ამ ბინის საერთო ფართობი 95 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მისი ფანჯრები ცენტრალურ მოედანზე გადის, სადაც მუდამ კულტურული სიცოცხლე დუღს. ფრანგული კულტურისა და პარიზის დიდ გულშემატკივარს, ბინის მეპატრონეს, მყუდრო, ფრანგულ ინტერიერში ცხოვრება სურდა. მისი სურვილების ასრულება პოლონური სადიზაინერო სტუდიის ხელმძღვანელმა – კატაჟინა შოსტაკოვკამ ითავა.
მფლობელს ასევე ელეგანტურობისა და არისტოკრატიულობის, მყუდრო საშინაო ატმოსფეროსთან შეთავსებაც სურდა. ამიტომაც ბინა თბილ, ჩამქრალ ფერებშია შესრულებული: ყავისფერი და ბეჟი ელფერები აქ თეთრ და ოქროსფერ აქცენტებთანაა შერწყმული.
შემოსასვლელი სამზარეულოს, სასადილოსა და სასტუმრო ზონებისგან გამჭირვალე შუშის ტიხრითაა გამოყოფილი, რისი წყალობითაც აქ დამატებითი ბუნებრივი შუქი ხვდება. სამზარეულო სასტუმრო ოთახისგან მომცრო ბარის მეშვეობითაა გამოყოფილი. იატაკზე პრიალა ფილაა დაგებული, ხოლო სასტუმრო და სამზარეულო ოთახებში კლასიკური ნაძვისებრი წყობით დაგებული მუხის მუქი პარკეტი გვხვდება.
სამზარეულოს უჩვეულო სამკუთხა ფორმა, რომელიც კუთხეში პატარა ფანჯრით ბოლოვდება, დიზაინერისათვის სერიოზული პრობლემა იყო. ამ სივრცის განათებისა და ვიზუალური ზრდისთვის აქ დიდი სარკე დაკიდეს. ამ მარტივმა გადაწყვეტილებამ სამზარეულო კუთხე თითქმის ორჯერ გაზარდა და გაცილებით ნათელი გახადა.
ბინაში თვალისთვის ბევრი მიმზიდველი დეტალია. შემოსასვლელში ეს “Kare Design”-ის მიერ დამზადებული „Hologram“-ის ოქროსჩარჩოიანი ასიმეტრიული სარკეა, ასევე ავანგარდულ სფეროსებრ ფეხზე შედგმული ბარტოშა ბანასიკის (Bartosza Banasika) მარმარილოს ბიუსტი.
ყველაზე მყუდრო ადგილი, რა თქმა უნდა, საძინებელია, რომელიც ასევე თბილ კრემის ფერებშია შესრულებული. მთავარი ადგილი საწოლისთვისაა გათვალისწინებული. მის გვერდით მხატვარ ალექსანდრა პრისინოვსკაიას (Aleksandra Prusinowskie) გრაფიკული ნაშრომი დგას.
დიზაინერი კატაჟინა შოსტაკოვსკა
ფოტოები: იასენ ხრისტოვ