2020 წლის დასაწყისში არქიტექტურულმა სტუდიამ LAP Landscape & Urban Design თბილისის იპოდრომის განახლებასთან დაკავშირებით გამოცხადებული საერთაშორისო შეჯიბრში გაიმარჯვა და მისი დიზაინის პროექტის შედგენა დაევალა.
იპოდრომის პარკი 36 ჰექტარის ფართობს მოიცავს და LAP Landscape & Urban Design-ის განცხადებით, განახლების შემდეგ დღეში 10,000-15,000 სტუმრის მასპინძლობას შეძლებს. იმისათვის, რომ იპოდრომის პარკი რენოვაციის შემდეგ ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და განსხვავებული ინტერესების მქონე წარმომადგენლებისთვის მრავალფეროვანი გამხდარიყო, კომპანიამ შეიმუშავა ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სივრცის პროექტი, რომლებიც ფუნქციით განსხვავდებიან.
განახლებული იპოდრომის პარკი რენოვაციის დასრულების შემდეგ 26 ზონას მოიცავს. LAP Landscape & Urban Design-მა თბილისელების ინტერესები და მოთხოვნები შეისწავლა და ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნა სივრცე, სადაც გვხვდება როგორც ჭადრაკისა თუ დომინოს სათამაშო არე, იაპონური და ფრანგული ბაღი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პარკი და ა.შ.
პარკში განთავსებული იაპონური ბაღი ღობით იქნება გამოყოფილი იპოდრომის დანარჩენი ნაწილისგან. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არქიტექტურული კომპანია აცხადებს, რომ სივრცეში შესვლისას დამთვალიერებელი მიხვდება, რომ შედის სრულიად სხვა, ქალაქური დაძაბულობისა და ხმაურისგან დაცლილ, მშვიდ ადგილას. იაპონური ბაღი საკურას ხეების წრით იქნება გარშემორტყმული, ცენტრში კი ცუკიამას ბაღი განთავსდება, სადაც გუბურასა და პატარა ნაკადულს ვიხილავთ. იაპონური ბაღის ფართობზე გათვალისწინებულია იოგასა და ტაიჩის მიმდევრების ინტერესები – აქ თავისუფლად იქნება შესაძლებელი მედიტაცია თუ ვარჯიში.
რაც შეეხება იპოდრომის სამომავლო ფრანგულ ბაღს, ის სამი ძირითადი სივრცისგან იქნება დაკომპლექტებული – შადრევნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიისგან, ბოტანიკური ბაღისა და სკეიტპარკისგან. აქვე შევხვდებით გაჭენებული ცხენის ძეგლს, რომლითაც არქიტექტორები იპოდრომის პარკის ისტორიას მიაგებენ პატივს.
იპოდრომის პარკში ასევე განთავსდება წყლის დასაგროვებელი გუბურა, რომელშიც თბილისის წვიმა დაგროვდება და არქიტექტურული სტუდიის განცხადებით, აქ მილიონობით ლიტრი წყლის დაგროვება გახდება შესაძლებელი. ეს მნიშვნელოვანი დეტალი თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებს პასუხობს და მომავალი პრობლემების გადასაჭრელად მდგრად ეკოლოგიურ გამოსავალს გვთავაზობს.
„თბილისის ცენტრალურ პარკად“ წოდებულ იპოდრომზე ასევე ვიხილავთ ეკოლოგიურ გორაკს, რომელიც ცემენტისა და ხისგან აიგება და ფოლადის სვეტებით იქნება გამყარებული. ამ წერტილიდან ქალაქისა და თავად პარკის თვალწარმტაცი ხედით ტკბობა იქნება შესაძლებელი.
რენოვაციის დასრულების შემდეგ იპოდრომის პარკში საგანმანათლებლო ცენტრიც აიგება მედიათეკასთან ერთად, სადაც განთავსება ბიბლიოთეკა, საკითხავი დარბაზები და შეიქმნება საჯარო ლექციების ჩასატარებლად აუცილებელი სივრცე. ცენტრის ექსტერიერში შევხვდებით პარკს პატარებისთვის.
LAP Landscape & Urban Design-ის პროექტით იპოდრომის პარკში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილიდან მოსახვედრად აიგება პანორამული ხიდი, რომელიც ბევრად ამარტივებს პარკში მოხვედრას. ხიდიდან პანორამული ხედი გადაიშლება და როგორც არქიტექტურულ სტუდიაში აცხადებენ, ფოტოების გადასაღებად საუცხოო ლოკაციად იქცევა.
იპოდრომის პარკის განახლებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2022 წლის ზაფხულში იგეგმება.