nexe arquitectura-ს მიერ შესრულებული ეს პროექტი ესპანეთში, სან ბაუდილიო დე იობრეგატში მდებარეობს და 396 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასზე მომუშავე არქიტექტორების განცხადებით, მთავარ მასალად ცემენტია არჩეული, ვინაიდან ეს მასალა პლასტიკური და სამუშაოდ მარტივია. სწორედ ცემენტის წყალობით გახდა ევკალიპტის სახლი ფუნქციური და მიმზიდველი.
შენობა სამსართულიანია. ქვედა, ნაწილობრივ მიწისქვეშა სართული შენობაში შესასვლელის ფუნქციას ითავსებს – აქ გვხვდება ავტოფარეხი, კიბე და რამდენიმე ნახევრად სარდაფის კონსტრუქციის მქონე ოთახი. ზედა სართული შედარებით მრავლისმომცველია – ის უკანა ეზოდან იწყება და სახლის მთავარ ნაწილებს მოიცავს. აქვე გვხვდება ტერასა, რომელიც ქუჩასა და ამ ესპანური ქალაქის მშვენიერ ლანდშაფტს გადაჰყურებს. ამ სართულზევეა საძინებლები, ცენტრალური სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და საცურაო აუზი. ბოლო, მესამე სართული იზოლირებული სივრცეებისთვისაა გამოყოფილი. აქ ძირითადად საძინებელი ოთახეხბი გვხვდება. ცემენტის კონსტრუქციის ჩარჩოებში მოქცეული მინის და ხის ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური დეტალები გვხვდება სახლის როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერშიც , რისი წყალობითაც მთელი პროექტი ერთიანდება, იკვრება და დახვეწილ ვიზუალს იძენს.
შენობიდან გადაშლილი ხედებისა და ჰარმონიული დაგეგმარების წყალობით ევკალიპტის სახლი ნამდვილ ოაზისად გვევლინება, რომელსაც დაუშრეტელი, უნიკალური ენერგია აქვს. სახლში დღის ყოველი მონაკვეთი, ყოველი სეზონი მკვეთრად იგრძნობა – ინტერიერში აღწევს დილის მზე, საღამოს მშვიდი ნიავი, რაც ევკალიპტის ტექსტურის დამსახურებაა. სწორედ ეს მასალა „მოგვიწოდებს“ ბუნებასთან კავშირის აღდგენისკენ, სახლის ფართო ეზოსა და ტერასებზე გასვლისკენ.
ფოტოგრაფი: Simon Garcia