in

არქიტექტურა, რომელიც მატერიალურ, დროულ და სივრცულ მაჩვენებლებს ცდება – ინტერვიუ ვანო ქსნელაშვილთან

Alliance Group
Alliance Group

ვანო ქსნელაშვილი ახალგაზრდა არქიტექტორია, რომელიც საზღვარგარეთ 12 წლიანი ცხოვრების შემდეგ 2020 წელს საქართველოში დაბრუნდა. როგორც თავად გვიამბობს, ამ წლების განმავლობაში არაერთ პროექტზე მუშაობის შედეგად მან საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. 2017 წელს კი სტუდია About Architecture დააფუძნა, რომელიც დიზაინის, კვლევისა და განათლების სფეროებს აერთიანებს.

მისი გამოცდილების შესახებ უფრო დეტალურად თავად არქიტექტორს გავესაუბრეთ:

ფოტოგრაფი: Anastasija Nikitina

– პირველ რიგში, გვაინტერესებს – როგორი იყო ვანო ქსნელაშვილის ბავშვობა და რა კავშირი აქვს თქვენს ბავშვობას თქვენივე დღევანდელ პროფესიასთან?

ბუნებრივია, რომ ბავშვობის გამოცდილებები თითოეული ჩვენგანის ჩამოყალიბებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემთვის იმდროინდელი მოცემულობები, გამოწვევები თუ წინააღმდეგობები დღემდე შთაგონების და მოტივაციის წყაროა.

Seoul Youth Center – About Architecture, KILD

– როგორ შედგით ფეხი არქიტექტურაში, რა წინაპირობები უძღოდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას?

2008 წელს, თბილისში არქიტექტურის ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სწავლა ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე გავაგრძელე. 2010 წელს ჩემს სადიპლომო ნამუშევარს ლიეტუვაში “საუკეთესო სამაგისტრო პროექტის პრიზი” მიენიჭა.

პროფესიული განვითარების პირველი ნაბიჯები ლონდონში დაფუძნებულ კომპანია Architects of Invention-ში გადავდგი. კომპანიაში 2010–2017 წლებში თბილისის, ლონდონისა და ვილნიუსის ოფისებში, სხვადასხვა მასშტაბის საერთაშორისო პროექტებზე წამყვან არქიტექტორად ვმუშაობდი.

Nikozi Art Palace, 2nd prize – About Architecture, N. Maisuradze

კომპანიაში, გარდა განხორციელებული პროექტებისა, ასობით იდეასა და კონცეფციაზე გვიმუშავია. დაუღალავი შრომით იქ დიდი გამოცდილება დავაგროვე. კომპანიის მიერ რეალიზებული პროექტებიდან აუცილებლად გამოვყოფდი Lazika Municipality (2012), Tbilisi Prosecutor’s Office (2012), Pharmaceutical HQ (2015-2018), Tatlin Apartments (2017-2021).

– როგორ შეიქმნა About Architecture? გვიამბეთ მისი დაფუძნებისა და განვითარების პერიოდზე.

About Architecture 2017 წელს, თბილისსა და ვილნიუსს შორის დაარსდა. საქართველოში 2020 წელს, თერთმეტწლიანი არყოფნის შემდეგ დავბრუნდი. ჩემი ხელმძღვანელობით, სტუდია საერთაშორისო საქმიანობას დღეს თბილისიდან აგრძელებს.

Eco Bridge in Seoul 1st prize – About Architecture, KILD

უკვე რამდენიმე წელია, ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ვმუშაობ პროექტით KILD (Ksnelashvili, Isora, Lozuraityte, Daunys), რომლითაც მრავალ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გავიმარჯვეთ. პროექტების უმრავლესობა ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია: Yangjaegogae Eco Bridge (სეული, 2017), Nemunas Pedestrian and Cyclist Bridge (კაუნასი, 2018) Uzvingio Island Bridge (ვილნიუსი, 2019).

