საბავშვო ოთახი ის ადგილია სადაც ბავშვი უმეტეს დროს ატარებს. ამიტომაც მშობლებმა პირველ რიგში, ამ ოთახის ეკოლოგიაზე უნდა იზრუნონ. მნიშვნელოვანია სწორი, ჯანსაღი სუფთა მასალებისა და ავეჯის არჩევა. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვის ოთახისთვის ეკოლოგიური მასალების არჩევაში დაგეხმარებათ.
ფანჯრები
თანამედროვე ფანჯრის ჩარჩოების არჩევანი საკმაოდ დიდია, საბავშვო ოთახში აუცილებელია მეტალოპლასმასის ფანჯრებს ვენტილაცია ჰქონდეს. ზოგიერთი მოდელის კონსტრუქცია სავენტილაციო ნახვრეტებს ითვალისწინებს, რომლებიც ოთახში სუფთა ჰაერს ატარებს, ხოლო სითბოს კი გარეთ არ უშვებს. თუმცა, ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა მასალად მაინც ხე რჩება.
იატაკი
იატაკისთვის არ შეიძლება ისეთი მასალების არჩევა, რომლებსაც მძაფრი ქიმიური სუნი აქვთ. უხარისხო ლამინატი და ლინოლეუმი ექსპლუატაციის დროს ფარმალდეგიდს გამოყოფს, რომელიც მუდმივი თავის ტკივილის გამომწვევია. ხარისხიანი მასალები ყოველთვის ძვირი ღირს. ყიდვის დროს არ დაგეზაროთ მასალის უსაფრთხოების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის შემოწმება. საბავშვო ოთახის იატაკისთვის პრაქტიკულ გადაწყვეტილებად ნატურალური მასალისგან დამზადებული “კოვროლინი” (რბილი იატაკი) შეიძლება იქცეს. ის არ დაელექტროვდება, იქნება რბილი და ადვილად გასაწმენდი. თუმცა, საუკეთესო ვარიანტია ხე და კორპი, ვინაიდან დამტკიცებულია, რომ ნატურალური ხე დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. კორპის იატაკი თბილი და რბილია, ფლობს ნატურალური ხის ყველა დადებით თვისებას.
ხალიჩა
საბავშვო ოთახში ხალიჩის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ არა მარტო მასალას, არამედ ბეწვის სიგრძეს. ხალიჩა ძლიან გრძელი ბეწვით ძნელად იწმინდება და აგროვებს მტვერს, რამაც ალეგრიუი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს.
კედლები
ყველამ კარგად ვიცით ბავშვების კედლებზე ხატვისადმი მიდრეკილება, ამიტომაც საბავშვო ოთახის კედლები ეკოლოგიურობასთან ერთად, ადვილად გასაწმენდი უნდა იყოს. აქ უმჯობესია უპირატესობა წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავებით კედლების ჩვეულებრივ ღებვას მივანიჭოთ. მას არ აქვს არასასიამოვნო სუნი და მალე შრება. აკრილის საღებავი საბავშვო ოთახში არ გამოიყენება, ვინაიდან შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. შპალერის შემთხვევაში, უპირატესობა ჩვეულებრივ ქაღალდს ენიჭება. ის ადვილად წებდება და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. რა თქმა უნდა, წებოც შესაბამისად ეკოლოგიური უნდა გამოვიყენოთ.
საყურადღებოა თანამედროვე ფლიზელინის შპალერი, რომელიც ეკოლოგიურობაში ქაღალდს არ ჩამოუვარდება, ამავე დროს ის არ იჩერებს მტვერს და კარგად ირეცხება.
ჭერი
ჭერი შესაძლებელია ნებისმიერი იყოს, თუმცა მრავალდონიანი კონსტრუქციები ძნელი საწმენდია და შეიძლება მტვრის კერად იქცეს. საუკეთესო საშუალება წყალემულსიური საღებავით ღებვა და შეთეთრებაა.
ავეჯი
საბავშვო ოთახისთვის უმჯობესია ნატურალური ხის ავეჯი ავირჩიოთ. ეს შედარებით ხარჯიანია, მაგრამ ზოგიერთი იაფფასიანი მასალა, როგორიცაა „მდფ“ და „დსპ“, შეიძლება ექსპლუატაციის დროს მავნე ნივთიერებების გამომყოფი გახდეს. ამიტომაც საბავშვო ოთახის მასალის არჩევის დროს ეკონომია არ ღირს. თანამედროვე ეკოლოგიური მასალების იაფი ანალოგები შესაძლებელია ალერგიული რეაქციებისა და სასუნთქი გზების დაავადების მაპროვოცირებელიც გახდეს.
გახსოვდეთ, მასალების არჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.