ბელგიელი არქიტექტორის, ნატალი დებოელის შექმნილი ავეჯის პირველი კოლექცია “Nomand” ნაზი, ეფექტური და მინიმალისტური სტილის ავეჯისგან შედგება. ნივთები ისეა აწყობილი, რომ არ არის გამოყენებული ხრახნები და ჭანჭიკები.
დებოელის მიზანი იყო ესთეტიური დიზაინის მქონე ავეჯის შექმნა, რომელიც ამავე დროს იქნებოდა პრაქტიკული და ლამაზი. “ავეჯის ეს ელემენტები შექმნილია იმ პრინციპით, რომ თითოეული ნაწილი ჯდება ერთმანეთში და ადვილად იწყობა,” – ამბობს დიზაინერი.
ნატალი დებოელის ავეჯის დიზაინი, ოსტკერკში (Oostkerke) მდებარე სახლის პროექტირების დროს შეიქმნა. ბიბლიოთეკისთვის შეირჩა ხის თაროები, ცილინდრული ფორმის ბოძებით, რომელთა ინსპირაცია სასეირნო ჯოხისგან წამოვიდა. პანდემიის პერიოდში დიზაინერი ხშირად დადიოდა სხვადასხვა სოფელში და სწორედ აქ გაუჩნდა მას იდეა, შეექმნა სასეირნო ჯოხი, რომელიც ადამიანის თანამგზავრი გახდებოდა მოგზაურობის დროს.
აღნიშნული ელემენტის გამოყენებას ავეჯის დიზაინში საფუძველი დიზაინერის იდეამ ჩაუყარა. “ჩემს პროექტებში ვცდილობდი მშვიდი და დაბალანსებული ინტერიერის შექმნას, მაშინ როდესაც მე თვითონ მუდმივად ვმოძრაობდი. ლოქდაუნის პეროდში სახლში დიდი დროის გატარება მომიწია. ბუნებაში სეირნობამ დიზაინის სიმარტივის, მასალების ერთმანეთთან კავშირის შთაგონება მომიტანა,” – აღნიშნავს ის.
წიგნების თაროების გარდა, კოლექციაში ვხვდებით მართკუთხა და მრგვალ მაგიდებს, სავარძელსა და საწოლს. თითოეული ნაჭრისთვის შერჩეული მომრგვალებული ხის კომპონენტები, ხელით დამუშავებული, დახვეული ელემენტები ქმნიან მარტივი დიზაინის ულამაზეს ნივთებს.
კოლექციას არ აქვს დეკორატიული დეტალები. მხოლოდ წიგნების თაროების დიზაინშია გამოყენებული თითბერის დეტალი, რომელიც სიმაღლის დარეგულირებისთვის შეიქმნა. დებოელის კოლექცია მუხის და კაკლის ხის გამოყენებით კეთდება. დიზაინერი გეგმავს, სამომავლოდ სხვადასხვა მასალები გამოიყენოს. მისი თქმით, “თითოეულ მასალას აქვს საკუთარი ძალა და სახე, რაც გვაძლევს უსასრულო შესაძლებლობებს ახალი ავეჯის დიზაინის შესაქმნელად.”