ეს საოცარი პოტენციალის მქონე , მეცხრამეტე საუკუნეში აგებული ქვის თავლა სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, დორსეტში მდებარეობს. თავლისა და მის მიმდებარედ მყოფი ბეღელის შენობების შეძენაზე აწ უკვე მფლობელები დიდი ხანია ფიქრობდნენ, თუმცა ძნელად წარმოედგინათ აქაურობის რენოვაციის შესაძლებლობა. მათ წარსულში უკვე ჰქონდათ არქიტექტურულ სტუდია Llewellyn Harker Lowe-თან თანამშრომლობის გამოცდილება. კომპანიის პორტფოლიოში ძველი არქიტექტურული შენობების რენოვაციის პროექტებიც შედის, ამიტომ თავლის მფლობელები თავს მშვიდად გრძნობდნენ. ამ კონკრეტულ პროექტზე პასუხისმგებლობა ინტერიერის დიზაინერმა სამანტა ტოდჰანტერმა აიღო.
არქიტექტორებმა თავლის რენოვაციისას, პირველ რიგში, მისი სიმაღლე გაზარდეს, მოშალეს უსარგებლო კონსტრუქციები და დაამატეს მეტალის კიბე. განახლების შედეგად შემოსასვლელ ჰოლს ორმაგი სიმაღლე აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა და ის იმდენად ფართოა, რომ მფლობელების თქმით, აქ კრიკეტის თამაშიც კი არის შესაძლებელი. სინათლით სავსე მისაღებში გვხვდება გასაცურებელი მინის კარები, რომლებიც ღიაობისა და უსაზღვრობის შთაბეჭდილებას ქმნის და ტერასის ხედს გვიშლის.
თავლის მფლობელებს საკმაოდ სტუმართმოყვარე ოჯახი ჰყავთ და უყვართ ხალხმრავალი შეკრებები, ამიტომ სამანტა მაქსიმალურად შეეცადა, რენოვაციის შედეგად სახლი სრულიად მორგებოდოა მათ ცხოვრების სტილს. ამის მისაღწევად დიდი ყურადღება დაეთმო სასტუმრო ოთახს, რომლის ავეჯსა და მუხის იატაკზე, მრავალფეროვან სქემასა და ღია დაგეგმარებაზე ინტერიერის დიზაინერი დამკვეთებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ამ ოთახში აქსესუარებისა და ავეჯის მასალები მხიარული ელფერის მქონეა და ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის იდეალურ თავშესაყრელ ადგილს წარმოადგენს.
რაც შეეხება სამზარეულოს, აქაურობა სასტუმრო ოთახს ჰარმონიულად ეხამება და ერთი სივრცე მეორეში მშვიდად, თვალის გაღიზიანების გარეშე გადადის. სამზარეულოს პალიტრა მწვანე-თეთრ-ყავისფერშია გადაწყვეტილი, რაც მფლობელების დიდხნიანი სურვილი იყო. მყუდრო, ფართო სასადილო ოთახს სანათები გამოარჩევს, რომლებიც ხის მაგიდასა და სკამებთან ერთად ჭეშმარიტი ინგლისური სახლის ვიზუალს ქმნის.
სახლში ორი საძინებელი ოთახი გვხვდება. ერთ-ერთი მათგანი ვარდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და ინტერიერის დიზაინერის არჩევნის მხიედვით, დატოვებულია რამდენიმე დეტალი ყოფილი შენობიდან. აქვე ვხვდებით ქვის კედელსა და ჩაშენებულ აბაზანას, რაც ყოფილ თავლას უნიკალურ შტრიხს მატებს.
მეორე საძინებელი ოთახი სრულიად განსხვავებული ესთეტიკის მქონეა. თეთრ-მწვანე ფერების სქემაში გადაწყვეტილი ოთახის დამახასიათებელ ელემენტად გეომეტრიული ფიგურები, ფარდები, ბალიშები და ხალიჩა გვხვდება.
საერთო ჯამში, ეს პროექტი უკანასკნელ წლებში განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან თავლის საოცარი გარდასახვის შედეგად კომფორტულ ინგლისურ სახლად გადაიქცა და მსოფლიო არქიტექტურული წრეების აღიარებაც მალევე მოიპოვა.
ფოტოგრაფი: Jonathan Bond