1902 წლის 9 მარტს, მექსიკის ქალაქ გვადალახარაში დაიბადა ადამიანი, რომელიც არქიტექტურაში ფერების უკვდავ სიმფონიებს ქმნიდა, მნიშვნელოვნად უსწრებდა თავის დროს და სიჩუმეზე შეყვარებული გენიალური სისადავის ნაგებობებს ძერწავდა.
Casa Barragan, Mexico
ლუის რამირო ბარაგან მორფინი (Luis Ramiro Barragán Morfín) მდიდრულ და კონსერვატორულ ოჯახში გაიზარდა. ძალიან უყვარდა ცხენები და ჯირითი. მან ჯერ კიდევ ბავშვოვაში შეამჩნია და შეუყვარდა დაისის შუქჩრდილების ზედაპირზე თამაში.
Torres de Satelite, Monument in Naucalpan, Mexico
პროფესიით ინჟინერმა, შთაგონების ძიებაში, ევროპაში ორჯერ იმოგზაურა. პირველი მოგზაურობის დროს გაიცნო მწერალი და მხატვარი ფერდინანდ ბახი (Ferdinand Bac), რომლის ცხოვრებისეულ ხედვას მთელი ცხოვრება ციტირებდა. ანდალუსიურმა და არაბულმა არქიტექტურამ ახალგაზრდა არქიტექტორზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მოგვიანებით მან მიღებული გამოცდილება ნაციონალური შტრიხებითა და მკაცრი მინიმალიზმით შეავსო.
ლუისმა ასპარეზად სამშობლო აირჩია და ყველა მისი ლეგენდარული ნაგებობა სწორედ აქ შექმნა. პირველ ხანებში ძმასთან ერთად გვადალახარაში, მდიდარი ოჯახებისთვის კერძო სახლებს ქმნიდა. ამან დიდი პოპულარობა მოუტანა ბარაგანს. რამდენიმე წლის შემდეგ კი იგი დედაქალაქში გადავიდა.
“ვისაც მარტოობა არ უყვარს, ის ჩემს არქიტექტურას ვერ გაიგებს” – ამბობდა ბარაგანი.
1947 წელს საკუთარი სახლი-სახელოსნო ააშენა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
ეს არქიტექტორის მოღვაწეობის ის პერიოდია, როცა მას შეეძლო თავისთვის უფლება მიეცა და მისი არქიტექტურული ხედვა უკომპრომისოდ განეხორციელებინა.
ბარაგანმა ლეგენდარული ლე კორბუზიესგან (Le Corbusier) ხაზების სისადავე , მექსიკელი მხატვრებისგან – ნათელი ფერები, მაროკოელი მშენებლებისგან უბრალო ცემენტის კედლით არქიტექტურული ხედვის მძაფრი გამოხატვა და აუზიანი ეზოების სიყვარული, ხოლო რელიგიისგან მარტოობით ტკბობა ისწავლა.
მისი ნაგებობების უმეტესობა ცივი ფასადებით იყო შემოსაზღვრული, რომლებიც მყუდრო, მაგრამ ამავე დროს მდიდრულ ინტერიერებს იცავდა.
ბარაგანს არ უყვარდა ფანჯრები, რაც მის ნამუშევერებს კორბუზიეს არქიტექტურისგან მკვეთრად განასხვავებდა. ლუისი თვლიდა, რომ მექსიკური ცხელი კლიმატისთვის ისინი საერთოდ არაა სააჭირო, მაგრამ იმ მცირეთაგანს საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილებზე ანაწილებდა. არქიტექტორი ნაგებობას განიხილავდა, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ერთგვარ ნახატს.
ზოგიერთ პროექტში ხეების ტოტები ფანჯარას იმდენად ებჯინება, რომ ოთახში მდგომ სტუმარს ბაღში ყოფნის განცდა ეუფლება. ბარაგანი თვლიდა, რომ არქიტექტორმა სახლი ბაღად და ბაღი სახლად უნდა აქციოს.
„მე მჯერა, რომ ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში მხოლოდ მაშინაა სრულყოფილი, თუ ის სიჩუმის, სიხარულისა და სიმშვიდის განცდას იძლევა“ – ამბობდა ლუისი. ის ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ სახლში რწმენა, მითი, სილამაზე, მარტოობა, ნეტარება, სიკვდილი, ბაღი და წყალი უნდა არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნებებიდან უმეტესობა აბსტრაქტულია, ლუისმა მაინც მოახერხა მათი ხილულ ფორმებად გარდასახვა.
1980 წელს, გარდაცვალებამდე რვა წლით ადრე, მსოფლიო არქიტექტურულმა საზოგადოებამ ბარაგანის გენიალურობა ოფიციალურად აღიარა და ის პრიცკერის პრემიით დაჯილდოვდა. “ჩვენ პატივს მივაგებთ ბარაგანს მისი თავდადებისა და მიღწევებისათვის არქიტექტურაში. თავისი კარიერის განმავლობაში მან გამაოგნებელი სილამაზის ბაღები, მოედნები და შადრევნები შექმნა. ასევე მეტაფიზიკური პეიზაჟები, რომლებიც მედიტაციისა და ურთიერთობებისკენ მოგვიწოდებს” – ნათქვამია ჟიურის გამოსვლაში.
“არქიტექტურა მუსიკალურია და ჟღერს” – ამტკიცებდა ხელოვანი, ამიტომაც მის შემოქმედებაში ფერებთან ერთად, აუცილებლი კომპონენტი მოჩუხჩუხე წყალიც იყო. სიჩუმეზე შეყვარებულმა არქიტექტორმა სხვა გენიოსების ბედი გაიზიარა და მემკვიდრედ მხოლოდ საკუთარი შემოქმედება დატოვა. დღეს კი აჟღერებული არქიტექტურული შედევრებით ის მნახველს უკვე მარადისობიდან ესაუბრება.