სამკაულის, სუნამოსა და, რაც მთავარია, ინტერიერის დიზაინის განუყოფელი, მაგიური ავეჯისა და სხვადასხვა ნივთების მწარმოებელი ლეგენდარული კომპანიის სახელი „ლალიკი“ (Lalique) ბრწყინვალების, შეუდარებლობის სინონიმადაა დამკვიდრებული. თუმცა, საერთაშორისო ბრენდად ჩამოყალიბებამდე ლალიკი ერთი კაცის გვარი იყო, რომლის შემოქმედებითმა გენიამ დროის გამოცდას გაუძლო და დღემდე ახერხებს ჩვენს გაოცებას.
რენე ლალიკი (René Lalique) 1860 წელს დაიბადა მარნის რეგიონში, საფრანგეთში, პატარა მამულში. მოგვიანებით ლალიკების ოჯახი მარნიდან პარიზში გადასახლდა, თუმცა ამ ადგილის ეშხი და მასთან დაკავშირებული ნოსტალგია რენეს მუდამ თან სდევდა – ის ხშირად ბრუნდებოდა მარნში და მისი დამატყვევებელი სილამაზისგან შთაგონებას იღებდა, რისი შემჩნევაც მარტივია მის შექმნილ შედევრებში.
მამის გარდაცვალების შემდეგ ლალიკი შეგირდად მიებარა ცნობილ პარიზელ ოქრომჭედელს, ლუი ოკოკს (Louis Aucoc), რის პარარელურადაც ის პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. საფრანგეთში განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდა რენემ ორი წელი ინგლისში დაჰყო, სადაც კიდევ 2 წლის განმავლობაში ეუფლებოდა თავის ხელობას.
1885 წელს, მას შემდეგ, რაც რენე ლალიკმა სახელი მოიხვეჭა, როგორც Jacta-ს, Cartier-ისა და Boucheron-ის დამოუკიდებელმა დიზაინერმა, მან საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა და ასე დაედო სათავე ბრენდი René Lalique-ის თავბრუდამხვევ ისტორიას.
Lalique-ს ავეჯი და დეკორაციები
რამდენიმე წლის განმავლობაში ლალიკი მონოპროფილურ საქმიანობას ეწეოდა და მხოლოდ სამკაულებს ქმნიდა ერთგული მომხმარებლისთვის, თუმცა მალე გადავიდა მინასა და მინანქარზეც. ლალიკი, რომელიც უპირობო გენიოსად იყო აღიარებული თავის თანამედროვეებშიც, ახალ-ახალ ასპარეზებს იპყრობდა – ცნობილია მისი გამონათქვამი, რომ მისი ცხოვრებისეული მიზანი აქამდე არარსებულის შექმნა იყო. მეოცე საუკუნის დასაწყისში ლალიკის ფენომენით მთელი მსოფლიო იყო შეპყრობილი, საზოგადოების მაღალი ფენების წარმომადგენლები მუდამ მას უკვეთავდნენ თანამედროვე სამკაულს. ხელოვანი 1900 წელს ფრანგული ლეგიონის ღირსების ორდენითაც დაჯილდოვდა.
მალე ლალიკმა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ბაზარზეც შეაბიჯა. 1929 წელს მან Côte d’Azur Pullman Express-ის ვაგონების დიზაინზე იზრუნა, რომელიც მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ნამუშევარია.
ამას მოჰყვა ლალიკის მიერ ისეთი საქვეყნოდ ცნობილი დიზაინის დეტალების შექმნა, როგორიცაა პრინცი იასუშიკო ასაკას ტოკიოში მდებარე რეზიდენციის მინის კარები, შანზ-ელიზეს გალერიის შადრევანი, ძვირადღირებული, ექსკლუზიური ლაინერის, Normandie-ს სასადილო დარბაზები და ა.შ.
რენე ლალიკი 1945 წელს გარდაიცვალა, თუმცა ბრენდი განვითარებას არ წყვეტს და მომხმარებელს მუდამ ახალ-ახალი კოლექციებით ანებივრებს, რომლებიც ერთდროულად თანამედროვე ტრენდებსაც უწყობს ფეხს, თუმცა არ კარგავს კავშირს ფესვებთან, ისტორიასთან, რომლის შექმნას რენემ მთელი ცხოვრება შეალია.
2011 წელი „ლალიკის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ წელს პუბლიკამ არტ დეკოს მიმდინარეობით შთაგონებული ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა დეკორაციების კოლექცია „Lalique Maison“ იხილა, რომელიც ისეთი ცნობილი დიზაინერების კოლაბორაციით იყო შექმნილი, როგორებიც არიან ლედი ტინა გრინი (Lady Tina Green) და პიეტრო მინგარელი (Pietro Mingarelli).
Lalique-ს პროდუქცია
Lalique მსოფლიო ასპარეზზე პროდუქციის მომაჯადოვებელი არტ დეკოსეული ვიზუალით გამოირჩევა, თუმცა ის, რაც ბრენდს ჭეშმარიტად უნიკალურს და განუმეორებელს ხდის, ნივთების დამუშავების ტექნიკაა. Lalique-ში ნივთები ხელით მზადდება ოსტატების მიერ, რომელთა შორის შვიდი საფრანგეთის საუკეთესო ოსტატთა შორისაა დასახელებული. ბრენდის პროდუქცია რენე ლალიკის მიერ შემუშავებული “ცივი მინის” რთულ, მრავალეტაპიან ტექნიკას დღემდე იყენებს და ტრადიციებს არ უხვევს, რათა მომხმარებელს საუკეთესო ხარისხი შესთავაზოს.
მსოფლიო ინტერიერისა თუ ძვირფასეულობის შემსწავლელთა აზრით, რენე ლალიკის საუკუნოვანი ბრენდი არტ დეკოს პერიოდიდან “ფრანგული გემოვნების” ფენომენის პოპულარიზაციასა და უფრო ფართოდ დამკვიდრებაში უდიდეს როლს თამაშობს.
საქართველოში Lalique-ს პროდუქციის შეძენა Wedgwood Showroom-შია შესაძლებელი, რომელიც ილია ჭავჭავაძის #8-ში მდებარეობს.