იატაკის სწორად შერჩევა სახლისთვის საკმაოდ რთული პროცესია. სხვადასხვა სივრცეში შეიძლება მათი განსხვავებული ვარიანტები დაგვჭირდეს, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიც არის პრაქტიკულობა, ასევე ხარჯი, რადგან ბაზარზე უამრავი განსხვავებული სტილისა თუ ფასის პროდუქტია. ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალურად რამდენად კარგად გამოიყურება მასალა.
სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე განსხვავებულ მასალას, რითაც შეგიძლიათ მოაწყოთ იატაკი თქვენს სახლში.
იატაკის ფილები:
იატაკის ფილების ბევრი განსხვავებული მასალა არსებობს: კერამიკა, კორპი, მინა, ბეტონი ან ქვა. მათი ფერის თუ პატერნის არჩევანიც ძალიან ფართოა და ყველანაირი ზომა არსებობს, ძალიან მარტივია მოსავლელად, არის წყალგამძლე და იშვიათად ფუჭდება. მისი ფასიც სხვა ვარიანტებთან შედარებით დაბალია. იატაკის ფილების ინტერიერში გამოყენებას რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს, მასალა ძალიან ცივია და ამიტომ ხშირად იატაკის გათბობას აკეთებენ, როდესაც ინტერიერში ყველგან ფილები გამოიყენება. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი არჩევისას, რომ არ იყოს სრიალა, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც წყალი და ნესტი ხვდება.
ლინოლიუმი
ლინოლიუმის იატაკის მოწყობის უკვე 150 წლიანი პრაქტიკა არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და ვიზუალურად კარგი მასალაა ინტერიერისთვის. მისი დადებითი მხარეა ასევე ის, რომ შედგება მთლიანად ნატურალური მასალებისგან. როგორც იატაკის ფილები, ისიც წყალგამძლე მასალაა, ჰერმეტირებულის შემთხვევაში ძალიან ადვილად მოსავლელია.
პარკეტი
პარკეტი ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა, რაც იატაკისთვის გამოიყენება. მისი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტების, თუმცა მისი განახლება შესაძლებელია, რაც მას კიდევ უფრო გამძლე მასალას ხდის. პარკეტის ხარისხი საკმაოდ მაღალია და ინტერიერშიც სიმყუდროვის შეგრძნება შემოაქვს. ასევე თავიდან ბოლომდე ნატურალური მასალაა, რაც მისი გამოყენების კიდევ ერთი პლიუსია, რაც შეეხება მოვლას, შედარებით მეტი სიფრთხილე სჭირდება, არ არის წყალგამძლე და სწორ დაგებასაც მოითხოვს, ასევე ხე მარტივად იკაწრება.
ბამბუკი
დამუშავებული ბამბუკის შეწებებით ვიღებთ მასალას, რომელიც ხშირად გამოიყენება იატაკისთვის. მასალის 90% ნატურალურია და ღირებულებაც პარკეტთან შედარებით უფრო დაბალი აქვს, ასევე არის მსუბუქი, გამძლე და საკმაოდ ადვილად მოსავლელი, ტრადიციული ხის იატაკისგან განსხვავებით. მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ არსებობს დიდი პრაქტიკა მისი დაგების და ასევე მის ხარისხსაც საფუძვლიანი შემოწმება სჭირდება გადაჭარბებით რომ არ ჰქონდეს მომწამლავი ნივთიერება შერეული.
ბეტონი
იყო დრო, როდესაც ბეტონს იატაკს მხოლოდ გარაჟებში იყენებდნენ, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტენდენციური მასალაა. ბეტონი ძალიან გამძლე და მოსავლელად ადვილია, პიგმენტის საშუალებით განსხვავებული ფერის მიცემაც შესაძლებელია. როგორც ფილების, მისი უარყოფითი მხარეც არის ის რომ მაგარი და ცივია, რაც სახლში არაკომფორტულობის განცდას ქმნის, ამიტომ ხშირად იატაკის გათბობას საჭიროებს. ბეტონი ასევე იბზარება, ამიტომ სწორად უნდა დაიგოს, რომ დიდი ხანი გაძლოს.
