ინტერიერის დიზაინის ნეიტრალურ ფერებში მოწყობა ბევრს შეიძლება მოსაწყენ, ერთფეროვან გადაწყვეტილებად მოეჩვენოს, თუმცა რეალურად ეს ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი ნაბიჯია, რომელიც შეიძლება საცხოვრებელ სივრცეზე მუშაობისას გადავდგათ. ნეიტრალურ ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავლისმომცველია, ვინაიდან ყველა ფერს, მათ შორის ისეთ გამომწვევ ფერებსაც კი, როგორებიცაა ლურჯი, წითელი, მწვანე თუ ყვითელი, გააჩნიათ საკუთარი ნეიტრალური ტონები, ამიტომ თითოეული ოთახის ინტერიერზე მუშაობისას საკმაოდ დიდი დაფიქრება გვიწევს. Homeis.ge ამ საკითხზე ესაუბრა კაპაროლის გუნდს.
„ხშირად სახლის ინტერიერზე მუშაობისას გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ფერებში გვსურს ამა თუ იმ სივრცის მოწყობა, ვირჩევთ საღებავებს და ის შედეგი, რომელსაც ვიღებთ, ჩვენს მოლოდინებს არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ნეიტრალური ფერი კატალოგში არასწორად აღვიქვათ, ინტერიერში გადმოტანისას კი სრულიად სხვა ფერი მივიღოთ. ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული.
პირველ რიგში, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ერთი ფერი განსხვავებულ მასალებზე, ზედაპირზე სრულიად სხვადასხვა ფერს გვაძლევს. ცემენტზე, მეტალზე, ხესა თუ თუნუქზე ერთ ბაზაზე დაყენებული კონკრეტული, იდენტური ფერის გამოყენებით აბსოლუტურად განსხვავებული ვიზუალის მიღებაა შესაძლებელი. ეს ოპტიკითაა გამოწვეული – ყველა კუთხესა და მასალას სხვადასხვანაირი არეკვლა აქვს, ვინაიდან ისინი განსხვავდებიან განათებით, პიგმენტაციით, ულტრაიისფერი სხივების მიმართ დამოკიდებულებით. აქედან გამომდინარე, ფერის არჩევისას უნდა განვიხილოთ მასალა, რომლის შეღებვასაც ვცდილობთ და რჩევა მივიღოთ პროფესიონალებისგან.
განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს ფასადის ფერის არჩცევა. ცნობილია, რომ ბელგიაში, ნიდერლანდებსა თუ შვედეთში სახლებს მუქი ფერით ღებავენ და ისინი ძალიან მომხიბვლელია, საქართველოში კი იშვიათად შევხვდებით მსგავს პალიტრაში გადაწყვეტილ ექსტერიერსა თუ ინტერიერს. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ მზის ინტენსივობა – საქართველოში ეს ნიშნული 60%-ს შეადგენს, ჩრდილოეთის ქვეყნებში კი 20%-ს. ამის გამო ჩვენს ქვეყანაში მუქად შეღებილი ფასადები ხუნდება და ჩნდება კითხვები საღებავის ხარისხიანობის შესახებ. რეალურად, ფერის გახუნება და ელფერის დაკარგვა სწორედ მზის ულტრაიისფერი სხივებითაა გამოწვეული და არა საღებავის უხარისხობით. ამის გამო საქართველოში აგებული შენობების ექსტერიერში ფასადის კატალოგში შემავალი ნეიტრალური ფერების გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად გამართლებული და მიზანშეწონილია.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია სივრცის მასშტაბისა და მოცულობის გათვალისწინება, ფანჯრების რაოდენობისა და მისი მზითა თუ ხელოვნური სანათების განათებით დონის გათვალისწინება – ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს ფერთა წარმოჩენაზე. ეს ფაქტორები განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია მაშინ, როცა საქმე ნეიტრალურ ტონებს ეხება, ვინაიდან ყველა ნეიტრალური (ანუ ერთი შეხედვით ბეჟი, თეთრი თუ ნაცრისფერი) ფერი სხვადასხვა საბაზისო ფერიდაანაა წარმოშობილი და სხვადასხვა განათებისა და მასშტაბის დროს ვლინდება მათი ძირითადი ფერი.
უფრო თვალნათელი დემონსტრაციისთვის შევადაროთ ორი ფერი კაპაროლის პალიტრიდან: “Agave 90” (იხილეთ ზემოთ) და “Pinie 90” ტონები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მწვანე ფერის ბაზაზეა დამზადებული, გავქვს განსხვავებული ვიზუალი. პირველის შემთხვევაში (“Agave 90”) ჩვენ გვაქვს ნეიტრალური, ღია ელფერი, რომელიც თვალისთვის არ არის გამაღიზიანებელი და თითქმის უნივერსალურია, ხოლო მეორე ვარიანტის შემთხვევაში (Pinie 90) გვხვდება საკმაოდ მკაფიო და შესამჩნევი ფერი, რომელიც ნებისმიერ გემოვნებაზე არ არის გათვლილი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფერების შერჩევის პროცესი დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას საჭიროებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ფერთა პალიტრაში უამრავი “ღია ფერი” არსებობს და მათი შერჩევისას ის საბაზისო ფერი უნდა გავითვალისწინოთ, რომლისგანაც ესა თუ ის კონკერტული ფერია მიღებული.