რემონტის საკუთარი ხელით გაკეთება და ინტერიერის დიზაინის შექმნა პროფესიონალის დახმარების გარეშე ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. რენოვაციის გამოცდილების მქონე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გირჩევთ, რომ აიყვანოთ ხელოსნები და დიზაინერები, რომლებიც თქვენი ბინის კეთილმოწყობაში დაგეხმარებიან, თუმცა არსებობენ ისეთი ენთუზიასტები, რომლებიც ამ პროცესს თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე უძღვებიან. სწორედ ასეთია დაჩი აბსანძე, რომელმაც თავისი ბინის ინტერიერის ყოველი დეტალი, რემონტის ჩათვლით, თავად შექმნა. homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:
-გვიამბეთ იმ პირველ ნაბიჯებზე, რომლებიც ბინის რენოვაციისას გადადგით – საიდან დაიწყო ყველაფერი?
– მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ახალ სახლში გადასვლა, მაშინვე დავიწყე მასალების მოძიება და შეძენა, რადგან ჩაფიქრებული მქონდა, რომ ინტერიერის დიზაინი მეორადი მასალებით შემესრულებინა. ასეთი მასალებია ინდუსტრიული შუშის ბლოკი, ნაშალი აგური და ხის მასალები, რომელთა მოძიებას დრო სჭირდებოდა. ამის შემდეგ უშუალოდ სარემონტო სამუშაოებზე გადავედი.
– როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ თავად განახორციელეთ სარემონტო სამუშაოები საკუთარ ბინაში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების, განწყობებისა და წარმოდგენების გაზიარება ხელოსნებისთვის არც თუ ისე მარტივია და რიგ შემთხვევებში, ხელოსნებისგან იმედგაცრუებულიც დავრჩენილვარ, გადავწყვიტე, მათთვის თანხის გადახდის ნაცვლად ამ ღირებულების შესაბამისი პროფესიონალური ინსტრუმენტები შემეძინა და ყველაფერი საკუთარი ხელით, დამოუკიდებლად მეკეთებინა. ამავდროულად, არც დიზაინერის დაქირავებაა იაფი სიამოვნება. მითუმეტეს, ამ საქმეში საკუთარი უნარ-ჩვევები და ზოგადი გამოცდილებაც მიწყობდა ხელს. სარემონტო სამუშაოების პერიოდში ბევრ ისეთ საქმეს წავაწყდი, რისი ცოდნაც არ მქონდა, თუმცა არც ეს გამხდარა პრობლემა და კონკრეტული საკითხების თაობაზე საჭირო ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიძიებდი.
– თქვენ არ გაქვთ პროფესიონალური განათლება ინტერიერის დიზაინის კუთხით. როგორ მიიღეთ ცოდნა და ინფორმაცია ამ დარგში, რომელიც თქვენი ბინის საკუთარი ხელით განახლებისას ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა?
-დიახ, პროფესიონალური განათლება არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა და არაფორმალური გზებით (ინტერნეტის საშუალებით) ვცდილობდი ინფორმაციის მოძიებას. გარდა ამისა, პროფესიით კერამიკოსი გახლავართ (ასევე, არაფორმალურად მიღებული განათლებით) და ამ სფეროში მუშაობისას ძალაუნებურად ბევრ სხვა ხელსაქმესაც სწავლობ, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრო სისტემები, ხესთან/ქვასთან მუშაობა და ა.შ. ასევე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უკვე გამომუშავებული მქონდა ის სხვა უნარ-ჩვევები, რომლებიც დიზაინის შექმნაში დამეხმარა, მაგალითად, ფერთა პალიტრის აღქმა/შეხამება, კომპოზიციის განაწილება, ხელოვნური განათების სწორად დაგეგმვა და განაწილება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინში. აქედან გამომდინარე, რენოვაცია საერთოდ არ გამჭირვებია.
-გვიამბეთ თქვენს სახლზე. როგორი იყო ის განახლებამდე, რა მთავარ გამოწვევებს წააწყდით მისი რენოვაციისას?
– სახლი შავი კარკასის მდგომარეობაში შევიძინე. შემდგომ მასში არსებული ყველა კედელი მოვხსენი, რადგან პირვანდელი განლაგებით ოთახები ძალიან ჩაბნელებული იყო.
