in

ალვარო სიზა – პორტუგალიური არქიტექტურის უგვირგვინო მეფე

პორტუგალიური არქიტექტურის უგვირგვინო მეფე, ალვარო იოაკიმ დე მელო სიზა ვიეირა (Alvaro Joaquim de Melo Siza Vieira) 1933 წელს პორტოს მახლობლად დაიბადა. მან 21 წლის ასაკში საკუთარი სახელოსნო გახსნა და პირველი პროექტიც განახორციელა.

Tea House 1963

1955 წელს პორტოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაასრულა. მისი მასწავლებელი ცნობილი პორტუგალიელი არქიტექტორი – ფერნანდო ტაკორა (Fernando Takora) იყო.

1992 წელს სიზას პრიცკერის პრემია მიანიჭეს. ჟიურიმ ალვაროს შემოქმედება ასე დაახასიათა – “მისი გულახდილი ნაგებობების ფორმები შუქითაა შექმნილი და თავიდან მნახველი მისი უბრალოებით შეცდომაში შეჰყავს. მხოლოდ კარგი დაკვირვების შემდეგ აღიქმება ქმნილების უდიდესი სირთულე. ის თავისი საქმის დახვეწილი ოსტატია”

Bonjour Tristesse, Kreuzberg 1984

სიზას შემოქმედებას მინიმალიზმისა და ტრადიციონალიზმის ჰიბრიდს უწოდებენ. არქიტექტორი 88 წლის ასაკშიც კი ახალგაზრდული ჟინითა და გამოწვევებისადმი მოქნილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის ყოველთვის მზადაა ინოვაციებისა და საკუთარი შეხედულებების სინთეზისთვის.

Galician Center of Contemporary Art 1994

მისი სახელის პორტუგალიური წარმოთქმა ინგლისურად ჟღერს როგორც “Caesar” (ცეზარი) ან “scissors” ( მაკრატელი). სწორედ ამიტომ, მას ხშირად “მაკრატლიან ცეზარსაც უწოდებენ” და ეს სიმბოლური პარალელი მის შემოქმედებას მართლაც შესანიშნავად აღწერს – მას პორტუგალიის არქიტექტურის უგვირგვინო მეფეს უწოდებენ და თითქმის აღმერთებენ, ხოლო მისი თეთრი ნაგებობები უზარმაზარი ქაღალდებიდან მაკრატლით გამოჭრილ ორიგამის ფიგურებს ჰგავს.

Revigrés 1997

“მე სკულპტორობაზე ვოცნებობდი” – ამბობს ალვარო სიზა და არქიტექტურას ხელოვნებას უწოდებს, თუმცა მისი ნამუშევრების აღსაქმელად დრო, სიმშვიდე და ნაგებობებთან ურთიერთობაა საჭირო.  სიზას შედევრების სიდიადე მხოლოდ დროთა განმავლობაში აღიქმება. ის ერთი წამითაც არ თმობს ფუნქციურობას და ყველა მისი პროექტი თამამი იდეისა და უკიდურესი პრაქტიკულობის ჰარმონიული ნაზავია.

Porto School of Architecture, Portugal 1985-1996

სიზას პროფესიული არქიტექტურული იარაღი პროპორციებია. ძირითადად ბეტონს, შუშასა და ძველი აგურის წყობას იყენებს. ალვარო უაღრესად თავმდაბალი და თავისი ქვეყნის მოყვარული პატრიოტია, მისი დასრულებული 140 -ზე მეტი პროექტიდან უმეტესობა სწორედ მის სამშობლოში გვხვდება. ალვარო სიზას პორტუგალიაში აღმერთებენ, თუმცა ის ხალხში იშვიათად ჩნდება და დიდების სხივებში ნებივრობას მარტოობაში ყოფნა ურჩევნია, ალბათ, მის გენიალურ იდეებთან ერთად.

Portuguese National Pavilion 1998

“ნებისმიერი შენობის უმთავრესი ნაწილი ფანჯარაა, საიდანაც შუქი შემოდის” – ამბობს ის და განსაკუთრებულ ყურადღებას შენობის ამ ელემენტს აქცევს.

Adega Mayor Winery 2003

“ბევრ არქიტექტორს ეშინია ორი კულტურის ერთმანეთში არევა, მე კი მიმაჩნია, რომ ინდური და ჩინური არქიტექტურის პორტუგალიურზე ზეგავლენამ ეროვნული შტრიხების მქონე ორიგინალური, განუმეორებელი სტილი დაბადა” – ამბობს თავმდაბალი გენიოსი.

New Orleans Rotterdam 2007-2010

“არქიტექტორი მასშტაბურად უნდა აზროვნებდეს და თითოეულ პროექტში რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ახერხებდეს. პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ ყველაზე გიჟური იდეების პროექტებში განხორციელებას”.

Ibere Camargo Foundation, porto alegre, brazil 2007

“ყველა მოაზროვნე არქიტექტორმა უნდა შეძლოს მინიმუმ 10 წლიანი განვითარების დანახვა და მისი პროექტის განვითარების პერსპექტივაზე მორგება. შესაძლებელია პროექტი ღარიბ უბანში დაიწყოს, მაგრამ 10 წლის შემდეგ აქ სულ სხვა განვითარებული ინფრასტრუქტურა აშენდეს. არქიტექტორმა ამის განჭვრეტა  და პროექტის შესაბამისად დაგეგმვა უნდა შეძლოს”.

Amore Pacific Research Design Center. South Korea 2010

“არქიტექტორმა ადამიანების სურვილები უნდა დაინახოს და  მისი ჩანაფიქრი მათ მოარგოს. მნიშვნელოვანია არქიტექტურული ზრდილობა, რაც ირგვლივ არსებული შენობებისა და ლანდშაფტის შესაბამისი ნაგებობის და არა კონტექსტიდან ამოვარდნილი ექსტრავაგანტული მოცულობების შექმნას გულისხმობს”.

Auditorium of the University of the Basque Country, 2010

ალვარო სიზამ 2013 წელს აქტიურ მუშაობას თავი დაანება და როგორც ის ამბობს, “საშიშ გატაცებას” – სკულპტორობას მიუძღვნა თავი. როგორც ჩანს, ის ამ სფეროში ის უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობს და არქიტექტურული პროპორციების, ხელოვანისთვის მტკივნეული, ჩარჩოებისგან თავისუფალი მის გიჟურ იდეებს მეტ გასაქანს აძლევს.

The Building on-the Water, 2014
public auditorium llinars del valles, catalonia, spain, 2015

Museu de Arte Contemporanea Nadir Afonso, Portugal, 2015

Hen House – Valero y Ochando arquitectura-ს პროექტი ვალენსიაში

ბინა თბილისის ცენტრში – დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევარი