ვესტვილში, სამხრეთ აფრიკაში განხორციელებული პროექტი „House M“ არქიტექტურულ სტუდია Elphick Proome Architects-ს ეკუთვნის. ის 800 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და ახალგაზრდა ოჯახისთვისაა განკუთვნილი. სახლი მდებარეობს ბრწყინვალე სამომავლო პერსპექტივის მქონე ლოკაციაზე, სადაც ახლა იგება სახლები და შენდება უბნები და საიდანაც პალმიეტის ნაკრძალის მომაჯადოვებელი, აფრიკული ხედები იშლება. აღსანიშანვია, რომ წყვილის შვილებს ლოკალურ სკოლამდე ფეხით შეუძლიათ მისვლა.
პროექტზე მუშაობისას პირველ პრიორიტეტად მიიჩნეოდა ბუნების პატივისცემა და ისეთი სახლის შექმნა, რომელიც სამხრეთ აფრიკის სავანისებურ ლანდშაფტს ჰარმონიულად შეეხამებოდა. სახლის ეზოში გვხვდება კრიკეტის სათამაშო ბაღი, ჩოგბურთის კორტი და საცურაო აუზი.
სახლის ისეთი სივრცეები, სადაც ოჯახის წევრები დიდ დროს ატარებენ ერთად, ერთმანეტთან დაკავშირებულია და აქ თავისუფლადაა შესაძლებელი მოძრაობა და კომუნიკაცია. სახლის ცენტრალურ ბირთვს ორმაგი მოცულობის მქონე სამზარეულო წარმოადგენს. მეორე სართულზე გვხვდება ოთხი ინდივიდუალური, საინტერესო აურის მქონე საძინებელი ოთახი, რომლებიდანაც სავანის საოცარი ხედი იშლება.
სტრუქტურის შესაქმნელად გამოყენებულია როგორც ბეტონი, ასევე ხის მასალაც, მსუბუქი მეტალის ჩარჩოებთან და გამოკვეთილ, ხაზგასმულ სახურავთან ერთად.
ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას დიზაინერებს სურდათ შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც ჭეშმარიტ აფრიკულ ატმოსფეროს შეიტანდნენ თანამედროვე შტრიხებით. ამისთვის მათ ოთხკუთხედის ფორმის გეგმა დახაზეს, შექმნეს მაღლა აზიდული ვერანდა, ასაწევი დარაბები… სახლი ეკომეგობრულია, ამიტომ აქ ვერ შევხვდებით საჰაერო ვენტილაციის სისტემებს, ის ბუნებრივად ნიავდება და პროცესში საკმაოდ დიდი რაოდენობის ენერგიას ზოგავს.
ფოტოგრაფი: Karl Beath Photography