მარიამ სიჭინავა ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ინტერიერის დიზაინის სიყვარულით გამოირჩევა. მან თავისი სახლის ინტერიერზე მეუღლესთან ერთად იმუშავა და ამ სივრცეში საკუთარი გემოვნება, ოცნებები და ცხოვრებისეული ფილოსოფია გააერთიანა. Homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს მარიამთან, რომელშიც ის თავად გვიამბობს საკუთარი საუცხოო ინტერიერის შექმნის პროცესზე.
მარიამ, გვიამბეთ თქვენს სახლზე. როდის შეიძინეთ ის და რატომ შეარჩიეთ კონკერტულად ეს ადგილი?
მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი წამოიზარდა, მსურდა ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, ჯანსაღ ჰაერსა და გარემოში გამეზარდა. სახლზე ფიქრისას გვქონდა ორი ვარიანტი: ან უნდა შეგვეძინა ბინა ქალაქში, რაც ბევრად მარტივი იქნებოდა, ან აგვეშენებინა საკუთარი სახლი ქალაქგარეთ, რაც ჩემი დიდიხნის სურვილი იყო. საბოლოოდ, ჩვენი პრიორიტეტების გათვალისწინებით, კერძო სახლი ვარჩიეთ.
მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენთვის შესაფერის, იდეალურ ნაკვეთს ორი წლის განმავლობაში ვეძებდით. ამ პროცესში ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, ვინაიდან ზოგი ნაკვეთი არ იყიდებოდა, ზოგი იყიდებოდა, თუმცა მათზე მშენებლობის წარმართვა ნებადართული არ იყო… ეს ნაკვეთი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს, 2016 წელს შევიძინეთ, სახლის აშენება კი 2018 წელს დავიწყეთ. არქიტექტურულად ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა არჩევანი ისეთ გეგმაზე შევაჩერეთ, რომელიც პირველ რიგში, პრაქტიკული იქნებოდა და არა მხოლოდ ვიზუალურად მოსაწონი.
სახლი თავისუფლადაა დაგეგმარებული, აქვს საკუთარი პარკინგის სივრცე და დაგეგმარებისას ისეთი ნიუანსებია გათვალისწინებული, რომ მასში ცხოვრება კომფორტული იყოს. მაგალითად, ყოველ საძინებელს საკუთარი ოთახი-გარდერობი აქვს, რაც სათავსოების დეფიციტის პრობლემას სრულად გვაცილებს თავიდან. გარდა ამისა, გვაქვს ორი სათავსო ოთახი, რომელთაგან ერთ-ერთი სარეცხ-საშრობ ოთახად გამოიყენება.
პროექტის შედგენისას დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ განათებას და ის ისე დავგეგმეთ, რომ სახლს მაქსიმალურად მიეღო მზის სინათლე. მაგალითად, სწორედ ამ მიზნით, კორიდორში შევქმენით სახურავი მინის ღიობით (ე.წ. Skylight) . სახლში დღის ყოველი მონაკვეთი უნიკალურია – დილით ინტერიერს უცნაური, ნარინჯისფერი სხივები ანათებს, შუადღისას მთელი სივრცე ივსება კაშკაშა მზის სინათლით, დაისისას კი მოწითალო-ნარინჯისფერი შუქით ვტკბებით.
რა იყო ის მთავარი ამოცანები, რაც სახლის მოწყობის პროცესში გქონდათ დასახული?
სახლზე მუშაობის დაწყებისას ვიცოდით, რომ გვსურდა გვქონოდა დიდი ეზო, სადაც პირდაპირ გავიდოდით სახლიდან. ამ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა მოგვიწია, რადგან ნაკვეთი ჩაღრმავებული იყო და საჭირო იყო მისი მოსწორება, ერთ დონეზე ამაღლება. დღეს სახლს ორი ვიტრაჟული კარი აქვს, რომელთა გაღების შედეგად სახლი, ეზო და ბუნება სრულიად ერთიანდება და ინტერიერიც სუფთა ჰაერით ივსება.
გარდა ამისა, როგორც გითხარით, ჩემთვის პრიორიტეტულია ორგანული საკვების, ბიოპროდუქტების მიღება. ჩვენი ეზოს უკანა ნაწილში სათბურის აგებას ვგეგმავთ, სადაც თვითონ მოვიყვანთ სხვადასხვა მცენარეს.
