ქართველი არქიტექტორი, ქეთუნა ყრუაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჟურნალის, dezeen-ის წლევანდელი დაჯილდოვების ჟიურის წევრი იქნება.
ქეთუნა არქიტექტურული სტუდია NOAstudios-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და პორტუგალიაში ფუნქციონირებს და მუშაობს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე.
dezeen ყოველწლიურად ატარებს დაჯილდოვების ცერემონიას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული წამყვანი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები უძღვებიან და არჩევენ იმ წელს განხორციელებულ საუკეთესო არქიტექტურულ – დიზაინერულ პროექტებს, გამორჩეულ სტუდიებსა და ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს.
გამარჯვებული პროექტები თუ ინდივიდები dezeen-სგან დაჯილდოვდებიან სერთიფიკატითა და საპატიო თასით, თუმცა მთავარი პრიზი იმ აუდიტორიასთან წვდომაა, რომელიც ჟურნალს გააჩნია – dezeen-ის პლატფორმა გამარჯვებულ პროექტებსა თუ არქიტექტორ/დიზაინერებს საზოგადოებას წარუდგენს და მნიშვნელოვან რეკლამას გაუკეთებს.
2021 წელს dezeen-ის მეოთხე დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება.