in

გარემოზე ზრუნვა თანამედროვე არქიტექტურაში – Foster + Partners-ის პრაქტიკა

Alliance Group
Alliance Group

Foster + Partners საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინ სტუდიაა, რომელიც თავის პრაქტიკას მდგრად არქიტექტურაზე, ინჟინერიაზე, ურბანიზმსა და ინდუსტრიულ დიზაინზე დაყრდნობით ახორციელებს. სტუდია 1967 წელს დააფუძნა ნორმან ფოსტერმა (Norman Foster). კომპანიის დაარსების შემდეგ ფოსტერმა და მისმა გუნდმა მალევე მოიპოვეს გლობალური ცნობადობა და მოახერხეს თავიანთი ბრენდის სახელისთვის უმწიკვლო რეპუტაციის შექმნა. დღეს Foster + Partners-ის ოფისები მთელი დედამიწის ირგვლივ გვხვდება და მათი პროექტები ეთნიკურად და კულტურად განსხვავებული ესთეტიკის მშვენიერებას სრულად გამოხატავს.

მასდარის ინსტიტუტი აბუ დაბიში

21-ე საუკუნის თანმდევი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, Foster + Partners სამშენებლო ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებს ძალიან სერიოზულად უდგება და სწორედ ამით გამოირჩევა – მათი პროექტები ყოველთვის ეკომეგობრულია და მშენებლობის დაწყებამდე მათ საერთაშორისო ეკოლოგიური სტანდარტებთან შესაბამისობას ექსპერტები ადგენენ.

“Dolunay Villa” თურქეთში

Foster + Partners იდეალური მაგალითია ულტრათანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინით ბუნებისა და სხვადასხვა კულტურის ტრადიციების პატივისცემისა. წარმოგიდგენთ მათ რამდენიმე გამორჩეულ პროექტს:

პეტრონასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი

პეტრონასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი მალაიზიაში, კუალა ლუმპურიდან 300 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს 450 ჰექტარის ფართობზე. ტერიტორიაზე გვხვდება ტბები და ციცაბო მთები, რაც ლოკაციას გამორჩეულს, თუმცა ამავე დროს რთულ დასაპროექტებელს ხდიდა. Foster + Partners-ის პროექტი მალაიზიის ექსტრემალურ ცხელ და წვიმიან ამინდს ერგება და ამავე დროს სტუდენტებისთვის იდეალურ, მშვიდ გარემოს ქმნის, სადაც სწავლა არა დაღლასთან, არამედ სიამოვნებასთან ასოცირდება.

ბიბლიოთეკა “House of Wisdom”

ბიბლიოთეკა “House of Wisdom” დედამიწის წიგნების დედაქალად წოდებულ შარჯაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქში მდებარეობს. შენობას ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში დიდი წვლილი შეაქვს. მისი მოტივტივე ვიზუალის მქონე სახურავი ოთხი მასიური სვეტითაა გამაგრებული. სვეტების საშუალებით შენობა დაყოფილია ჩუმ, საკითხავ და სამუშაო დარბაზებად, სალოცავ და ქალებისთვის გამოყოფილ სივრცეებად. მისი ლანდშაფტი ორ ნაწილად, ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშო ეზოდ და ცოდნის ბაღადაა დაყოფილი.

Crossrail Place Canary Wharf

Foster + Partners-ის მიერ განხორციელებული ეს პროექტი, როგორც დანარჩენები, ცხადყოფს კომპანიის უნიკალურ მიდგომას ბუნების მიმართ. პროექტი ლონდონში მდებარეობს და შერეული ფუნქციები აქვს – საზოგადოებრივ პარკთან ერთად აქაურობა სავაჭრო ცენტრის როლსაც ითავსებს. Crossrail Place-ის მთავარი მიმზიდველი დეტალი თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობაა, რაც ასეთი უცხოა დიდი ქალაქებისთვის. ქვის, მეტალისა და მინისგან აგებულ შენობას 300 მეტრიანი ხის სახურავი გასდევს და საერთო ჯამში, ის ინჟინერიისა და არქიტექტურის კოლაბორაციის საუცხოო ნიმუშს წარმოადგენს.

Chesa Futura შვეიცარიაში 

Foster + Partners ურბანული კომპლექსების პროექტებზეც მუშაობს. ერთ-ერთი ასეთია Chesa Futura, შენობა, რომელიც შვეიცარიაში, მორიცის მთაზეა აგებული და რომლიდანაც შვეიცარიის დამატყვევებელი ხედი იშლება. შენობის სამი სართული ბინებისთვისაა განკუთვნილი, ორ მიწისქვეშა სართულზე კი პარკინგის სივრცეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ Foster + Partners-ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით პატივსაცემი გუნდის წევრია ქართველი არქიტექტორი, დიმიტრი ჭაავა.

რბილი იატაკის ძლიერი და სუსტი მხარეები

სახლი-სახელოსნო – ნინო ეგაძის თავშესაფარი პანდემიის პერიოდში