“ჭკვიანი სახლი” თანამედროვე არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული სისტემა მომხმარებელს ერთდორულად სთავაზობს ენერგოეფექტურ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს. ეს არის სრულად ავტომატიზირებული საცხოვრებელი სივრცე, რომლის დისტანციური მართვაც შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტში დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჭკვიანი სახლი შედარებით ახალი ტექნოლოგიაა ბაზარზე, ბევრისთვის აღნიშნული სისტემის საკუთარ სახლში დანერგვა არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დარგის სპეციალისტების დეტალურ გზამკვლევს, რათა კიდევ უფრო გაგიმარტივოთ სახლის ავტომატიზირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან დაკავშირებით Homeis.ge გაესაუბრა კომპანია “სმარტერის” მმართველ პარტნიორს, დიმიტრი აბულაძეს, რომელიც ჭკვიანი სახლის ძირითად ასპექტებზე გვიამბობს:
რატომ გახდა ჭკვიანი სახლი ასე ტრენდული და რა უპირატესობები გააჩნია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
მოგეხსენებათ, XXI საუკუნის ყველაზე დიდ პრობლემას დროის სიმცირე და უსაფრთხოება წარმოადგენს. შესაბამისად, ძალიან გართულდა ფიქრი და ზრუნვა ყოველდღიურ რუტინულ ქმედებებზე, რომლებსაც უამრავი დრო მიაქვს და ჩვენს გონებრივ ჩართულობას მოითხოვს.
ჭკვიანი სახლის უპირველესი მიზანია: გაგიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება, დაგიზოგოთ დრო, შემოგთავაზოთ უსაფრთხოების უმაღლესი და თანამედროვე სტანდარტები, დაგიზოგოთ ენერგო რესურსები და თავი გაგრძნობინოთ თქვენთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში.
რომელია ჭკვიანი სახლის ყველაზე მოთხოვნადი სისტემები და როგორია მათი გამოყენების გზები?
კარის ჭკვიანი საკეტი:
დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით, რომელიც ერთდოულად კომფორტის და უსაფრთხოების ნაწილია. ეს არის სახლის შესასვლელი კარი, საიდანაც ჩვეულებრივ იწყება ხოლმე სახლის ე.წ. „გასმარტება“ ანუ გაჭკვიანება.
კარის საკეტი საშუალებას მოგცემთ, დაივიწყოთ გასაღების არსებობის შესახებ. მისი გაღება ერთდროულად შესაძლებელია: თითის ანაბეჭდის, კოდისა და ბარათის მეშვეობით. ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან კომფორტულია ანაბეჭდით გაღება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლში არ იმყოფებით და გსურთ დამლაგებლის შეშვება ან უბრალოდ რამდენიმე დღით გაქირავება, მაშინ თქვენ საშუალება გაქვთ, დისტანციურად დააგენერიროთ დროებითი კოდი და გაგზავნოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
განათების ავტომატიზირება:
განათების ავტომატიზირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. განათების ავტომატიზირება გულისხმობს განათების მართვას, როგორც არსებული ტრადიციული მეთოდით, ისე – დისტანციურად, მანძილის შეუზღუდავად.
გაითვალისწინეთ, რომ განათების ავტომატიზირებას აქვს სხვადასხვა პრაქტიკული გამოყენება. მაგალითად:
- სხვადასხვა ადგილიდან სახლში განათების ჩართვა, გამორთვა და ტაიმერზე დაყენება.
- ნებისმიერ სხვა მოქმედებაზე განათების ანთება ან ჩაქრობა. მაგალითად, გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სახლში შუქის ავტომატური გათიშვა.
- სახლის კარის გაღებისას, შემოსასვლელში შუქის ანთება, რომელსაც რუტინულად ყოველდღიურად ვაკეთებთ.
- სახლიდან გასვლისას ერთი ღილაკის საშუალებით განათების გათიშვა მთლიან სახლში.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თანამედროვე ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ბრენდის ჭკვიანი ჩამრთველები, რომლებიც ინტერიერის დიზაინერების განსაკუთრებული ყურადღებითა და მოთხოვნით სარგებლობენ:
გათბობა – გაგრილების ავტომატიზირება:
ჭკვიანი სახლის ძალიან პრაქტიკულ ნაწილს წარმოადგენს გათბობა-გაგრილების ავტომატიზირება. ხშირად მოგვმართავენ მომხმარებლები მოთხოვნით, რომ აგარაკზე ან სახლში მისვლამდე სურთ გათბობის ჩართვა ან დისტანციურად ტემპერატურის კონტროლი.
ჭკვიანი თერმოსტატი არის სწორედ ის მოწყობილობა, რომლის მეშვეობით, შეძლებთ მანძილის შეუზღუდავად აკონტროლოთ გათბობა გაგრილება და სახლში მისვლამდე მოიწყოთ სასურველი ტემპერატურა.
უსაფრთხოების ჭკვიანი დეტექტორები:
- მოძრაობის დეტექტორი
- გაღება-დაკეტვის სენსორი
- გაზის დეტექტორი
- ტემპერატურა-ტენიანობის სენსორი
- კვამლის დეტექტორი
- კარბონ-მონოქსიდის დეტექტორი
- წყლის გაჟონვის დეტექტორი
აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ განგაშის სიგნალს დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. ასევე, თქვენ შეგიძლიათ დამატებითი უსაფრთხოების მიზნით გამოიყენოთ გაზისა და წყლის მილის ჭკვიანი გადამკეტები, რომლებიც გაჟონვის შემთხვევაში უზრუნველყოფენ გაზისა და წყლის მილის ავტომატურ გადაკეტვას.
რემონტის რა ეტაპზე უნდა მოხდეს ჭკვიანი სახლის მოწყობა?
მიუხედავად იმისა, რომ უკაბელო სისტემების საშუალებით შესაძლებელია ჭკვიანი სისტემების ინტეგრაცია რემონტის შემდგომ, ჩვენ ყველა მომხმარებელს ვაძლევთ რჩევას, რომ ჩვენთან დაკავშრება მოხდეს ელექტროობის გაყვანის ეტაპზე, რათა სისტემების შერჩევა წარიმართოს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მაქსიმალურად ეფექტიანად.