ჭავჭავაძის 72ა ის ადგილია, სადაც ალბათ ხშირად ჩაგვივლია და გაჩერებული მშენებლობა გვინახავს. ახლა უკვე ამ ადგილზე დასრულებული ბიზნეს ცენტრი “ვაკე პლაზა” მდებარეობს, რომელიც ლოგიკურად ამართლებს მისსავე სლოგანს: “ადგილი, რომელსაც დიდხანს ელოდით.”
როგორც ვაკე პლაზას წარმომადგენლები ამბობენ, ბიზნეს ცენტრი არამხოლოდ საოფისე სივრცეებს, არამედ სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე დარბაზებსა და საგამოფენო სივრცეებს მოიცავს.
საგამოფენო სივრცეს, პირველ რიგში, წარმოადგენს შენობის ლობიც, რომელიც დროებით “დიზაინის მუზეუმად” არის ქცეული. აღნიშნულ სივრცეში პირველ ჯერზე 1800-1990 წლების კლასიკური სკამების 100 მინიატურა (პროტოტიპი) და მე-20 და 21-ე საუკუნეების ინტერიერის დიზაინის საუკეთესო ნიმუშები გამოიფინა. სამომავლოდ კი სივრცე სხვა გამოფენებსაც უმასპინძლებს.
უფრო ვრცლად ვაკე პლაზასა და გამოფენის შესახებ ვაკე პლაზას უძრავი ქონების განვითარების კონსულტანტს, რუსუდან ჩერგოლეიშვილს გავესაუბრეთ:
– თავდაპირველად, გვესაუბრეთ რა ტიპის შენობას წარმოადგენს ფუნქციურად Vake Plaza?
ვაკე პლაზა არის თანამედროვე საოფისე სივრცე თბილისში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, ახლადგანვითარებულ საქმიან უბანში, სხვა პრესტიჟული ბიზნეს ცენტრების გარემოცვაში.
სამუშაო სივრცე თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროებების მიხედვით არის დაგეგმილი: შეხვედრის ოთახები, კინოდარბაზი დახურული ჩვენებებისთვის, თანამედროვე და მაღალი ხარისხის ინჟინრული გადაწყვეტა, 200 ადგილიანი ავტოფარეხი, კონსიერჟის მომსახურება და დიზაინის მუზეუმად ქცეული მისაღები – ყველაფერი ეს ვაკე პლაზას გამორჩეულ, განსაკუთრებულ სივრცედ აქცევს.
– როდის აშენდა Vake Plaza და რომელმა არქიტექტორ-დიზაინერებმა იმუშავეს მასზე?
ვაკე პლაზას მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, გარკეული პერიოდი მშენებლობა კონსერვაციის რეჟიმში იყო, ამიტომაც, ბუნებრივად, ჩვენი ერთ-ერთი სლოგანია: “ადგილი, რომელსაც დიდხანს ელოდით”. პროექტის არქიტექტორია ლევან მუშკუდიანი, ინტერიერის დიზაინი კი არქიტექტორ ხათუნა მიქაბერიძეს ეკუთვნის.
– საიდან გაჩნდა იდეა, Vake Plaza-ში შექმნილიყო ე.წ. დიზაინის მუზეუმის ტიპის სივრცე?
2018 წელს, როცა მშენებლობა განახლდა, 2011 წლისგან განსხვავებით აღმოვჩნდით სხვა პრესტიჟული ბიზნეს ცენტრების გარემოცვაში, რაც თავისთავად, წლების განმავლობაში შეჩერებული მშენებლობისთვის დიდ გამოწვევად იქცა. ამიტომ, პირველი საზრუნავი ჩემთვის, როგორც პროექტის განვითარებისა და წარმატებაზე პასუხისმგებელი პირისთვის, აღმოჩნდა იმის ძიება, თუ რითი გამოგვერჩია ვაკე პლაზა სხვა, მორიგი საოფისე სივრცეებისაგან. დიზაინერთან ერთად სწორედ ამ გზების ძიებისას გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის ის, რაც ჯერ თბილისში არ იყო – განსაკუთრებული ლობი დიზაინის მუზეუმის საპირწონედ.
– დეტალურად გვიამბეთ, რას მოიცავს დიზაინის მუზეუმის კონცეფცია ზოგადად და როგორი იქნება ეს სივრცე საქართველოში? რა დახვდება მნახველს აქ?
ვაკე პლაზას მისაღები სივრცისთვის შერჩეულია საკოლექციო ავეჯი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ სხვადასხვა დროის დიზაინერ-არქიტექტორებს ეკუთვნის და ასევე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თანამედროვე დიზაინის განვითარების ისტორიაში.
წარმოდგენილი მე-20 და 21-ე საუკუნის ინტერიერის დიზაინის საკულტო ქმნილებების უმრავლესობა დაცულია ა.შ.შ–ისა და ევროპის წამყვანი მუზეუმების მუდმივმოქმედ კოლექციებში.
– როგორც ვიცით, ამ ეტაპზე თქვენს სივრცეში წარმოდგენილია “ვიტრა დიზაინ” მუზეუმის გამოფენა. რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული კოლექცია?
დიახ, “ვიტრა დიზაინის” მუზეუმის გამოფენა ვაკე პლაზასა და “ოპერა დიზაინის” ერთობლივი პროექტია. “ოპერა დიზაინის” შოურუმი საქართველოში 2006 წელს დაარსდა და ის ქართველ მომხმარებელს ისეთ ცნობილ ბრენდებს სთავაზობს, როგორიცაა კასინა, ვიტრა, კაპელინი და სხვა. ჩვენს მისაღებ სივრცეში წარმოდგენილი საკულტო ქმნილებებიც, სწორედ ამ კომპანიებს ეკუთვნის. ვინაიდან გადავიწვიტეთ, ჩვენი მისაღები სივრცე ერთგვარ მუზეუმად გვექცია, იდეაც აქედან დაიბადა.
გამოფენა „დიზაინის განზომილებებში–ს” ფარგლებში წარმოადგენილი კლასიკური სკამების 100 მინიატურა წარმოაჩენს სამრეწველო წარმოების პროცესში დიზაინის მნიშვნელობასა და როლს.
– მინიატურების გამოფენა – 100 კლასიკური სკამი – გვიამბეთ ამ ექსპოზიციაზე უფრო დეტალურად. რატომ სკამები?
ავეჯის არც ერთ ერთეულს არ დაუმსახურებია დიზაინერების, არქიტექტორებისა და მხატვრების ისეთი ყურადღება, როგორც სკამს. სკამი მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის სხეულის ფორმასთან, ეს არის ჩვენი სხეულის გამოსახულება, რომელსაც აქვს ხელები, ფეხები და ზურგი. სკამმა, როგორც ექსპერიმენტულმა ობიექტმა, როგორც ახალი ხედვების განსავითარებლად აუცილებელმა კატალიზატრომა და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ხატებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დიზაინის ისტორიაში. მას შემდეგ ის უკვე დიდი ხანია, ყოველდღიური მოხმარების ობიექტიდან, მხატვრული მოვლენის სტატუსის მქონე ნივთად იქცა.
ფოტოები: Alexander Bagration–Davidoff
ელეგანტური ინსტალაცია შედგება ამ კლასიკური სკამების ორიგინალური ვერსიების პოსტამენტებზე განთავსებული ასლებისგან მასშტაბით 1:6. ექსპოზიციას თან ერთვის ფოტოსურათები თავდაპირველი ჩანახატებითა და დროის დიაგრამებით გაფორმებული კედლის 40 პანელი. გამოფენის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ბუკლეტი, რომლის მეშვეობითაც მნახველი გზას იკვლევს სკამების სამყაროში და დეტალურად სწავლობს თითოეულ ექსპონატს.
ჩვენს ექსპოზიციაში, მნახველების ყურადღება მიმართულია მინიატურული ნამუშევრების სრულყოფილებაზე. სკამის აღქმა ვიზუალურად გამარტივებულია მინიატურის მეშვეობით, ამ დროს მისი პროპორციები ორგინალთან შედარებით, მეტად გამოკვეთილია.
მნახველს, კონცენტრირებული და მკაფიოდ განსაზღვრული მინიატურული სამყარო უმარტივებს თანამედროვე დიზაინის სხვადასხვა სტილში ორიენტირებას და გარკვევას. სკამები გვაძლევს ინფორმაციას სოციალურ კავშირებზე, ეპოქაზე, როდესაც ისინი შეიქმნენ და ასევე, გვაწვდის ინფორმაციას სამაგალითოდ მიჩნეულ სხდომის მანერებზე, ჩვენს გამოფენაში სკამები ცალკეულ ფენომენად კი არ არიან გამოტანილნი, არამედ მკაფიოდ მოქცეულნი არიან კულტურულ–ისტორიულ კონტექსტში. “ვიტრას დიზაინის” მუზეუმის არქივიდან აღდგენილი დოკუმენტები ასახავს სკამების განვითრების გზას – საწყისი, პირველადი პროექტის წარმოებიდან მათ რეალურ გამოყენებამდე.
რომელი ბრენდების ნამუშევრებს უნდა ველოდეთ ახლო მომავალში?
ჯერჯერობით შედეგი სამი თვე არსებული გამოფენა იქნება წარმოდგენილი, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, გარკვეული იდეები უკვე არის, თუმცა ჯერ საუბარი ნაადრევია.
ფოტოები: Alexander Bagration–Davidoff
ვის შეუძლია საოფისე სივრცის მისაღებში მოსვლა და კოლექციის დათვალიერება?
ვაკე პლაზას მისაღები სივრცე გამოფენის ფარგლებში ყველასთვის ხელმისწვდომია.