Kaunas Pedestrian and Cyclists Bridge, 1st prize – About Architecture, KILD

– მოგვიყევით, კონკრეტულად რას საქმიანობს ეს სტუდია?

About Architecture არის ინტერდისციპლინარული სტუდია, რომელიც არქიტექტურაზე ფოკუსირდება. სტუდიის კოლაბორაციული მოდელი დიზაინის, კვლევისა და განათლების სფეროებს აერთიანებს.

სტუდია აკვირდება არქიტექტურის სოციო-კულტურულ გავლენებს, მიესალმება პროფესიის მრავალშრიანობას და მის სხვა დისციპლინებთან კვეთას. About Architecture კრიტიკულად ეკიდება არქიტექტურას და მის ფუნდამენტურ საკითხებს, რათა დღევანდელ გამოწვევებსა და ევოლუციებში ამ დარგის  როლი და მნიშვნელობა სწორად განსაზღვროს.

The atlas of About Architecture

ჩვენ არქიტექტურას იმ კომპლექსურ ერთეულად აღვიქვამთ, რომლის შესაძლებლობებიც სოციო-პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ და გარემოს დონეზე ვრცელდება. ამ ფორმებზე დაკვირვება ჩვენი საქმიანობის ცენტრალური ასპექტია.

– როგორია მუშაობის პროცესი დაკვეთის აღებიდან პროექტის დასრულებამდე და პროექტირების რომელ ეტაპს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?

გამიჭირდება სამუშაოს რომელიმე ეტაპის უფრო მეტად, ან ნაკლებად მნიშვნელოვნად გამოყოფა. ყველა პროექტი თითქოს მისი წინამორბედის გაგრძელებაა – შესაბამისად, დასასრული / დასკვნითი ნაწილიც ერთი დიდი სურათის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენთვის პროცესიც ერთი დიდი პროექტია, რომელსაც კონკრეტული დასასრული არ გააჩნია. თითოეულ პროექტზე მუშაობა მუდმივ ჩართულობას, ძიებას, დისკუსიას, საზღვრების აგებას, იდეების აღმოცენებასა და გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

Forms of Living for Tbilisi Architecture Biennial – About Architecture, Copypaste

– საიდან მოდის თქვენთვის შთაგონება კონცეფციაზე მუშაობის დროს და რა გავლენა აქვს ადგილს და გარემოს პროექტზე?

რა თქმა უნდა, ადგილის კონტექსტუალური მახასიათებლების განსაზღვრას და მიმდინარე გარდასახვების გაანალიზებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს პროცესი ჩვენი მეთოდიკის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

ჩვენი სტუდია ისეთი სუბიექტების გარშემო მუშაობს, როგორებიცაა გარემო, ინფრასტრუქტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ეკოლოგია. საერთო რეალობის შესაქმნელად არტიკულაციას კი, ზემოთ ჩამოთვლილი იდეების კლიმატური, მატერიალური, ტექნოლოგიური და სივრცული მასშტაბების გათვალისწინებით ვახდენთ.

ჩვენი შთაგონება ისეთი არქიტექტურაა, რომელიც მატერიალურ, დროულ და სივრცულ მაჩვენებლებს ცდება.

– მგონი რომ ყველა არქიტექტორის ხელწერა ინდივიდუალურია, როგორია თქვენი სტილი?

ჩვენი მისიაა, არქიტექტორის ინდივიდუალურობა და ეგრეთწოდებული ხელწერა უნივერსალური, მულტიდისიპლინარული და ჯგუფური მიდგომებით ჩავანაცვლოთ.

ვფიქრობ, ჩვენი არქიტექტურა გაბედული იდეებით გაჯერებული, თვითრეფერენტული და მკაფიოდ გამოკვეთილია.

Rosehip Gardens for DOMUS, 2nd prize – About Architecture, Isthmus Group

– თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს თბილისის არქიტექტურას? რაში ხედავთ პრობლემების მოგვარების გზას კონკრეტულად და რა შეიძლება ამ დროს ერთეულმა არქიტექტორებმა გააკეთონ? 

1968 წელს, Apollo 8 მისიის დროს, ასტრონავტმა უილიამ ანდერსმა გადაიღო ფოტო სახელწოდებით Earthrise (დედამიწის ამოსვლა). ეს ფოტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სურათი გახდა, რადგან სწორედ მან გამოააშკარავა ჩვენი პლანეტის სისუსტე და ზოგადად, მისი მასშტაბი. ვფიქრობ, ამ ფოტომ დიდი როლი ითამაშა ჩვენი ‘საკუთარ თავზე’ შეხედულების გადააზრების საქმეში.

Apollo 8 mission, Earthrise_Photo © William Anders 1968

სწორედ ასეთი ბიძგი ჭირდება დღეს თბილისის არქიტექტურას, და არა მხოლოდ შენობებს, არამედ მის მომხმარებელსაც. თბილისი ერთ დიდ მონოტონურ კორპუსად იქცა, სადაც საზოგადოებრივი ინტერესები, ადამიანის უფლებები, საჯარო სივრცე და ბუნებრივი გარემო კვარდრატული მეტრების ექსტრემალურმა ფორმამ ჩაანაცვლა.

დროა, რომ ქალაქს ნაკლებად ანთროპოცენტრული პერსპექტივიდან შევხედოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სივრცითი კონტრაქტი არა მხოლოდ ადამიანებს და მათ გაუთავებელ სურვილების უნდა მოვარგოთ, არამედ ასეთივე ენთუზიაზმით მოვეკიდოთ სხვა არაერთ, მნიშვნელოვან  ფაქტორსაც.

დღევანდელ თბილისში არსებობს ბევრი დაკარგული ჯაჭვი, რომელთა დაბრუნების პასუხიხმგებლობა და პრეროგატივა ჩვენ, როგორც მოქალაქეებს გვაკისრია. მეეჭვება მხოლოდ არქიტექტორების დამოკიდებულებების შეცვლით კონკრეტული გამოსავალი მოიძებნოს. ეს ცვლილებები მუნიციპალური, კულტურული და ინსტიტუცური დონეებიდან უნდა დაიწყოს, რათა შეიქმნას კომუნიკაცია დისციპნიებს შორის ერთი საერთო მიზნისთვის.

Tbilisi collage ©About Architecture

– მოგვიყევით პროექტებზე, რომლებზეც ამჟამად მუშაობთ..

ზაფხულის მიწურულს კაუნასში იგეგმება ჩვენი ჰიბრიდული ხიდი/მოედნის გახსნა, რომელიც ქალაქის ცენტრს არსებულ კუნძულთან დააკავშირებს. ამ კუნძულზევე შენდება სამეცნიერო მუზეუმი (SmarArchitecture Studio) და საკონცერტო დარბაზი მდინარე ნამუნასის გადაღმა (PAS).

ასევე, ცოტა ხნის წინ დავასრულეთ სეულსა და ვილნიუსში გამარჯვებული პროექტების სამშენებლო დოკუმენტაცია. ვიმედოვნებთ, რომ მათი სამშენებლო პროცესები მალე დაიწყება. საქართველოში რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლის დეტალებასც ახლო მომავალში გაგაცნობთ.

მინდა აღვნიშნო ჩემი განათლების სფეროში ჩართულობაც – 2020 წლიდან, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში, VA[A]DS (Freeuni)-ში დავიწყე მოღვაწეობა.

იოსებ ანდრაზაშვილთან ერთად, ვხელმძღვანელობთ დიზაინისა და კვლევის პლატფორმას სახელწოდებით re-city, რომელიც კონცენტრირდება ქ. თბილისის ბოლოდროინდელ ტურბულენტურ ტრანსფორმაციაზე და მიზნად ისახავს ურბანული ანომალიების აღმოჩენას.

P.O.V – ლეგენდარული TON-ის მაგიდების ახალი კოლექცია

5 მაღაზია თბილისში, სადაც საოფისე ავეჯს შეიძენთ