ტერაცო
ტერაცოს იატაკი საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი გადაწყვეტილებაა, ის ბევრ ბუნებრივ ქვაზე უფრო ძვირიც ღირს. ეს არის კომპოზიტური მასალა, რომელიც შეიცავს მარმარილოს, კვარცის, გრანიტის და მინის ნამსხვრევებს, რომლებიც შერეულია ცემენტში. ტერაცო იატაკზე ესხმევა და არ აქვს დანაყოფები და ასევე არსებობს ტერაცოს ფილები, რომელიც იგება. დიზაინერებს ძალიან უყვართ მისი გამოყენება მასალის სილამაზის გამო და ასევე ის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მასალაა. ტერაცოს წმენდაც საკმაოდ მარტივია. მისი დასხმა შედარებით სირთულეს წარმოადგენს, რადგან უფრო სპეციფიური პროცესია და საჭიროებს გამოცდილ პროფესიონალს.
ტყავი
დიახ, ტყავს იატაკისთვისაც იყენებენ. ეს არის ფილები, რომელიც ტყავისგან მზადდება და საკმაოდ ეგზოტიკური მასალაა იატაკისთვის. ტყავი არის წყალგამძლე მასალა და დაძველებისას კიდევ უფრო საინტერესო ვიზუალს იღებს. არსებობს მისი ბევრი ფერი და ფაქტურა.
ლამინატი
ლამინატი ძალიან გავს პარკეტს, ზოგჯერ მათი განსხვავება არაპროფესიონალი თვალისთვის საკმაოდ რთულია. მისი დამონტაჟება ძალიან მარტივია, არ საჭიროებს სპეციფიურ მოვლას და მისი ღირებულებაც გაცილებით იაფია ვიდრე ტრადიციული ხის პარკეტის. მასალა ასევე წყალგამძლეა და არ ზიანდება მარტივად. პარკეტისგან განსხვავებით მისი განახლება შეუძლებელია, ზოგი ტიპის ლამინატი შეიძლება სრიალაც აღმოჩნდეს. ასევე არ არის ბუნებრივი მასალა, რაც სახლში მის გამოყენებას კიდევ ერთ უარყოფით მხარეს ანიჭებს.
ვინილი
ვინილს ხშირად გამოიყენებენ ინტერიერში, როდესაც ხის ეფექტის მიღება უნდათ, მაგრამ უფრო გამძლე და ბიუჯეტური მასალა სჭირდებათ. ვინილი 100%-ით წყალგამძლე მასალაა და მისი დამონტაჯებაც საკმაოდ მარტივია. ასევე არსებობს ძალიან ფართო არჩევანი მისი დიზაინის. ვინილი ლამინატთან შედარებით უფრო ფაქიზი მასალაა, ამიტომ შეიძლება უფრო მარტივადაც დაზიანდეს. ასევე დროთა განმავლობაში ხუნდება და ხელოვნური ბუნების გამო მისი შემდგომ გადამუშავება საკმაოდ რთულია.
რეზინა
რეზინის იატაკი ტრადიციულად სპორტდარბაზებში და მსგავს სივრცეებში გამოიყენებოდა, დღეს კი სახლშიც შეიძლება მისი საინტერესოდ გამოყენება. ძალიან მარტივია მისი სისუფთავის შენარჩუნება და კარგად უძლებს წყალს. ასევე რეზინის იატაკი არ სრიალებს და მისი დაგებაც მარტივია. მისი უარყოფითი მხარე ალბათ მისი სუნია, რომელიც დაგებიდან ძალიან დიდ ხანს მიჰყვება.
ხალიჩა
რბილი იატაკის გამოყენება დღეს უკვე მხოლოდ სასტუმროს ოთახების ინტერიერში არ ხდება და ბევრი დიზაინერი მას სახლის იატაკისთვისაც იყენებს. ხალიჩის დაგების უდიდეს პლიუსად მისი სიჩუმე და სირბილე შეიძლება ჩაითალოს, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის სახლში. რბილ იატაკს ბევრად მეტი მოვლა სჭირდება, ვიდრე სხვა ვარიანტებს და მალე ძველდება. მისი დაგება ყველა სივრცეში არ არის რეკომენდირებული, სადაც წყალი ხვდება იქ ხალიჩის იატაკი საერთოდ არ გამოიყენება.