სახლი ყველა ჩვენგანისთვის ის საკრალური სივრცეა, სადაც საკუთარ თავს, პიროვნებას, გემოვნებას გამოვხატავთ და ამ ყველაფრის მიხედვით ვცდილობთ ჩვენთვის იდეალური, ჰარმონიული სივრცის შექმნას. სწორედ ამ მიზნის მიღწევა სურდა ია კოკორაშვილს, ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც საკუთარი ბინის ინტერიერზე თავად იმუშავა. ბინის ყიდვის შემდეგ იამ სრულიად დამოუკიდებლად შეცვალა მისი გეგმარება, სივრცეების გადანაწილება და საბოლოო რემონტის შემდეგ შეძლო უნიკალური, კომფორტული ინტერიერის მიღება. ინტერვიუში იამ ამ რთული პროცესის დეტალებზე გვიამბო:
– ია, გვიამბეთ თქვენს ბინაზე. რა იყო თქვენთვის ყველაზე მთავარი მისი შერჩევის პროცესში?
– ბინა 4 წლის წინ შევიძინეთ. ძირითადი კრიტერიუმები იყო კორპუსის ხარისხი, მისი ადგილმდებარეობა და უსაფრთხოება. ბინის პირველად ნახვისას რაც მომეწონა, იყო მოწესრიგებული, ერთსადარბაზოიანი მყუდრო კორპუსი, პატარა, მწვანე ეზოთი. კორპუსი აღჭურვილია უსაფრთხოების ზომებით და ყველა იმ კომპონენტით, რომელსაც საცხოვრებელი ფართის შეძენისას ყურადღებას ვაქცევ.
– როგორც ვიცით, თქვენ ბინის გეგმარება შეცვალეთ. რა ტიპის განლაგება იყო თავდაპირველად და როგორ შეცვალეთ ის თქვენ? და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– ბინაში პირველად შესვლისას რაც თვალში მომხვდა, სივრცის არასწორი გადანაწილება იყო. სველ წერტილსა და საძინებლებს დათმობილი ჰქონდა იმდენად მცირე სივრცე, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ოთახებში საჭირო და აუცილებელი ავეჯის განთავსება. ამიტომ, გადავწყვიტე, საერთოდ შემეცვალა პროექტი. პირველი, რაც გავაკეთე, შიდა კედლების მოხსნა იყო, შემდეგ კი არსებული სივრცის ოპტიმალური დაპროექტება. ბინის საერთო ფართი 87 კვადრატული მეტრია, საიდანაც შიდა სივრცეს 75 კვადრატული მეტრი ეთმობა, აივანს კი – 12. კვ/მ. აღნიშნულ ფართში შევძელი ორი საძინებლის, ორი აბაზანის, გარდერობის ოთახის განთავსება და მისაღები ოთახის სამზარეულოსთან გაერთიანება, თან ისე, რომ არცერთ ოთახში არ ყოფილიყო სივრცის ნაკლებობის შეგრძნება. თაბახის ფურცელზე ფანქრით დავიწყე ნახაზის გაკეთება. ერთი შეხედვით, ღიმილის მომგვრელი იყო არაპროფესიონალის ხელით შესრულებული ნახაზი, თუმცა იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ შევძელი პროფესიონალისთვის მარტივად და გასაგებად ამეხსნა ის ყველაფერი, რისი გაკეთებაც მინდოდა. ამის შემდეგ ჩემს მეგობარ არქიტექორს ვთხოვე რენდერის შექმნა, რის შემდეგაც ხელოსნებს გამზადებული ნახაზი მივაწოდე, თანდართული დეტალური ზომებით. საკმაოდ დიდი შრომა გავწიე, ეს ყველაფერი სისრულეში რომ მომეყვანა, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. ზოგადად ძალიან მაინტერესებდა ინტერიერზე მუშაობის სპეციფიკა – ამ პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ შეიძლება ითქვს, ჩემს ჰობადაც კი იქცა.
– ვისაუბროთ ინტერიერზე. გქონდათ თუ არა ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა გამოსულიყო სივრცის დიზაინი? რა იყო ამ მხრივ თქვენი მთავარი ამოცანა? ფიქრობთ თუ არა, რომ ყველა ჩანაფიქრი განახორციელეთ ამ პროექტში?
– დიახ, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ბინა სადა და მინიმალისტური, ამავდროულად კომფორტული და ლამაზი უნდა ყოფილიყო. აქცენტი გავაკეთე ნატურალური ხისა და თეთრი ფერის კომბინაციაზე. მსურდა, იატაკი ყოფილიყო მაღალი ხარისხის. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარ როლს სახლში იატაკი ასრულებს. არჩევანი შევაჩერე ნატურალური მუხის იატაკზე. ზოგადად მიმაჩნია, რომ ღია ფერის კედლები და ფერადი ნივთები საინტრესო გარემოს ქმნის, ამიტომ ინტერიერში ფერები სხვადასხვა ობიექტებითა და დეტალებით შევიტანე, ისეთებით, როგორებიცაა ნახატები და ფერადი საოჯახო აქსესუარები. არასტანდარტული ზომების გამო ავეჯის ძირითადი ნაწილის სპეციალური დაკვეთით დამზადება მომიწია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ავეჯი ისე განლაგებულიყო, რომ ბინაში მაქსიმალურად დიდი თავისუფალი სივრცე შენარჩუნებულიყო. იმისთვის, რომ ბინაში უფრო მაღალი ჭერის აღქმა ყოფილიყო, კარადები მაქსიმალურად ბოლომდე ავიყვანე. ამავე მიზნის მისაღწევად კარებიც არასტანდარტულად მაღალი დავამზადებინე. სივრცის გასადიდებლად აბაზანებში და გარდერობის ოთახში სარკეები გამოვიყენე. სადა და თეთრი სამზარეულო დამალული შიგთავსით შეჭრილ სივრცეში ქმნის ერთიანობის შეგრძნებას. როგორც გითხარით, ჩემთვის მთავარი იყო ბინა ნათელი, მყუდრო, ვიზუალურად ლამაზი და ამავდროულად საცხოვრებლად კომფორტული ყოფილიყო, რასაც საბოლოოდ მივაღწიე კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გადაკეთებას დიდი დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდა, ეს ყველაფერი ამად ღირდა, ვინაიდან ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა ჩანაფიქრი განვახორციელე.
– რომელია თქვენი საყვარელი კუთხე სახლში და რატომ?
– ამ სახლის მთელი ხიბლი ის არის, რომ ყველა ოთახი საჭირო და ფუნქციურად დატვირთულია. შესაბამისად, დღის განმავლობაში ყველა ოთახში მიწევს დროის გატარება, თუმცა გამორჩეულად მომწონს კედელში ჩასმული კარადა, სადაც განთავსებულია ნივთები, რომლებიც ჩემს მოგზაურობას უკავშირდება. თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს და ხშირად მათ ყურება ჩემში დადებით ემოციებს იწვევს. რაც შეეხება აივანს, ის გაზაფხულისა და ზაფხულის მზიან დღეებში ჩვენთვის სრულიად შეუცვლელი სივრცეა. ყოველდღიურად ქალაქში დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ, ამიტომ ვცდილობ ღია სივრცე მცენარეებით გავამრავალფეროვნო.
– არსებობს აზრი, რომლის თანახმად, ლამაზი ინტერიერები არ არის კომფორტული საცხოვრებლად. როგორ არის ეს თქვენ შემთხვევაში? რამდენად შეძელით ამ შუალედის დაცვა?
– ჩემს შემთხვევაში ლამაზი ინტერიერი კომფორტთან სრულ თანხვედრაშია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სივრცეების მაქსიმალურად ესთეტიკურად და ამავდროულად პრაქტიკულად მოწყობა. ვფიქრობ, ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუ ინეტერიერი არ არის ლამაზი, ის მე არ მეკომფორტულება. ამ სახლში ყველა კუთხე მაქსიმალურად ათვისებული და ფუნქციურად დატვირთულია. აქცენტი სილამაზეზე და ხარისხზე გავაკეთე. მოვლა და გაფრთხილება კი ყველაფერს სჭირდება. მაქსიმალურად ვეცადე, ისეთი ნივთები, როგორებიცაა კედლის ქაღალდი, სანტექნიკა, ელექტრო ტექნიკა და იატაკი, რომელთა გამოცვლა კიდევ ახალ რემონტთან ასოცირდება, შეძლებისდაგვარად ხარისხიანი შემეძინა. ეს ყველაფერი ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ დროისთვის გაეძლო და ვიზუალურადაც მალე არ მოგვბეზრებოდა. იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ავეჯის შესაძენად აღარ გყოფნით გამოყოფილი ბიუჯეტი, გაცილებით მარტივია მისი შეცვლა ინტერიერში ნებისმიერ დროს თქვენი განწყობის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ის ბინა, სადაც ცხოვრობ, შენს გემოვნებაზე იყოს მორგებული. ასეთ შემთხვევაში მიზანი მიღწეულია, კომფორტი კი – გარდაუვალი. ჩემი დაკვირვებით, ყველა სახლი თავის მფლობელს ჰგავს და სხვადასხვა ინტერიერებში მეპატრონეების გარკვეული ხასიათიც იგრძნობა.