ტოფინოში, კანადაში მდებარე ამ სანაპირო სახლის ფართობი 232 კვადრატული მეტრს შეადგენს და მდებარეობს დამატყვევებელ ლოკაციაზე – ოკეანესა და კანადურ ტყეს შორის. სახლი ძირითადად ერთი დიდი ოთახისგან შედგება, რომელიც სამხრეთ მხრიდან ოკეანეს გადაჰყურებს და სინათლით ივსება, მეორე მხრიდან კი ჩაკეტილი და დაცულია.
საცხოვრებელი სივრცე მინის კედლებითაა გარშემორტყმული, რომელთა საშუალებით ტყისა და ოკეანის პანორამული ხედით ტკბობაა შესაძლებელი. სივრცის თითოეულ ბოლოში გვხვდება ბუხარი, რომლებიც ერთგვარ „ღუზას“ წარმოადგენს სახლისთვის და მას შინაურულ, მყუდრო ატმოსფეროს მატებს.
სახლის ექსტერიერში ნახევრად გადმოწეულ, შემინულ საფუძველს ვხედავთ, სადაც მეპატრონეები გვიმრებსა და სანაპიროს მცენარეებს ახარებენ. ამ დეტალში საინტერესო და უნიკალური ისაა, რომ მინიატურული ბაღი მიწისქვეშაც გრძელდება და სახლის მთავარი ოთახის პერიმეტრზე იატაკის ფუნქციას ასრულებს – მას მინის საფარველი ფარავს და შედეგად პროექტში საუცხოო ინტერიერი იქმნება.
ინტერიერი თბილი, ბუნებრივი ფერთა ტონალობებითაა გაჟღენთილი, რაც ეხმიანება კანადურ, ტოფინოს სანაპირო ტყის შეფერილობას. ინტერიერში ასევე გვხვდება მფლობელის პირადი თანამედროვე ხელოვნების კოლექციაში შემავალი ნიმუშები. ინტერიერის დიზაინერებმა სწორედ მფლობელის ამ გატაცების მიხედვით შექმნეს ბუხრის მასიური კედლები – მართლაც, აქ გამოფენილია სემ ფრენსისა (Sam Francis) და დიეგო სინგჰის (Diego Singh) ნახატები. რაც შეეხება ავეჯს, აქ შევხვდებით ჯიმ ოლსონის, პროექტის ინტერიერის დიზაინის ავტორის, მიერ დაკვეთით შესრულებულ, უნიკალურ ავეჯს, მათ შორის ბუხარში ჩაშენებულ კაკლის ხის სავარძელს.
ფოტოგრაფი: Nic Lehoux