ეს უნიკალური სახლი ვიეტნამში, მეკონგ დელტას რეგიონის პატარა ქალაქში მდებარეობს, რომელიც თვალწარმტაცი ბუნებით, მრავალფეროვანი კულტურითა და ხალხით გამოირჩევა. ლოკაციაზე ყურადღებას იქცევს სხვადასხვა პერიოდში აგებული ვიეტნამური, ჩინური და კჰმერული ეთნიკური ჯგუფების მიერ აგებული არქიტექტურული ნიმუშები და ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ.
პროექტი 3become1 სამი ინდივიდუალური სახლის განახლების შედეგად შეიქმნა და მფლობელის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. რენოვაციამდე ამ სახლებს ბევრი შეზღუდვა ჰქონდა – პატარა საძინებლები, ბუნებრივი განათების ნაკლებობა, ჩახუთულობა, ნესტი და დაუსრულებელი სააბაზანოები, გრძელი, ბნელი დერეფნები, არანაირი ბაღი და ლანდშაფტი… სახლი საკმაოდ დატვირთული გზის ახლოს მდებარეობს, მაგრამ განახლებამდე მისი ფასადი არ პასუხობდა გამოწვევებს, არ იყო გამოკვეთილი არც ფორმა და იერსახეც უსახური იყო.
ლოკაციაზე არსებული წინა ბაღი განახლდა და მისი ამაღლებული დონე არქიტექტორების პროექტის მიხედვით მოიკვეთა და დადაბლდა ისე, რომ სახლამდე მისასვლელი გზა ბევრად დახვეწილი გახდა. გარდა ამისა, კეთილმოწყობილი ბაღი ატენიანებს გარემოს, ამცირებს მზის მცხუნვარებას, რამაც დიდი წვლილი შეიტანა სახლის ინტერიერის ჩახუთულობის პრობლემის მოგვარებაში.
ძველ სახლებს შორის მდებარე კედლები მოირღვა და შეიქმნა სრულიად ახალი, ღია, თავისუფალი, ჰაეროვანი სივრცე, რაც დამკვეთის უდიდესი სურვილი იყო. დრომოჭმული კიბე შეიცვალა ახალი კიბით, რომელიც საშუალებას იძლეოდა გამჭვირვალე მინის ჭერის დამონტაჟებისა. ამ დეტალის წყალობით სახლში არსებული მცენარეები ბუნებრივად იზრდებიან, სახლში მზის შუქი მარტივად აღწევს და შესაბამისად, მცირდება ელექტრობის დანახარჯიც.
ახალი ფასადი თანამედროვეობისა და ტრადიციის იდეალური ნაზავია. ნახევარწრის ფორმის დეტალები ძველი სახლების მოგონებებს აღბეჭდავს და სამეზობლოში არსებული სახლების არქიტექტურულ ფორმებსაც ესადაგება. ძველი აგურების გამოყენებით არქიტექტორებმა ვიეტნამურ ტრადიციებს გაუსვეს ხაზი, წითელი აგურით შექმნილი ზიგზაგისებური ორნამენტით კი სახლი შორიდანაც შესამჩნევი და გამორჩეული გახდა. ამასთან ერთად, ცემენტის ფუღუროსებური ბლოკების საშუალებით სახლში ჰაერის მოძრაობა და ვენტილაცია უზრუნველყოფილია – შენობა „სუნთქავს“.
აზიური ტრადიციებისა და თანამედროვე სტანდარტების შერწყმა ინტერიერშიც გვხვდება. ქვედა სართული სრულიად ღია დაგეგმარებისაა და აერთიანებს სამზარეულოს, საოჯახო ჩაის სმისთვის განკუთვნილ მაგიდასა და სასტუმრო ოთახს. ოჯახის წევრების კონტაქტის უზრუნველსაყოფად ამ სართულზე სივრცეების არანაირი გამყოფი ელემენტი არ გვხვდება.
სახლში შეამჩნევთ ბევრ ძველ ნივთს, რომლებიც პატრონებს თავიანთ წარმომავლობასა და განვლილ ცხოვრების გზას ახსენებენ. თანამედროვე სასტუმრო ოთახი გამოკვეთილია ბეტონის კედლით და აქსესუარით – ნამდვილი ლოტუსის ფოთლებისგან დამზადებული ნახატით.
ფოტოგრაფი: Minq Bui