ჩვენი სახლი ყოველდღე ვითარდება და იცვლება – მისი რემონტი ჯერ არაა დასრულებული. დასასრულებელია მთავარი სააბაზანო ოთახი, ბიბლიოთეკა, ექსტერიერში უნდა გაკეთდეს ქვაფენილი, ფასადი უნდა მოპირკეთდეს აგურით და ა.შ. ცვლილებებისა და პროგრესის პროცესი ჩემთვის ყველაზე საყვარელია, ვფიქრობ, რომ ჩვენც სახლთან ერთად ვიზრდებით და ამ გარემოში ფესვებს ვიდგამთ.
ფიქრობთ თუ არა, რომ არასტანდარტული დიზაინ გადაწყვეტები გამოიყენეთ?
პროექტზე მუშაობისას რამდენიმე სარისკო გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგალითად, გამოვიყენეთ მკვეთრი ფერები, სამზარეულოში კი ერთმანეთს შევუხამეთ ლურჯი და ატმისფერი ტონები. თეთრ კორიდორში არსებული ყველა კარი წითელი ფერითაა შეფერილი, გარდა ერთისა – ჩემი შვილის ოთახის კარი მწვანეა. ამავე კორიდორის ჭერში გვხვდება მინის ნაწილიც.
სასტუმრო ოთახში მოვათავსეთ წითელი დივანი, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან, თუმცა ჩემთვის ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დეტალია, ვინაიდან მას სენტიმენტალური, ჩემთვის ძვირფასი ისტორია აქვს. ეს დივანი ლურჯი იყო მაშინ, როცა შევიძინე. ერთ-ერთი გადაღებისას მთავარ ატრიბუტად წითელი ხავერდის ნაჭერი მქონდა შერჩეული, რომელიც სახლში წამოვიღე და სწორედ ამ დივანს გადავაკარი.
ამ ნათელი, ხასხასა ფერების ისე დასმა, რომ თვალისთვის გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო, საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა – როცა ამ იდეებს ვაჟღერებდი, კრიტიკული კომენტარების მოსმენა მიწევდა, თუმცა ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, დასახულ მიზანს მივაღწიე და თითოეული რისკი წარმატებული აღმოჩნდა.
ამასთან ერთად, ბევრი ვიფიქრეთ სახლის გათბობის ტიპზეც. ბევრი ძიების მიუხედავად, ვერ ვიპოვეთ ისეთი რადიატორები, რომლებიც ვიზუალურად მოგვეწონებოდა, ამიტომ ჩვენს სახლში იატაკქვეშა გათბობის სისტემა დავამონტაჟეთ. ასევე, ჩვენ არ ვიყენებთ ბუნებრივ აირს, სახლი სრულიად ელექტროენერგიით მარაგდება, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ამის გამო ჩვენ არ გვჭირდება მხუთავი არისი დეტექტორი და არ ვცხოვრობთ მუდმივ შიშში.
დეკორის რა ელემენტებს გამოყოფდით თქვენს სახლში?
ინტერიერის დიზაინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რემონტისას თითოეულ დეტალზე ვამახვილებდი ყურადღებას. მაგალითად, სასტუმრო ოთახში დიდი ვიტრაჟები გვაქვს, რომელთა თავზე მოთავსებული ფარდების ხის საკიდი შეკვეთით, ხელით დავამზადებინეთ. აქვე გვხვდება ბუხარიც, რომლის შეფუთვაც თავდაპირველად სხვაგვარად იყო ჩაფიქრებული, ამიტომ გეგმის ცვლილების შემდეგ დაგვრჩა ზედმეტი მარმარილო, რომლისგანაც ის ჟურნალის მაგიდა დავამზადეთ, რომელსაც სასტუმრო ოთახში ვხედავთ.
დაგეხმარათ თუ არა ინტერიერზე მუშაობისას პროფესიონალი დიზაინერი?
