ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს და ეს პროცესი ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. უხარისხო მატრასზე გამოძინება რთულია და ხშირ შემთხვევაში, წელისა და სახსრების ტკივილი სწორედ მისგან დაგროვილი უარყოფითი ეფექტია. თანამედროვე ბაზარზე მატრასების საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს და სწორედ ამიტომ, სწორი არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. ამასთან დაკავშირებით, დღეს შევეცდებით რამდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ, რომლებიც თქვენთვის საუკეთესო მატრასის შერჩევაში დაგეხმარებათ.
1.შეისწავლეთ მატრასის მუშაობის პრინციპი
იმისთვის, რათა ორგანიზმმა ძილის დროს მაქსიმალურად დაისვენოს, კეფის, წელისა და კანჭების არეში დაძაბვის კერები არ უნდა არსებობდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2 საწოლიანი მატრასის მეორე მხარეს მწოლიარე ადამიანის ყოველი გადაბრუნება ყოველ ჯერზე არ “გვაზანზარებდეს”. ეს საკითხი ნაწილობრივ დიდი ხნის წინ მოგვარდა ზამბარებიანი მატრასის გამოგონებით. თუმცა, თუ ეს ზამბარები ერთმანეთთან დაკავშირებულია (ბიუჯეტურ ვერსიებში დღემდე გვხვდება), ვიბრაციის გადაცემის ეფექტი ამ შემთხვევაში მაღალი იქნება.
დამოუკიდებელი მოდულური ზამბარების პირობებში ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. სტანდარტულ მატრასში 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 250 ზამბარაა, უფრო ხარისხიან ვერსიებში კი 500 და 900-იც კი. რაც მეტია ზამბარების რიცხვი, მით მეტია ხარისხი და ფასიც. დაიმახსოვრეთ: საუკეთესო ხარისხის ორთოპედიული მატრასი აუცილებლად ზამბარებიანი უნდა იყოს.
2. დააკვირდით მატრასში გამოყენებულ შემავსებლების ტიპს
არანაკლებ მნიშვნელოვანია რა შემავსებელი არის გამოყენებული მატრასში, ანუ რა მასალის ფენაა გადაფარებული ზამბარებზე. ძალიან კარგია ბუნებრივი ლატექსი, ქოქოსის ბოჭკო და ე.წ. „მემორისები“ – თანამედროვე მასალები, რომლებიც წონისა და ტემპერატურის ზემოქმედების მიხედვით სხვადასხვანაირი სიმკვრივის ხდება. ამ თვისების წყალობით, მატრასი მენჯის ადგილზე უფრო რბილდება და ჩადის, ხოლო წელის ადგილი შედარებით მკვრივი რჩება. ამგვარად სხეულის წონა ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება, წყალში ლივლივის ეფექტს ღებულობს და მასში დაძაბვის კერები აღარ წარმოიქმნება.
3. ყურადღება მიაქციეთ მატრასის სიმტკიცეს
როცა მეტნაკლებად გავერკვიეთ ხარისხიანი მატრასის მუშაობის პრინციპსა და გამოყენებულ მასალებში, ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს ინდივიდუალურ მახასიათებლებს. გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე კომფორტულად საშუალო და საშუალოზე მეტი სიმტკიცის მატრასი ითვლება. თუმცა, მატრასი თქვენ უნდა გამოიყენოთ და შესაბამისად, მნიშვნელოვანია წამოწვეთ და დააკვირდეთ საკუთარ შეგრძნებებს. სხეული მთლიანად უნდა ჩაეფლოს მატრასში და არ უნდა არსებობდეს თავისუფალი სივრცეები კეფის, წელისა და ქუსლების მიდამოებში. ასევე მატრასზე თქვენი მოძრაობით გამოწვეული ვიბრაციის ეფექტი მინიმალური უნდა იყოს გვერდით მწოლიარესთვის. დანარჩენი კი თქვენი პირადი გემოვნების საკითხია.
4. დააკვირდით რა მასალისგან არის დამზადებული მატრასის გადასაკრავი
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია, ვინაიდან უხარისხო მატრასის პირი შეხებითაც არასასიამოვნოა და ამას გარდა, ის ვერც “სუნთქავს”. ამ ტიპის გადასაკრავი შეიძლება ოფლიანობის მიზეზი გახდეს, რაც არამხოლოდ უბრალო დისკომფორტია, არამედ ჯანმრთელობის პრობლემის გამომწვევი მიზეზიც (განსაკუთრებით საშიშია სახსრებისა და წელისთვის). შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ მატრასის პირი იყოს ნატურალური და ადვილად მოსავლელი.