ძველებურ ნივთებზე საუბრის დროს, რომლებიც დღეს დიდი მოთხოვნით სარგებლობს, სიტყვა „ვინტაჟურ“ ან „ანტიკვარს“ იყენებენ. ეს განსაზღვრებები მსგავსია და ხშირად მათ შორის მკაფიო ზღვარის გავლება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ანტიკვარული და ვინტაჟური ნივთების განსხვავებულობის ძირითადი კომპონენტი მათი ასაკია.
საზოგადოდ გავრცელებული ტერმინი „ვინტაჟური“იმ ნივთებისთვის გამოიყენება, რომელთა ასაკი 20 წელზე მეტი და 60 წელზე ნაკლებია (სიტყვა „ვინტაჟი“ მეღვინეობიდანაა ნასესხები და მინიმუმ 15 წლიანი დაძველების საკოლექციო ღვინის აღმნიშვნელია). ნივთის „ვინტაჟურობის“ მეორე კრიტერიუმი თანამედროვე მოდური ტენდენციების შეთავსებაა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, „ვინტაჟი“ გარკვეული ასაკის ტრენდული ნივთია.
„ანტიკვარული“ ნივთები „ვინტაჟურზე“ ხანდაზმულია. სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება, რომ ანტიკვარული ნივთის ასაკი 50 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ზოგიერთ ქვეყანაში „ანტიკვარული ასაკი“ 100 წლიდან იწყება.
კიდევ ერთი კრიტერიუმი, რითაც „ანტიკვარულ“ ნივთს აფასებენ მისი ფასია. რა თქმა უნდა, ასეთი ნივთების ღირებულება მხოლოდ მათი ასაკით და გამოყენებული მასალებით არ დგინდება. ნივთი ხელოვნების ნიმუშიც უნდა იყოს – უბრალო, დროისგან შელახული, თუნდაც 100 – 200 წლის ხის სკამი ანტიკვარად ვერ ჩაითვლება.
შემდეგი კრიტერიუმი, რომლითაც „ანტიკვარს“ ვინტაჟისგან განასხვავებენ მისი იშვიათობაა. მისი წასვლა და უბრალოდ „ყიდვა“ შეუძლებელია. ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად: ტექნოლოგიების დაკარგვის გამო ბრენდი აღარ არსებობს, შესაბამისად, ნივთის ხელმეორედ შექმნა ან კოპირება შეუძლებელია.
ვინტაჟური ნივთის დამზადების მომენტიდან არც ისე ბევრი დროა გასული. ასეთი ნივთის შეძენა უფრო ადვილია, თუმცა ის დღითიდღე უფრო იშვიათი და ძვირფასი ხდება. ნივთი, რომელიც დღეს ვინტაჟურია და შედარებით ხელმისაწვდომი, დროთა განმავლობაში აუცილებლად ანტიკვარიატის ხარისხში გადავა. მისი ღირებულება მნიშველოვნად გაიზრდება, ამიტომაც ანტიკვარი და ვინტაჟი მშვენიერი კაპიტალდაბანდებაა.
სად შევიძინოთ?
არსებობს სამი ძირითადი ვარიანტი: ანტიკვარული ავეჯის ბუტიკი/სალონი, ძველმანების ბაზრობა და ინტერნეტ მაღაზიები/აუქციონები.
ყველა მათგანს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარე გააჩნია:
- ატიკვარულ ბუტიკში ან ვინტაჟურ მაღაზიაში ნივთის შეძენის დროს, თქვენ მისი მდგომარეობის დამოუკიდებლად შეფასება, ძლიერი მხარეებისა და ნაკლების დანახვა, ნივთზე დროის ზემოქმედაბის პირადად შეფასება შეგიძლიათ
- ძველმანების ბაზრობები მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია, ზოგიერთი კი ტურისტულ მარშუტებშიცაა ჩართული. ამ შემთხვევაში ანტიკვარული ან ვინტაჟური ნივთის შეძენის დროს მხოლოდ საკუთარ გამოცდილებასა და გემოვნებას უნდა დაეყრდნოთ.
- ინტერნეტი შეძენის ყველაზე კომფორტული გზაა. ამ ფორმით სასურველი ნივთის არჩევა საშინაო გარემოში, მოხერხებულ დროს, აუჩქარებლად არის შესაძლებელი. ასეთი შეძენის კიდევ ერთი უპირატესობა უდიდესი არჩევანია, რომელსაც ვერცერთი ბაზრობა და ბუტიკი შეედრება. თუმცა, ინტერნეტით დათვალიერებული ნივთების შესწავლა და მათი შეფასება დისტანციურად საკმაოდ რთული ამოცანაა.