ბინას მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, ამიტომ ნახაზის შედგენისას ოთახების წყობა დავგეგმე ისე, რომ ერთი ფანჯრიდან შემოსული ბუნებრივი განათება მთელ სახლში განაწილებულიყო. ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დავდექი. პირველი იყო არასაკმარისი განათება, რაც შემდეგნაირად გადავწყვიტე – საძინებელსა და ძირითად ოთახს შორის შუშის ტიხარი გავაკეთე, რადგან მხოლოდ საძინებელში მაქვს ფანჯარა, ძირითად ოთახში კი ბეტონის ერთი კედელი მთლიანად შუქამრეკლი მეტალის ეფექტის საღებავით შევღებე, რათა შემოსული განათება ოთახში გადანაწილებულიყო. მეორე გამოწვევა ფართის სიმცირეს უკავშირდებოდა, რომელთან გასამკლავებლადაც ტიხრებად გამოვიყენე რიგ შემთხვევაში კარადები სათავსოებისთვის და რიგ შემთხვევაში თაროები წიგნებისთვის.
-როგორც ახსენეთ, თქვენი ბინა ერთი ფანჯრით ნათდება და საკმაოდ ბნელია. მიუხედავად ამისა, ინტერიერში მუქ ტონალობებშია გადაწყვეტილი. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რამდენად პრაქტიკული აღმოჩნდა ის?
– ზოგადად, ღია ფერები ოთახს მეტად ნათელს აჩენს, მაგრამ ხანდახან გარკვეულ კომპრომისებზე გვიწევს წასვლა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. შავი ფერის კედლები ფონად ავიღე და შემდეგ უკვე ამ ფონს დავუპირისპირე სხვა კონტრასტული ფერები, როგორებიცაა მწვანე იატაკი, ყვითელი კედელი ან ლურჯი მაგიდა (რომლის ინსპირაცია ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა იყო). ეს ერთგვარი მხატვრული ხრიკია, რის შედეგადაც თვალით შავ ფონზე ფერების შეგრძნება/აღქმა უკეთ ხდება. ამავდროულად, ჩემი აზრით, სახლი მოსასვენებელი ადგილი უნდა იყოს, თეთრი და ღია ფერები კი სიფხიზლეს იწვევს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, ერთმანეთისთვის შემერწყა შავი კედლები და ღია ფერების კომბინაცია, რათა სიმშვიდესა და სიფხიზლეს შორის ბალანსისთვის მიმეღწია. ამ ყველაფერს სწორად განაწილებული განათების რამდენიმე დონეც მივახმარე და ვფიქრობ, რომ ამ დიზაინმა გაამართლა.
-თქვენი ბინა ეკომეგობრულია. რა საშუალებებით მიაღწიეთ ამ მიზანს?
– პირველ რიგში, ბინა ეკომეგობრულია, იმიტომ, რომ ჩვენ ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე ვთქვით უარი და გასათბობად შევარჩიეთ სითბური ტუმბო, რომელსაც აქტიურად იყენებენ ევროპის რიგ ქვეყნებში და რომელიც ერთ-ერთ ინოვაციურ ეკომეგობრულ ტექნოლოგიად ითვლება. ასევე, კედლები და იატაკი დამატებით დავათბუნე სხვადასხვა მასალით, რომლებსაც აქვს თბოიზოლაციის ეფექტი, როგორებიცაა შუშის ბლოკი და XPS გარე პერიმეტრის კედლებზე და იატაკქვეშ, ხოლო ბინების შიდა გამყოფ კედლებს შორის აგურის დამატებითი ფენა, რომელიც ასევე ინტერიერის დიზაინის დეტალის როლსაც ასრულებს. ასევე, დავამონტაჟეთ „პრანას“ რეკუპერატორი, რომელიც ანიავებს ბინას ენერგო დანაკარგების გარეშე და ასევე, შემოსულ ჰაერს ასუფთავებს ქალაქისთვის დამახასიათებელ ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებებისაგან. და ბოლოს, ყველა საოჯახო ტექნიკა, რომლებსაც ვიყენებთ, ენერგო ეფექტურია.
-თქვენ ახსენეთ სითბური ტუმბო, გათბობის საშუალება, რომლის წყალობითაც ბინა ენერგოეფექტური ხდება და ბუნებრივი აირის მოხმარებას აუცილებლობას უკარგავს. გვიამბეთ გათბობის ამ სისტემაზე.
