ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, თუ როგორ შეიძლება ასეთი აღმაფრთოვანებელი პროექტი სულ რაღაც 15 კვადრატულ მეტრში განთავსდეს, თუმცა ფაქტია, რომ არქიტექტურულმა სტუდიამ CABN ეს შეძლო. ადელაიდის ბორცვებზე, ავსტრალიაში მდებარე პატარა სახლი მიზერულ ფართობში ახერხებს ადამიანებისა და ბუნების ერთმანეთთან დაკავშირებას.
CABN სახელგანთქმულია ეკომეგობრული, მომავალში გადამუშავების პერსპექტივის მქონე პატარა სახლების დაპროექტება-წარმოებით. მათი შექმნილი სახლები გვხვდება სამხრეთ ავსტრალიის ყველაზე მომაჯადოვებელ, სუნთქვისშემკვრელ ლანდშაფტებში და იდეალურ გასაქცევს წარმოადგენს ქალაქის მძიმე, საქმიანი ცხოვრებისგან.
CABN-ის ხის კაბინის შემქმნელების ხედვის მიხედვით, ისინი დაპროექტებულია მფლობელთა დეტოქსიკაციისთვის ხელშესაწყობად. არქიტექტორების თქმით, თანამედროვე ციფრული სამყაროსთვის დამახასიათებელი წნეხებისა და გამოწვევებისგან დამალვა აუცილებელია მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ამისთვის კი ზედგამოჭრილია CABN-ის მინიმალისტური ინტერიერი, მინის ვიტრაჟული კედლები და მისი მშვიდი ატმოსფერო.
აქ ადამიანს შეუძლია საკუთარი „ელემენტის“ ხელახლა შევსება და დამშვიდება. CABN ავსტრალიის ერთ-ერთ ბუნებრივ ნაკრძალთან ახლოს მდებარეობს, აქვეა ვენახები და ღვინის ქარხნები, სადაც მაცხოვრებლებს ტკბილი, წყნარი საღამოების ხალისიანად გატარება და ბუნების წიაღში დაბრუნება შეუძლიათ.
ადელაიდის ბორცვებში დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ სპეციალისტთა მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მათ შორის კი ყველაზე მაცდურად ავსტრალიის ენდემური სახეობების წარმოადგენელ ფრინველთა და ცხოველთა დაკვირვება, ჩანჩქერების, გამოქვაბულებისა და ტყეების დათვალიერებაა.