in

რემონტის შეცდომები – ლაკო ბუკიას გამოცდილება

IPS
IPS

ბინა, რომელზეც დღეს დიზაინერი ლაკო ბუკია გვიამბობს, მის მეუღლეს ქორწინებამდე აჩუქეს, შემდგომ კი წყვილმა ის ერთად გაარემონტა პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით. როგორც ლაკო გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ ბინა ძალიან დახვეწილი და ელეგანტური გამოვიდა, მან მაინც ვერ იპოვა მასში საჭირო კომფორტი და საბოლოო ჯამში, ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. დღევანდელ რუბრიკაში დიზაინერი საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება და მის მიერ დაშვებულ რემონტის შეცდომებს გვიზიარებს:

შეცდომა #1: ნაკლები ჩართულობა პროცესში

“რემონტის დროს არ ვიყავი აქტიურად ჩართული სამუშაო პროცესში. ჩემ შემთხვევაში ამას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: ჩვენი ბინა მე-16 სართულზე იყო განთავსებული, რაც ბუნებრივია, ლიფტის გარეშე გადაადგილებას გამორიცხავს. მე კი კლაუსტროფობი ვარ და იმდენად მეშინია ჩაკეტილი სივრცეების, რომ მაქსიმალურად ვარიდებდი თავს რემონტის დროს იქ მისვლას და ლიფტით მგზავრობას. შედეგად კი მოხდა ისე, რომ სახლი არ გამოვიდა ჩემზე მორგებული და ჩემი გაგებით მყუდრო. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ აქტიურად იყოთ ჩართული რენოვაციის პროცესში, რადგან ინტერიერის ნებისმიერი დეტალი კონკრეტულად თქვენი საჭიროებების მიხედვით უნდა დაიგეგმოს.”

შეცდომა #2: არასწორად დაგეგმილი სივრცეები

“იმ დროს არ მიფიქრია, რომ მეტი ოთახი დამჭირდებოდა. მაშინ ახალ დაქორწინებულები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე და გვინდოდა მეტი გაშლილი სივრცე გვქონოდა, ამიტომ იზოლირებული ოთახების საჭიროება არ გავითვალისწინეთ. მომავალში კი, როდესაც შვილი შეგვეძინა, მივხვდით, რომ საერთო სივრცეების ქონა არც თუ ისე მოსახერხებელია. მიმაჩნია, რომ სწორი გეგმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ინტერიერზე მუშაობისას. სახლი არ არის სივრცე, რომელსაც 1-2 წლით ვიყენებთ, ეს არის მუდმივი საცხოვრებელი, სადაც ყველა დეტალი მისი ბინადრების კომფორტზე უნდა იყოს მორგებული”.

შეცდომა #3: არაიზოლირებული სამზარეულო

“მხოლოდ რემონტის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იზოლირებული სამზარეულოს ქონა. მიუხედავად იმისა, რომ მისაღებ ოთახთან გაერთიანებულ სამზარეულოს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, სხვა ბინაში მაინც ცალ-ცალკე გამოვყოფ ამ სივრცეებს. საერთო სამზარეულო და მისაღები ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ თითქოს ოთახი მუდმივად მოუწესრიგებელია”.

შეცდომა #4: სახლის ირგვლივ არსებული გარემოს უგულებელყოფა

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბინა ძალიან ლამაზი გამოვიდა, მხოლოდ იქ გადასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ეს არ კმარა კომფორტული ცხოვრებისთვის. აუცილებელია გარემოს გათვალისწინებაც. ეს შეიძლება იყოს სახლის მდებარეობა, კორპუსის სიდიდე, შიდა ეზოს არსებობა და სხვა ბევრი დეტალი. ჩემ შემთხვევაში, გარიკვა, რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია ჩემთვის და იმდენად გამიჭრდა იქ არსებულ გარემოსთან შეგუება, რომ სხვა სახლში გადასვლა მომიწია”.

ვარდისფერი სახლი პორტუგალიაში – Mezzo Atelier-ის პროექტი

არასწორად დამონტაჟებული ფანჯრებით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები