“სინათლე შეიძლება იყოს მგრძნობიარე. მან შეიძლება დაგვამშვიდოს ან საფრთხე შეგვიქმნას. მისი არსი სცდება მეცნიერებას, ბუნებას და ხელოვნებასაც კი – ის თავად სიცოცხლესავით ძლევამოსილია” – ინგო მაურერი
სანათები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა და ნებისმიერი ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ვერც კი ვხვდებოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სინათლის ენერგეტიკა, სიმკვეთრე თუ არარსებობა ჩვენი ხასიათისა და ფსიქიკისთვის. სწორედ ამიტომ, ინტერიერის შემკვრელი ამ აქსესუარების დამზადებას გამორჩეული ხედვა და შუქის სიყვარული სჭირდება. გიორგი ამირანაშვილი ქართველი ხელოვანია, რომელიც საკუთარ სახელოსნოში ხელით ამზადებს უნიკალურ, სენტიმენტალური მოგონებებით დატვირთულ სანათებს. homeis.ge გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
– გვიამბეთ თქვენი სანათებით დაინტერესების შესახებ – როდის დაიწყეთ განათების დეკორაციებზე მუშაობა, რამ გიბიძგათ ამისკენ?
– სანათების შექმნა ყოველთვის მაინტერესებდა. ბოლო დროს ერთგვარი ტენდენციაა, რომ აუცილებლად უნდა შეიძინო სტანდარტული უსულო ნივთები, რომლებიც კლავს ინტერიერის სიმყუდროვეს. ჩემი აზროთ, მყუდრო განათება, ისევე, როგორც ნახატი, სძენს სახლს სითბოსა და სიმშვიდეს. ინტერიერის დაგეგმარების დროს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება შუქჩრდილებს – სწორედ განათება ანიჭებს უსულო საგნებს სიცოცხლეს. ნახატი შუქისა და ჩრდილების თამაშით შედევრად ყალიბდება, ასევე განათებითაც სახლში შემოგვაქვს თბილი და ცივი ტონების ფაქტურა და მას დაუვიწყარს ვხდით. ამ ყველაფრის მარტივი მაგალითია ჩვენი მზე, ის ჩვენი სიცოცხლის გამგრძელებელია. მეც სწორედ იმის მიღწევა მინდოდა, რომ ჩემი შემოქმედებით შექმნილიყო ძველისა და ახლის სინთეზი, რომლის მეშვეობითაც ინტერიერი დასრულებული სახეს მიიღებდა.
-როგორც ვხედავთ, სანათების დასამზადებლად ბევრ სხვადასხვა მასალას იყენებთ. ხანდახან ეს მასალა ფუნქციადაკარგული, ნოსტალგიური ნივთებია, რომლებსაც თქვენ ახალ სიცოცხლეს ჩუქნით. რის მიხედვით და რა ტიპის მასალას არჩევთ, წინასწარ იფიქრებთ თქვენი სანათის მომავალ ვიზუალსა და კონცეფციას თუ მასალის მიხედვით, მომენტალურად გებადებათ იდეები?
– ყოველთვის წინასწარ მაქვს ჩაფიქრებული, თუ როგორი სანათის შექმნა მსურს, მაგრამ ხანდახან იდეების რეალიზება დროშიც იწელება, რადგან სათანადო მასალის მოძიება ძალზედ რთულია. ჩემი იდეის მასალის მოძიების დროს ხშირად ვაწყდები ხოლმე საინტერესო ნივთს და იმავდროულად მებადება ახალი სანათის ვიზუალიც.
-საიდან იღებთ ნამუშევრების შექმნის ინსპირაციას?
– ნამუშევრის შექმნამდე ვფიქრობ, თუ რა ფუნქციასა და ადგილს შეითავსებს ის ინტერიერში. მაგალითად, წიგნის საკითხავად სანათი მაღალ ღერძზე იქმნება – ზოგადად, ყველა სანათი იქმნება ფუნქციურად და სწორედ მათი გამოყენების გზები განაპირობებენ მათ დიზაინს.
-თქვენი სანათები ინდუსტრიული თუ საბჭოთა ინტერიერის ასოციაციას გვიქმნის და თითქოს წარსულში გვამოგზაურებს. თავად როგორ აღწერდით თქვენი ნამუშევრების ესთეტიკას?
– ნამუშევარმა უნდა შეგვიქმნას მყუდრო გარემო, კომფორტული სივრცე… ჩვენი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ინდუსტრიის პერიოდთან და სანათებით ვცდილობ წარსულის გამოცდილება და ესთეტიკა გადმოვიტანო თანამედრო პერიოდში.
– როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს დეკორაციებს? რა ხდის მათ უნიკალურს?
– ვცდილობ, ნამუშევრებმა არ მიიქციოს ყურადღება. ეს არ უნდა იყოს ცენტრალური, დომინანტი ფიგურა ინტერიერში და ერთიან სივრცეში აღსაქმელად ხაზს უნდა უსვამდეს საერთო სიმყუდროვეს.
– ჩაგვახედეთ სანათების დამზადების ტექნიკურ პროცესში. რა გზა უნდა გაიაროს ვიზუალის იდეამ რეალიზებამდე?
– ნამუშევრის შექმნის დროს ვითვალისწინებ შესრულების ხარისხს. სანათი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და უძლებდეს დროს. მისი აწყობის დროს არ ვიყენებ თანამედროვე მასალას, ვინაიდან ისინი ერთჯერადი და უხარისხოა. ვცდილობ, თითოეული დეტალი იყოს ძველი, ისტორიითა და გამოცდილებით გაჟღენთილი.
საკმაოდ რთულია, ვიზუალის დასახვის შემდეგ იდეალურ, წარმოდგენილთან მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგს მიაღწიო, რადგან სამუშაო პროცესში შეზღუდული ხარ – ლითონის ნივთს გააჩნია თავისი პლასტიკა და მას ვერ შეცვლი, ამიტომაც ვიზუალური ნივთის შექმნამდე მისი პლასტიკა უნდა მოარგო არსებულ ნივთებს. სანათის ელექტროგაყვანილობას ვარჩევ მისი ხასიათის შესაბამისად. ძირითადად ძველი სტილის (დაგრეხილ) კაბელს ვიყენებ და მის ფერს სანათის დიზაინის მიხედვით ვარჩევ. უპირატესობას წითელი ფერის კაბელს ვანიჭებ, რადგან ის მარტივად შესამჩნევი და დახვეწილია, ასევე ნივთს განსხვავებულ ვიზუალს სძენს.