ანტონიო ჩიტერიო, „ელეგანტურობის ოსტატად“ წოდებული ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი 1950 წელს იტალიის ქალაქ მედაში დაიბადა. მედა იტალიის ერთ-ერთი წყნარი, მშვენიერი ქალაქია, რომელიც მილანის ახლოს მდებარეობს და თავისი მოკრძალებულობის მიუხედავად, იტალიური დიზაინის ისტორიაში მას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – აქ დაარსებულმა სხვადასხვა საამქრომ გაფართოების შემდეგ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიზაინის სამყაროში იტალიური ავეჯისა და სტანდარტის შესახებ არსებული წარმოდგენების გაძლიერებაში საკუთარი როლი შეასრულა. ჩიტერიოს უნიკალური ხედვა, გემოვნება და საქმისადმი ოსტატური მიდგომა იტალიური დიზაინის ჭეშმარიტ ძალას კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს.
პირველი დიზაინერული პროექტი, რომელზეც ჩიტერიომ იმუშავა, მამამისის სახელოსნოში შექმნილი ავეჯი იყო. 18 წლისამ მის მიერ შექმნილი კარადის დიზაინის წყალობით პირველი ჯილდო მოიპოვა. ჩიტერიომ 1972 წელს მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის განხრით სწავლა დაასრულა და მალევე დაიწყო დიზაინერად და ინდუსტრიული დიზაინის საკითხში კონსულტანტად მუშაობა. 1987 წლიდან 1996 წლამდე ის მუშაობდა ტერი დუონთან (Terry Dwan) ერთად, რომელიც დღეს მისი მეუღლეა. წყვილი ერთად ქმნიდა შენობების დიზაინს ევროპასა და იაპონიაში.
2000 წელს პატრიცია ვიელთან ერთად ჩიტერიომ დაარსა არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის სტუდია “Antonio Citterio Patricia Viel“. სტუდია რამდენიმე დისციპლინას აერთიანებს, თანაც იმდენად საოცრად, რომ მათი შემოქმედება, თითოეული პროექტი საერთაშორისო აღფრთოვანებასა და აპლოდისმენტებს იმსახურებს. მათ რეპერტუარში შედის ძვირადღირებული სასტუმროების, ოფისების, გამოფენებისა და მუზეუმების, ავეჯის დიზაინების, საცხოვრებელი თუ კომერციული კომპლექსების უამრავი პროექტი. აღსანიშნავია ჩიტერიოს მიერ შესრულებული პროექტი ჰამბურგში – ელბეს ფილარმონიის დარბაზი ( Elbe Philharmonic Hall).
ჩიტერიო ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Ansorg, Arclinea, Axor-Hansgrohe, B&B Italia, Flexform, Flos, Hermès, Iittala, Kartell, Maxalto, Sanitec (Geberit Group), Technogym და Vitra. აღნიშნული ბრენდებისთვის ჩიტერიოს მიერ შექმნილი დიზაინები ძალიან პოპულარული და საკულტოა. კრიტიკოსების თქმით, ჩიტერიოს მსგავსი გავლენა იტალურ დიზაინზე არავის ჰქონია. მისი სტილი აერთიანებს მარადიულ ფორმებსა და უმაღლესი ხარისხის მასალას, რომელთა გაერთიანებით დიზაინერი მუდამ უკომპრომისო, აღმაფრთოვანებელ შედეგს გვიჩვენებს. ჩიტერიო რეალისტია – ის დიდ ყურადღებას აქცევს სივრცეების ესთეტიკურ მიმზიდველობას, თუმცა ამ სივრცეების ფუნქციურობის შესაქმნელად შემოქმედებითობასა და ფანტაზიას იყენებს.
ჩიტერიო ამჟამად შვეიცარიაში, მენდრიზიოს უნივერსიტეტის არქიტექტურის აკადემიაში მუშაობს და არქიტექტორების ახალ თაობას გადასცემს თავის შეუფასებელ ცოდნას. კარიერის განმავლობაში ჩიტერიომ უამრავი ჯილდო დაიმსახურა. მათ შორისაა British Royal Society-ის მიერ მისთვის გადაცემული „ინდუსტრიის კეთილშობილი დიზაინერის“ წოდება 2008 წელს.