მე მაქვს ბინის ინტერიერზე მუშაობის გამოცდილება, ამიტომ ვფიქრობდი, რომ საკუთარი სახლის დიზაინზე მუშაობას მარტივად გავუმკლავდებოდი. ცხადად მქონდა წარმოდგენილი შენობის უმეტესი ნაწილის სამომავლო განლაგებები და დიზაინი, ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ოთახი, აბაზანა, საბავშვო საძინებელი… გადაწყვეტილი მქონდა, რომ სასტუმრო ოთახი იქნებოდა მასშტაბური, რომელიც სამ ნაწილად დაიყოფოდა – სამზარეულოდ, მისაღებ სივრცედ და სავახშმო ზონად, სადაც ბიბლიოთეკაც მოეწყობოდა. თუმცა, ზოგიერთი სივრცის სამომავლო დიზაინი საკმარისად მკაფიოდ არ მქონდა წარმოდგენილი. მაგალითად, ვიცოდი, რომ სამზარეულოში ნიჟარა ფანჯრის მხარეს მინდოდა განგვეთავსებინა, რათა ეს მონაკვეთი განათებულიყო, თუმცა დაგეგმარების პროცესში მუდმივად გვებადებოდა ახალი იდეები. სწორედ ასე გაგვიჩნდა სამზარეულოში კუნძულის მოწყობის სურვილი და აქ მოვათავსეთ ნიჟარაც. სახლის ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით კოტეს, ჩემს მეუღლესაც ჰქონდა საკუთარი ხედვები, ამიტომ კომუნიკაციის პრობლების ასაცილებლად ინტერიერის დიზაინერი, მარიამ შიოშვილი დავიხმარეთ, რომელმაც ორივე ჩვენგანის გემოვნებისა და აზრების გათვალისწინებით შექმნა ინტერიერის ვიზუალიზაცია და რამდენიმე რჩევაც მოგვცა.
მიიჩნევთ თუ არა, რომ ინტერიერის შექმნის პროცესში აუცილებელია პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის დახმარება ყველა შემთხვევაში?
ვფიქრობ, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანს აუცილებლად სჭირდება ინტერიერის დიზაინერის პროფესიონალური დახმარება, რათა თვალსაჩინოდ დაინახოს ის სივრცე, სადაც თავად უნდა იცხოვროს, თუმცა ზოგ ადამიანს სხვების ჩარევის გარეშე შეუძლია წარმოიდგინოს ყოველი დეტალი და თავისი გემოვნებით დააგეგმაროს საცხოვრებელი. ჩემი აზრით, პირადად მე, ჩემი პროფესია ამ მხრივ ძალიან დამეხმარა – ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას მაშინვე წარმოვიდგენდი, თუ როგორ განლაგდებოდა თითოეული დეტალი, ფერი თუ აქსესუარი.
თქვენი სახლის ინტერიერში ყურადღებას იქცევს უმშვენიერესი სანათები. გვიამბეთ მათზე, როგორ შეარჩიეთ ისინი?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია განათება. ამიტომ მსურდა, საკუთარ სახლში მქონოდა უნიკალური, ვიზუალურად მიმზიდველი სანათები. ამ მხრივ ცენტრალური ადგილი უჭირავს სასტუმრო ოთახში განთავსებულ ოქროსფერ ფირფიტებიან Gervasoni-ის ჭაღს, რომელიც პირველი შევიძინე და სწორედ მას მოვარგეთ დანარჩენი სახლში არსებული განათების ელემენტები.
სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერირში ბევრია ხელით დამზადებული სანათი. სავახშმო მაგიდასთან ჩამოკიდებული წითელი ნაჭრის ჭაღი ქართველი ხელოვანების, ნათია დალაქიშვილისა და თეკო ურუშაძის ხელწერითაა შესრულებული. ნათია დალაქიშვილის დამზადებულია, ასევე, სამზარეულოს კუნძულთან და აბაზანაში მოთავსებული საოცარი სანათები, რომლებიც სრულად ეხამება ჩვენი ინტერიერის დიზაინს.
რომელ კუთხეს გამოყოფდით თქვენს სახლში? რატომ არის ის განსაკუთრებული თქვენთვის?
პირველ რიგში, ეს არის ეზო, შემდეგ სოფის, ჩემი შვილის ოთახი და სამზარეულო. სოფის საძინებლის კედლები ჩემთვის ძალიან ძვირფასია – მათი დანახვისას გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი შპალერითაა გაფორმებული, თუმცა რეალურად, ეს კედლები ხელითაა მოხატული.