in

დიზაინის იაპონური ბრენდები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

დიზაინის იაპონური ბრენდები დღესდღეობით ძალიან გამოირჩევიან თავიანთი დახვეწილი პროდუქტებით და ეს არც არის გასაკვირი – იაპონია ხომ ძალიან ბევრი მიმართულებითაა განვითარებული. ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, ოთხ ახალ იაპონურ ბრენდზე გიამბოთ, რომლებსაც, შეიძლება ითქვას, რომ უკვე აქვთ თავიანთი ნიშა ბაზარზე:

ARIAKE

Ariake-ს შემოქმედებითმა დირექტორმა გაბრიელ ტანმა სკანდინავიური და აზიური დიზაინის ჰიბრიდის შესაქმნელად თავი მოუყარა ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიც არიან: Anderssen & Voll, Note Design Studio, Norm Architects და Shin Azum.

მისი რწმენით, კარგი პროდუქტები ძლიერი სამუშაო ურთიერთობების შედეგია. ამიტომაც, მანამ, სანამ 2018 წელს ეს ბრენდი სინათლეს იხილავდა, ჩატარდა 2 ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც დიზაინერები და ხელოსნები ერთად ცხოვრობდნენ და ერთად მუშაობდნენ.

ბრენდის ნაწილები დღესდღეობით საგის პრეფექტურაში, ქალაქ მოროდომის ორ ქარხანაში მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ არიაკს გლობალური ხედვა და მჭიდრო კავშირები აქვს ჩრდილოეთ ევროპასთან, ისეთი პროდუქტები გააჩნია , რომლებიც აშკარად იაპონურ იდენტობას უსვამს ხაზს.

MARUNI

პირველად კომპანია დაარსდა 1928 წელს, როგორც Showa Bentwood Factory. ესაა ბრენდი, რომელიც სპეციალიზირებულია ხის დამუშავებაში. “მარუნი” გახდა ერთ-ერთი პირველი იაპონური კომპანია, რომელმაც შეიმუშავა მასობრივი წარმოების ტექნიკა. 2008 წელს ამ ბრენდის ისტორიაში ნაოტო ფუკასავას “ჰიროსიმას” კოლექციით ახალი თავი დაიწყო, რომელშიც წარმოდგენილი იყო ძველი იაპონური ხის დიზაინების თანამედროვე სახეცვლილება. 2011 წლიდან ჯასპერ მორისონმა ხელი შეუწყო ბრენდის სუფთა ხაზის, მუდმივი სტილის ჩამოყალიბებას ისეთი სპექტრით, როგორიცაა “Fugu” და “Lightwood”.

1616 / ARITA JAPAN

ამ ბრენდის სახელი იმ თარიღსა და ადგილმდებარეობას უკავშირდება, როდესაც კორეამ კერამიკული ხელოვნება პირველად შემოიტანა იაპონიაში – 1616 / arita Japan აწარმოებს თანამედროვე კერამიკას იმ ტრადიციული მასალებით და ტექნიკით, რომელსაც იაპონიის რეგიონში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. კერძოდ, მისი გამორჩეული თიხა, რომელიც დამზადებულია დატეხილი ქვით, ქმნის მასალას, რომელიც სითბოსადმი მდგრადია, თუმცა კი – თხელი და მსუბუქი.

KARIMOKU NEW STANDARD

“კარიმოკუს ახალი სტანდარტი” დაარსდა 2009 წელს წამყვანი მწარმოებლის, კარიმოკუს მიერ. ბრენდი სათავეს იღებს 1940 წლიდან, როდესაც თანადამფუძნებელმა შოჰეი კატომ ხის მცირე საამქრო შექმნა. ამ ფესვებმა ჩამოაყალიბა თანამედროვე ბრენდი, რომლის მიღმაც გამოცდილი ოსტატობა, მოწინავე ტექნოლოგია და პროგრესული ესთეტიკა დგას.

September Café – Red5studio + Ben Décor-ის მიმზიდველი პროექტი ვიეტნამში

პარიზული ატმოსფერო ბრიტანულ სახლში – De Rosee Sa-ს ნამუშევარი