მიუხედავად იმისა, რომ პარიზული არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და ესთეტიკა ბევრმა შეიძლება ბანალურად და კლიშედ მიიჩნიოს, ფაქტია, რომ “სინათლის ქალაქის” სასახლეები, მუზეუმები თუ სახლები მსოფლიო აქტუალობას არასდროს კარგავენ, ვითარდებიან, დროს ფეხს უწყობენ და ამიტომ მუდამ შთამაგონებელნი არიან.
წარმოგიდგენთ 5 პარიზულ სახლს, რომელიც ნამდვილად მიგახვედრებთ, რატომ ჰყავს ფრანგულ სტილს ამდენი თაყვანისმცემელი:
1. განახლებული ისტორიული ბინა სენას მარჯვენა სანაპიროზე
პარიზის პირველი რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მონმარტრის კარიბჭესთან მდებარე ამ ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ბინაში დღესდღეობით ახალგაზდა წყვილი, ემილი ბრიანდი და გიომ მულტრიერი ბინადრობენ და მისი ინტერიერიც საკუთარ გემოვნებასა და ცხოვრების სტილს მოარგეს.
ფოტოგრაფი: Birgitta Wolfgang.
2. “კრისტიან ლაკრუას” (Christian Lacroix) კრეატიული დირექტორის ბინა
საშა ვალკჰოფი (Sacha Walckhoff) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის ბრენდის კრეატიული დირექტორია, ამიტომ სამართლიანად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი პარიზული ბინა მომნუსხველი იქნება. მართლაც – პარიზის მეათე რაიონში მდებარე ბინა 80-იანების სტილისა და თანამედროვე ტრენდების საოცარ ნაზავს წარმოადგენს.
ფოტოგრაფი: Francis Amiand
3. ფრანგი ინტერიერის დიზაინერის ელეგანტური აპარტამენტი
პარიზის მეცხრე რაიონში მდებარე ეს ბინა ფრანგ ინტერიერის დიზაინერსა და ხელოვნების კურატორს, ემილი ბონავენტურს (Emilie Bonaventure) ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ბინა ძალიან ჩვეულებრივი, უსახური და არაფრით გამორჩეული იყო, თუმცა 800 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცის პროფესიონალის მიერ დაპროექტებამ ის რადიკალურად შეცვალა და ჭეშმარიტად პარიზული სული ჩაჰბერა.
ფოტოგრაფი: Nicolas Mathéus
4. პარიზულ ბინაში გაცოცხლებული არტ დეკო
ეს საოცარი ბინა პარიზის დასავლეთ ნაწილში, Neuilly-sur-Seine-ად წოდებულ გარეუბანში მდებარეობს. ბინის მთავარი ღირსება, მისი თავბრუდამხვევი ინტერიერის დიზაინის გარდა ისაა, რომ სწორედ ამ უბანში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული ფრანგები – ედიტ პიაფი, ახალი ტალღის კინოს სულისჩამდგმელი ფრანსუა ტრუფო, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, მხატვარი მარსელ დუშამპი და სხვა უამრავი ლეგენდარული პიროვნება, რის გამოც Neuilly-sur-Seine-ს “წარმატების მისამართს” უწოდებენ.
ფოტოგრაფი: Matthieu Salvaing
5. კოკო შანელის სახლი კამბონის ქუჩაზე
კოკო შანელი მოდის გარდა, ინტერიერის დიზაინის დიდი სიყვარულითაც იყო ცნობილი. ის სახლი, რომელშიც ლეგენდარული დიზაინერი 1971 წლამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, დღემდე უცვლელია და საზოგადოებისთვის დახურულია. შანელის სახლის უნიკალურმა, მაქსიმალისტურმა დიზაინმა ბევრ ტრენდს დაუდო სათავე, თუმცა ის დეტალი, რომელიც არქიტექტურულ წრეებში დღემდე იწვევს აღფრთოვანებას, შანელის გამაოგნებელი, სარკეებიანი კიბეა.
ფოტოგრაფი: Felix Forest