ქართული არქიტექტურული კომპანიის, Progressive Planning-ის მიერ დაპროექტებული კერძო სახლი გარდა ვიზუალური ეფექტისა, ყურადღებას იმით იქცევს, რომ ის თავად სტუდიის დამფუძნებლების, მამა-შვილის – ირაკლი და საბა ლაზარიაშვილების – საკუთარი საცხოვრებელია. არქიტექტორების ოჯახურმა დუეტმა პროექტებზე თანამშრომლობის ნაყოფიერი გამოცდილების შემდეგ სტუდია Progressive Planning 2020 წლის დასაწყისში, თებერვალში დააარსა.
სახლი მცხეთაში, მდინარე არაგვის თვალწარმტაც მიდამოებში მდებარეობს. ნაკვეთის საერთო ფართობი 1200 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სახლის ფართი კი – 280 კვ/მ-ია. ნაკვეთი დამრეცი ტერიტორიით ხასიათდებოდა, ამიტომ არქიტექტორებმა ლანდშაფტიც დააპროექტეს და საერთო ჯამში, ის 4 ტერასად დაიყო. პირველ ტერასაზე შენობამდე მისასვლელი დეკორატიული მცენარეებით გამწვანებული წინა ეზოა განთავსებული, მეორეზე – თავად სახლი და საცურაო აუზი, მესამეზე – ხეხილის ბაღი, მეოთხეზე კი ყურძნის ვენახებს ვხვდებით. ასეთი დაყოფის საშუალებით ნაკვეთის ყველა წერტილი ხელმისაწვდომი და ათვისებულია.
საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ძველი ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქციას, რომლიდანაც დარჩა საძირკველი და ორი საყრდენი კედელი. არქიტექტორების ამოცანა იყო მშენებლობის რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულება, ამიტომ მათ აირჩიეს მეტალის კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია საინტერესო გადაწყვეტები ინტერიერშიც.
პროექტის ექსტერიერი და ინტერიერი ერთმანეთთან ლოგიკურადაა გადაჯაჭვული – ხე და ცემენტი გამოყენებულია ორივე მხარეს და ამით ქმნის ერთ საერთო სივრცეს. შენობა გარედან შეფუთულია აკვა-პანელითა და ლარქის ხის მასალით. ასევე გამოყენებულია დიდი ზომის ენერგო-ეფექტური, ალუმინის იზოპროფილის ვიტრაჟები. ამ მასალების კოლაბორაცია, გარდა ვიზუალური ეფექტისა, საერთო ჯამში, უზრუნველყოფს მაღალ სითბოსა და ხმის იზოლაციას, რაც მშვიდი ოჯახური დღეების გასატარებლად აუცილებელი წინაპირობაა.