– სითბური ტუმბო არის მოწყობილობა, რომელიც იღებს სითბოს გარემოდან და შემდგომ სახლში სხვადასხვა გზით შემოაქვს. არსებობს ოთხი ტიპის სითბური ტუმბო. მათ შორის ყველაზე ეფექტური არის გეოთერმული სითბური ტუმბო. მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ეს მოწყობილობა გარემოში არსებულ სითბოს გარე თბომცვლელისგან იღებს და კომპრესორის მეშვეობით ფრეონით შიდა თბომცვლელში გადააქვს, საიდანაც უკვე სითბო სახლში ნაწილდება (იქნება ეს რადიატორები, ფანკოილი თუ თბილი წყალი ონკანში). ერთი კილოვატი ენერგიის მოხმარების შემთხვევაში სითბური ტუმბო სამ კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს. ენერგია ფაქტობრივად სითბოს გადაზიდვაში იხარჯება და არა პირდაპირ წვაში. სწორედ ამიტომ არის ეს მოწყობილობა ეკომეგობრული. საქართველოში ამ მოწყობილობით თბება იუსტიციის სახლი, რომელიც სითბოს მტკვრიდან იღებს და, ასევე, “ზედაზნის” ქარხანაც ამ ტექნოლოგიას იყენებს.
ჩვენ ეს ტუმბო საფრანგეთიდან ჩამოვატანინეთ, თუმცა ახლა უკვე გაჩნდა ბაზარზე შემომტანი კომპანიები.
-რა რჩევას მოგვცემდით მაქსიმალურად ენერგოეეფექტური ბინის მოსაწყობად?
– ენერგოეფექტურობის მიღწევა, პირველ რიგში, შესაძლებელია სახლის დათბუნებით და სითბოს გაფანტვის შეკავებით, რათა მინიმალური იყოს ენერგო დანაკარგი. ამის მიღწევა კი მხოლოდ თბოიზოლაციური მასალებით არის შესაძლებელი, რაც მრავლად არის წარმოდგენილი ბაზარზე. იქნება ეს იქსპიესი (XPS) , ქვა-ბამბა, პენოპლასტი თუ სხვა რამ. ყველა მასალას თბოიზოლაციის საკუთარი პარამეტრები გააჩნია, რისი შესწავლაც დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი. სწორად დაგეგმილი დათბუნება რიგ შემთხვევებში ანახევრებს კიდეც ენერგიის დანახარჯს. როგორც ვიცი, ეკოლოგიურად სუფთა ბაზალტის ქვა-ბამბაც კი იწარმოება საქართველოში, რომლის დიდი ნაწილი ევროპულ ბაზარზე გადის. მოკლედ, ამ მხრივ მხოლოდ მონდომება, სურვილი და იმის გააზრებაა საჭირო, რომ თუ ენერგოეფექტურ სახლს ავაშენებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოგებულები დავრჩებით ფინანსურად და, ასევე, ნაკლები ენერგიის დახარჯვით გარემოსაც გავუფრთხილდებით.
-ვისაუბროთ სახლში ელექტრობის გაყვანაზე – როგორ მოახერხეთ მისი გაყვანა თქვენივე ხელით, რისი ცოდნაა აუცილებელი ამ მხრივ თქვენი აზრით?
– ამ მხრივ მეტ-ნაკლებად მქონდა თეორიული ცოდნა და საბაზისო პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ რადგან ბინაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უნდა მეცხოვრა, გადავწყვიტე, ცოდნა გამეღრმავებინა, რაშიც youtube დამეხმარა და ძალიან ბევრი, ჩემთვის უცნობი რამ აღმოვაჩინე. უსაფრთხოების წესების შესწავლა და მისი დაცვა ამ სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია (იმის ფიქრი და დაშვება, რომ “ჩვენთან ხანძარი არ გაჩნდება” ან “ამ სიმაღლეზე ბავშვს რა უნდა”, არ მგონია სწორი). ასევე, მნიშვნელოვანია ცენტრალური გამანაწილებელი კოლოფის სწორად მოწყობა, რათა დატვირთვა ყველა ოთახზე და ელ-მოწყობილობაზე თანაბრად გადანაწილდეს. ყველას ვურჩევდი, რომ დააყენონ ეგრეთ წოდებული „უზო“, რაც იცავს ადამიანს დენის დარტყმისგან და ავტომატურად თიშავს ძაბვას მისი გაჟონვის შემთხვევაში. საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემაცაა, მაგრამ ყველაფერზე დეტალურად საუბარი რთულია.
-რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც თავად აპირებენ საკუთარი ბინის რენოვაციას?
– ვურჩევდი, რომ ბინის დაგეგმარებისას გაითვალისწინონ საკუთარი ცხოვრების სტილი და ამის მიხედვით გაანაწილონ სივრცე. ასევე, შეარჩიონ მშვიდი სარემონტო მასალები, რომლებიც არ იქნება დამღლელი და მოსაბეზრებელი. ამას გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ინტერიერში ისეთი ბუნებრივი მასალების გამოყენება, როგორიცაა ხე, აგური, რკინა, ვინაიდან ისინი ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას მაქსიმალურად ქმნის, რაც ენერგეტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.