ვილნიუსში, ლიეტუვაში მდებარე ამ სახლის რენოვაცია 2019 წელს ჩატარდა და მსოფლიო არქიტექტურული წრეების ყურადღებაც მალევე მიიპყრო. პროექტს „U36 House“ ეწოდება და მისი საერთო ფართობი 670 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
შენობას მდიდარი ისტორია აქვს. მე-19 საუკუნის შუა ხანაში ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინური ებრაული რელიგიური მოძრაობა ჩამოყალიბდა. ნაცისტების ოკუპაციის პერიოდში, 1941-1944 წლებში ვილნიუსის ერთ-ერთ მთავარ უბანში, უზუპისში მდებარე სინაგოგა განადგურდა და ებრაელები, ისევე, როგორც მათივე არქიტექტურა, იდევნებოდნენ. საბჭოთა მმართველობის ეპოქაში ეს მიტოვებული სალოცავი საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდა. ლიეტუვის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელიწადში ებრაეული მემკვიდრეობის შენობის გადაკეთება არქიტექტურულმა სტუდიამ, TRIMONIS architects-მა ითავა.
არქიტექტორების მთავარი მიზანი იყოშენობის ისტორიული ღირებულების აღდგენა ისე, რომ მის გარშემო მდებარე შენობებთან დიდი კონტრასტი არ ყოფილიყო და შექმნილიყო ერთიანი, ჰარმონიული სურათი. ამისთვის ექსტერიერში, ინტერიერსა და გეგმაში პროექტზე მომუშავეებმა გამოიყენეს მარტივი, ელემენტარული ფორმები.
შენობის რეკონსტრუქციაში გამოყენებულია მარტივი, ავთენტური მასალა, რომელიც ამ უბნისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, თიხის აგურები და თუნუქი, ეზო კი ქვითაა მოკირწყლული. აღსანიშნავია, რომ პროექტში გამოყენებული აგური ხელითაა დამზადებული ლიეტუვაში, არქიტექტორის მიერ მიწოდებული განზომილებების მიხედვით. აგურების ფერი მასზე მომუშავე პროფესიონალებმა წყლისა და ჭვარტლის ნაზავით მიიღეს. შენობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცემენტს, როგორც კონსტრუქციის მთავარ მასალას. პროექტში კედლები დაფარულია კირქვის პლასტირით, რათა შენობას ძველებური იერსახე მისცემოდა.
სახლის სარდაფი 3 ნაწილადაა დაყოფილი. აქ გვხვდება ხელოვნების გალერეა, ღვინის მარანი და კერძო სავარჯიშო დარბაზი საუნასა და აუზთან ერთად. პირველ სართულზე სამზარეულო და სასადილო ოთახია განთავსებული სივრცულ სასტუმრო ოთახთან და მისაღებ ჰოლთან ერთად. მეორე სართული საკმაოდ ფართოა – აქ 5 საძინებელი ოთახი ეტევა, ამიტომ სახლი იდეალურია დიდი ოჯახებისთვის.
ფოტოგრაფი: Leonas Garbaciauskas