in

საძირკველი, როგორც შენობის სიმტკიცის გარანტი – “ნამაის სტანდარტი”

საძირკველი შენობის ის ელემენტია, რომელიც ზედნაშენის სიმტკიცესა და გამძლეობას განაპირობებს. ჩვენმა წინაპრებმა ეს კარგად იცოდნენ და მტკიცე შენობების ასაგებად თანამედროვე სამშენებლო მასალების ანალოგებს ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იყენებდნენ. 1796 წელს ინგლისელმა მღვდელმა ჯეიმს პარკერმა თანამედროვე ცემენტის პირველი პროტოტიპი მოიფიქრა, რომელსაც გამომწვარი თიხისა და ხის წებოსგან ამზადებდა. 1826 წელს, ასევე ინგლისელი ხუროს შვილი ჯოზეფ ასპინი ისტორიაში შევიდა, როგორც პორტლანდ ცემენტის გამომგონებელი. 1848 წელს კი ფრანგმა მებაღემ, სრულიად შემთხვევით, რკინაბეტონის ტექნოლოგია გამოიგონა, რომელიც შემდგომ გერმანელებმა დახვეწეს და დღემდე თანამედროვე საძირკვლებში გამოიყენება.

არასწორად გაანგარიშებული საძირკველის ყველაზე ნათელი მაგალითი ბონინო პიზანოს სახელგანთქმული სამრეკლოა. არასწორად გათვლილმა ფუნდამენტმა პიზის კოშკის გადახრა უკვე მესამე სართულის მშენებლობისას გამოიწვია, რის გამოც 57 მეტრიანი სამრეკლოს გამაგრებაზე დღემდე უზარმაზარი თანხები იხარჯება.

იმის გათვალისწინებით, რომ საძირკველი შენობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, დღეს „ნამაი ვაკეს“ ექსპერტებთან ერთად სწორედ ამ თემის განხილვა გვსურს.

თანამედროვე ინჟინერიაში საძირკვლის შემდეგი 5 ტიპი არსებობს:

1. ხიმინჯები

ეს საძირკვლის ისეთი ტიპია, რომელიც ძელური კონსტრუქციის მეშვეობით ნიადაგში მყარი ფენების სიღრმემდეა ჩაშვებული და შენობის სიმძიმეს მყარ გრუნტს გადასცემს.

მაგალითისთვის, ჯერ კიდევ ამერიკო ვესპუჩის მოგზაურობის დროს, სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს მაკარაიბოს ტბაზე მცხოვრები ტომები, რომლებსაც სახლები სწორედ ასეთ ხიმინჯებზე, შუაგულ წყალში ედგათ, ზუსტად ისე როგორც ეს იტალიელმა არქიტექტორებმა ვენეციაში გააკეთეს. ხიმინჯური საძირკველის ყველაზე სახელგანთქმული და ძველი ნაგებობა ამაზონის ტყეებშია, რომლის თითო ხიმინჯის სიგრძე 28 მეტრს აღწევს.

2. ლენტური

ამ ტიპის საძირკველი მზიდი კედლების ქვეშ რკინა-ბეტონის შეკრული სარტყლის სახით ეწყობა და შენობის სიმძიმეს მზიდი კედლების კონტურზე თანაბრად ანაწილებს, სწორედ ამიტომ ეწოდება მას ლენტური.

3. წერტილოვანი

ასეთი საძირკველი ზედნაშენის დატვირთვას ნიადაგზე სვეტებისა და ბოძების საშუალებით, წერტილოვნად გადასცემს. ერთგვარ “ქუსლზე” დამაგრებული სვეტებისა და ბოძების ამგვარი კონსტრუქცია მოხერხებულია, როცა მყარი გრუნტი ზედაპირთან ახლოსაა.

4. მთლიანი ფილა

ეს რკინა-ბეტონის ერთგვარი “ბალიშია”, რომელიც 1 და 2,5 მეტრამდე სისქის შეიძლება იყოს და შენობის მთლიან კონტურზეა დასხმული. ასეთი ტიპის საძირკვლები უფრო აღმოსავლურ კულტურებშია გავრცელებული. იაპონიაში, რომელიც სეისმურად აქტიური ზონაა, შენობების მიმართ მკაცრი მოთხოვნებია. სწორედ ამ შემთხვევაში ენიჭება უპირატესობა მონოლითურ ფილას, რომელიც შენობას მიწისძვრის დროს გრუნტზე “მოძრაობის” საშუალებას აძლევს და მის მთლიანობას ინარჩუნებს.

5. კომბინირებული

შენობის კონტურზე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ნიადაგი იყოს, ამ შემთხვევაში საძირკვლის ზემოხსენებული ტიპების კომბინაციას იყენებენ.

კომბინირებული საძირკველის თვალსაჩინო მაგალითია დუბაიში აშენებული დედამიწის ერთ-ერთი უმაღლესი ცათამბჯენი, რომელიც 8 წელი შენდებოდა,  828 მეტრი სიმაღლისაა და მისი მშენებლობა 4,1 მლრდ. აშშ დოლარი დაჯდა. საძირკველში მონოლითური ფილისა და ხიმინჯების კომბინაციაა გამოყენებულია. აქ 45 მეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი დიამეტრის ხიმინჯები გვხვდება. ეს არის შემთხვევა, როდესაც აქამდე გამოუყენებელი ტექნოლოგია გამოიყენეს, ხიმინჯების ჩასხმამდე ჭაბურღილები ებოქსიტის წებოთი ამოავსეს, რომელმაც კედლები და ძირი დაფარა, ხოლო გამაგრების შემდგომ მასში ხიმინჯები ჩამოასხეს. ამ შენობის საძირკველს ჯდომა სულ რაღაც 30 მილიმეტრი ჰქონდა, რაც საუკეთესო შედეგია.

რა არის აუცილებელი მტკიცე და გამძლე საძირკვლის მისაღებად?

“ნამაი ვაკეს” ექსპერტების თანახმად, ამ მხრივ არსებობს რამდენიმე აუცილებელი პირობა, რომელთა დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

  • ნიადაგის საფუძვლიანი შესწავლა;
  • სწორი კონსტრუქციისა და საძირკვლის ტიპის შერჩევა;
  • ფუძის მოსამზადებელი ფენებით დაფარვა;
  • ხარისხიანი არმირებისა და ბეტონის გამოყენება;
  • ფუნდამეტის მოწყობის ყველა სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა;
  • საძირკველის კონსტრუქციის  ხარისხიანი ჰიდროსაიზოლაციო მასალებით დაფარვა.

სწორედ ეს არის ის ჩამონათვალი, რაც მტკიცე შენობის გარანტიას წარმოადგენს. მაღალი სტანდარტების მქონე დეველოპერული კომპანიები მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული პრინციპებით ხელმძღვანელობენ და შესაბამისად, მათ მიერ აგებული შენობები ამ მხრივ საიმედოა.

და ბოლოს, როგორც “ნამაი ვაკეს” ექსპერტები გვირჩევენ, უნდა გვახსოვდეს, რომ საძირკვლის მოწყობისთვის ჩატარებული ყველა სამუშაო მიწაში რჩება და მისი გადამოწმება არაპროფესიონალისთვის თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელი ფართის შეძენისას პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი ავტორიტეტული სამშენებლო კომპანიის შერჩევა, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტს ზედმიწევნით, ზუსტად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ახორციელებს.

როგორ მივანიჭოთ უბრალო IKEA-ს ან JYSK-ის მაგიდას ძვირფადღირებული ელფერი – DIY ინსტრუქცია

პასტელურ ფერებში შესრულებული ბინა ლონდონში