი შექმნა.
დიზაინი: მარიამ დადიანი
ფოტო: იური გრიშკო