“არქიტექტურა ევოლუციურია და არა რევოლუციური“ – ტომ კუნდიგი
Olson Kundig ამერიკული არქიტექტურული სტუდიაა, რომლის სახელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმთქმელი და გავლენიანია. მისი დამფუძნებლები, ჯიმ ოლსონი და ტომ კუნდიგი კარიერის განმავლობაში უამრავი სრულიად გენიალური პროექტის ავტორები გახდნენ, მათ შორის საცხოვრებელი, აკადემიური, სავაჭრო, კონცეპტუალური, სამედიცინო შენობებისა, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს თანამედროვე ბოჰემური, ამერიკული ინტერიერის დიზაინის მთელ მსოფლიოში გავრცელებასა და დამკვიდრებაში.
სტუდიას დღესდღეობით რამდენიმე ლიდერი ჰყავს – ჯიმ ოლსონი, ტომ კუნდიგი, კირსტენ რინგ მიურეი, ალან მასკინი, კევინ კუდო-კინგი და ჰემანშუ პარვანი, არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები, რომლებიც კომპანიას 200 თანამშრომელთან ერთად უძღვებიან. Olson Kundig Architects-ის სათაო ოფისი სიეტლის ისტორიულ პიონერთა მოედანზე მდებარე შენობაში მდებარეობს – სწორედ ამ კედლებს შორის შეიქმნა უამრავი საკულტო პროექტი, რომლებმაც სტუდიის სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა მსოფლიოს ინტერიერის დიზაინის ისტორიაში. Olson Kundig Architects მზარდი პოპულარობისა და მოთხოვნის გამო კომპანიამ 2014 წელს ოფისი ნიუ-იორკშიც გახსნა. არქიტექტურული სტუდია მომხმარებლებს ტრადიციული მომსახურების სფეროების გარდა ასევე სთავაზობს ლანდშაფტის არქიტექტურული დაგეგმარებისა და შეკვეთით ავეჯისა თუ სანათების დამზადების მომსახურებასაც.
სტუდიის დამფუძნებლები და სულისჩამდგმელები ჯიმ ოლსონი და ტომ კუნდიგი არიან. 1940 წელს დაბადებული ჯიმ ოლსონი ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრია, რომელმაც სახელი საცხოვრებელი სივრცეების უნიკალური დიზაინის შექმნით გაითქვა. ოლსონი ხშირად თანამშრომლობს ხელოვნების კოლექციონერებთან, ვინაიდან მისი ხედვა აერთიანებს ბუნებას, ჭეშმარიტ ხელოვნებას და არქიტექტურას – მის შექმნილ ინტერიერის დიზაინებში თითოეულ ხელოვნების ნიმუშს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი ისე, რომ საერთო კომპოზიციის ცენტრალურ ფიგურადაა წარმოჩენილი. ჯიმ ოლსონის ხელწერით შექმნილ პროექტებში შედის მუზეუმების, კომერციული ფართებისა და რელიგიური შენობების ინტერიერის დიზაინები. ოლსონი ბევრი საპატიო ჯილდოს მფლობელია – 2007 წელს მას გადაეცა სიეტლის არქიტექტორთა ინსტიტუტის ღირსების მედალი, 1999 წელს მიაკუთვნეს ოკლაჰომას უნივერსიტეტის კრეატიული არქიტექტურის საპრიზო სკამი. გარდა ამისა, ოლსონი სიეტლის ხელოვნების მუზეუმის ნდობით აღჭურვილი პირია.
1954 წელს დაბადებული ტომ კუნდიგი დიზაინის სფეროში არსებული რამდენიმე უმაღლესი წოდების მფლობელია, მათ შორის შედის კუპერ ჰიუიტის დიზაინის მუზეუმის ეროვნული დიზაინის ჯილდო, ამერიკის ხელოვნების აკადემიის არქიტექტურული პრიზი, სიეტლის არქიტექტურის ინსტიტუტის ღირსების მედალი და ა.შ. კუნდიგი ცნობილია დიზაინისადმი თავისი დეტალური მიდგომით. მისი ხელწერა უნიკალურია, ვინაიდან კუნდიგი პროექტებში ხშირად იყენებს დაუმუშავებელ, ბუნებრივ მასალას. მის ამ პრინციპულ გადაწყვეტილებას ადამიანთა ცხოვრებაში ბუნებრივობის შეტანის ფუნქცია აკისრია.
საკუთარ გუნდთან ერთად ოლსონმა და კუნდიგმა შეძლეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი კომპანიის შექმნა, რომლის დამახასიათებელი ესთეტიკა უკვე ბრენდადაა ქცეული. წარმოგიდგენთ Olson Kundig Architects-ის რამდენიმე ცნობილ პროექტს: