ეს პატარა ბინა თბილისში, ფხოვის ქუჩაზე მდებარეობს და მისი დიზაინი 23 წლის ნათია რუხაძეს ეკუთვნის. ნათია ამჟამად მილანის Istituto Europeo Di Design-ის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს. თუმცა, როგორც მსოფლიოს ყველა სტუდენტს, მასაც პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში მოუწია სწავლის გაგრძელება. სწორედ ამიტომ, ის ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა და ეს დრო საკუთარ პროექტზე სამუშაოდ გამოიყენა.
როგორც ნათია უამბობს Homeis.ge-ს, მისი ნამუშევარი, სახელწოდებით “სტუდიო ორბელიანზე” მილანში ცხოვრების დროს დაგროვილი ნოსტალგიის შედეგია. ეს გახლავთ სულ რაღაც 21 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სივრცე, რომლის კონცეფცია აგებულია ქართულ ელემენტებზე და მიზნად ისახავს შექმნას ფერადი, ნათელი და თბილი გარემო, სადაც წინა ფლანგზეა გამოტანილი ქართული კულტურა და ტრადიციები.
სტუდიო მდებარეობს ძველ იტალიურ ეზოში, რომელიც ცოტა ხნის წინ გარესტავრირდა და მიიღო განახლებული იერსახე. თუმცა, ის თბილი სამეზობლო, რომელშიც ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთზე ზრუნავს, უცვლელი დარჩა. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, სწორედ ეს დეტალი იყო მისი შთაგონების მთავარი წყარო.
ნათიამ შეიმუშავა დიზაინ პროექტი, რომლის მიხედვით მან შეექმნა ანტრესოლი ქართული აყვავილებული აივნის სტილში და ორი ერთმანეთისაგან იზოლირებული საძინებელი სივრცე. აივნის იმიტაცია ინტერიერს იმ ელფერს სძენს, რაც რეალურად ბინის გარეთ გასვლისას გვხვდება. ეს არის ბინების სიახლოვე ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.
ქართული ხასიათი ასევე სუფევს ანტრესოლის სივრცეშიც. სადაც ხელნაკეთი დეკორაციული ფანჯარა გამოხატავს კედლის მიღმა არსებულ რეალობას.
როგორც დიზაინერი გვიამბობს, მას ქართული ესთეტიკის, სულისა და ხასიათის გადმოტანა პატარა დეტალებშიც კი სურდა. ამ მიზნის მისაღწევად მან ინტერიერში გამოიყენა ისეთი ელემენტები, როგორიც არის აგურის კედელი, მასზე წარმოდგენილი ქართველი მხატვრების ნამუშევერბის რეპროდუქციები, ქართული ჩოხა, ღვინო, სუფრა და ლამპიონის ტიპის სანათები, რომლებიც ნამდვილად ქართული სამეზობლოსთვის დამახასიათებელი შტრიხებია.
და ბოლოს, ნათია რუხაძის თანახმად, ამ პატარა ბინის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფაქტიურად DIY პროექტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ძალიან ბევრი ხელნაკეთი ნივთი თუ დეკორაცია გვხვდება, რომელსაც დიზაინერი საკუთარი ხელით ქმნიდა თვეების მანძილზე.
ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი