in

როგორ გადავწყვიტო თუ საკუთარი ბაღის მოწყობა მინდა – თამარ თავართქილაძის გიდი

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს ლამაზი ბაღის ქონაზე. გარდა იმისა, რომ მცენარეების არსებობა ეზოში უდიდესი ესთეტიური სიამოვნების მომნიჭებელია, სწორად მოწყობილი ბაღი ასევე აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს – მცენარეები წმენდენ ჰაერს, გვიქმნიან ჩრდილს, გვიცავენ ქარისა და წვიმისგან, ხოლო მწვანე ფერი სხვა ბუნების ნატურალურ ფერთა გამასთან ერთად, იმედის ოპტიმიზმისა და სიცოცხლის სურვილის შთამაგონებელია.

მაინც საიდან უნდა დავიწყოთ ლანდშაფტის არქიტექტურაზე მუშაობა? როგორ გადავწყვიტოთ თუ რა ტიპის ბაღის მოწყობა გვსურს? რომელი მცენარეები იქნებოდა ჩვენს ეზოში იდეალური და რა რაოდენობით? სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ ლანდშაფტის არქიტექტორ თამარ თავართქილაძეს, რომლის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

თამარ თავართქილაძე

ძალიან მიყვარს ეზოში ლამაზი მცენარეები, თან უხვად. წავედი და შევიძინე უამრავი ულამაზესი ბუჩქი – ზოგი უხვად მოყვავილე, ზოგიც მარადმწვანე. წიწვოვანი ხეებიც მომინდა – ისინიც მივამატე და ბედნიერი დავბრუნდი სახლში. მცენარეების განლაგება ეზოში ცოტა გამიჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე. ცოტა უსისტემოდ კი მიმოვფანტე, მაგრამ მთავარია, ყველაფერი დავატიე! თუმცა, 2 ლამაზ ბუჩქს ვეღარაფრით მოვუძებნე ადგილი და მეგობარს ვაჩუქე. მოკლედ, ვუყურებ და მიხარია!

ამის შემდეგ მეუღლეს საჩრდილობლის გაკეთება მოუნდა, „სადმე მეგობრები ერთად ეზოში ხომ შეიძლება დავსხდეთო“. დავფიქრდი და მეც მომინდა გემრიელი “მოსაჯდომი”, თუნდაც ღია ბუხრით. შევარჩიეთ ადგილი – დაახლოებით 16 კვ/მ ფართობი დაგვჭირდა და ამ ადგილის გასანთავისუფლებლად რამდენიმე ჯუჯა ვერცხლისფერი ნაძვის და ვარდების ამოღება გარდაუვალი გახდა, ვინაიდან სხვანაირად საჩრდილობელი არ ეტეოდა. მცენარეები კი ამოვიღე დიდი სიფრთხილით, მაგრამ სხვაგან დასარგავი ადგილი აღარ მქონდა და ეზოს გარეთ, ღობესთან ჩავრგე. თუმცა, ნაძვებმა ცოტა მოიწყინეს გადარგვის გამო, იმედი მაქვს შევძლებ მათ  გამოცოცხლებას. საჩრდილობლის მშენებლობას მომიჯნავე რამდენიმე მცენარეც შეეწირა, ბალახზე კი აღარაფერს ვამბობ… ამას გარდა, თურმე საჩრდილობელთან მისასვლელი ბილიკის დაგებაც საჭირო ყოფილა და ცოტა მცენარეებში მიხვევ-მოხვევა დაგვჭირდა.

მოგვიანებით შვილის მეგობრებს ბადმინტონის თამაში მოუნდათ და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ პატარა ცარიელი მდელოც კი არ დამიტოვებია არსად და ამის გამო, სათამაშოდ მეზობელთან გადავიდნენ…

მეგონა მორწყვის პროცესი სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ მთელი დღე შლანგით ხელში თითოეულ მცენარესთან დგომა უბრალოდ შეუძლებელია, არადა, ერთ დღესაც რომ დავტოვო უწყლოდ, მაშინვე იწყენენ. ნეტავ სარწყავი თავიდანვე გამეკეთებინა ან განათება, რომლის გაყვანისთვისაც მთელი ეზოს თავიდან გადათხრა არ მომიწევდა, არადა ამდენი მცენარის თავიდან გადარგვა-გადმორგვა ცოტათი მაშინებს, თან რამდენი ვიწვალე… ან ის კვიპაროსი რამხელა იზრდება თურმე, სულ დამიფარა ხედი… ან… ან…

გეცნობათ სიტუაცია? ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია მსგავსი გამოცდილება. ვფიქრობ, ამ სრულიად რეალურმა სურათმა კარგად დაგვანახა თუ როგორი პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას თავიდანვე შეცდომით დაწყებულმა სამუშაოებმა. სწორედ ამიტომ, შევეცდები რამდენიმე ძირითადი რჩევა გაგიზიაროთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან ზედმეტი ხარჯი, გაუფრთხილდეთ თქვენს დროს და რაც მთავარია, ნერვებს.

თამარ თავართქილაძის მიერ განხორციელებული პროექტი

რჩევა #1: კონცეფცია
პირველ ეტაპზე, ჩამოაყალიბეთ თქვენი ეზოს ფუნქცია ანუ რა საბოლოო შედეგის მიღებას ისურვებდით. ეს შეიძლება იყოს სათამაშო სივრცე, მოსასვენებელი ზონა და ა.შ. აუცილებლად ჩაინიშნეთ თქვენი სურვილები.

რჩევა #2:  ნაკვეთის ანალიზი და სტილი
როცა უკვე იცით თქვენი ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვა, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა შეისწავლოთ თქვენი ნაკვეთი – როგორი ნიადაგი აქვს მას, სად გვხვდება მზის და ჩრდილის ადგილები, როგორია ნაკვეთის გარშემო სიტუაცია (რომ დაინახოთ რომელი ხედის გახსნა მოგინდებოდათ და რომლის ჩაკეტვა), რომელი სტილი მოგწონთ, სად მოისურვებდით მოსასვენებელი ზონის განთავსებას და რა ადგილს დატვირთავდით მცენარეების თარგებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერიც აუცილებლად ჩავინიშნეთ წიგნაკში.

თამარ თავართქილაძის მიერ შექმნილი ესკიზი

რჩევა #3: მასშტაბი და პროპორცია
ეცადეთ, გააკეთოთ თქვენი ტერიტორიის ანაზომი, სადაც დაიტანთ ყველა იმ არსებულ ობიექტს, რომელსაც ვერ შეეხებით. შესაბამისად, თქვენი გეგმარება ამ ობიექტებს უნდა მოარგოთ. ანაზომი აუცილებლად უნდა იყოს მასშტაბში, რომ ზუსტად განსაზღვროთ ზომები და ფართობები. ფურცელზე დატანილ ნახაზზე მონიშნეთ ზონები, რომელიც რჩევა #1 და #2-ის გათვალისწინებით ჩამოაყალიბეთ და წიგნაკში გაქვთ ჩანიშნული. გეგმაზევე შესაძლებელია აღინიშნოს ყველა ის დეტალი, რისი მოწყობაც გსურთ, იქნება ეს მცენარეების თარგები, ხეები, საბაღე მცირე ფორმები თუ წყლის სარკეები.

თამარ თავართქილაძის მიერ შექმნილი ესკიზი

რჩევა #4: ტექნიკური ნაწილი
ამის შემდეგ ხდება უკვე მონიშნული, ჩვენთვის სასურველი ზონების ერთმანეთთან დაკავშირება და ტექნიკური ნაწილის გათვალისწინება (სარწყავი სისტემისა და დრენაჟის მოწყობა, განათება და ა.შ.). ეს ის აუცილებელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბაღის იერსახეს მომავალში და აუცილებლად უნდა გაკეთდეს მცენარეების დარგვით სამუშაოებამდე

თამარ თავართქილაძის მიერ შექმნილი ესკიზი

რჩევა #5: მცენარეული საფარი
ბაღის ხარისხი არ განისაზღვრება მცენარეების რაოდენობით. მწვანე საფარი უნდა იყოს იმდენი, რომ იქ მყოფი ადამიანიც და მცენარეც ერთნაირად კომფორტულად გრძნობდნენ თავს. მნიშვნელოვანია, რომ მცენარეების შერჩევისას გაითვალისწინოთ არა მათი იმ დროინდელი ზომა, არამედ მათი საბოლოო რესურსი, რომ ერთად მყოფმა მცენარეებმა ერთმანეთი არ გადაფარონ კომპოზიციურად და წლების შემდეგ არ შეგიქმნან პრობლემები. გვერდიგვერდ უნდა შეარჩიოთ ისეთი მცენარეები, რომელებსაც ერთნაირი პირობები უყვართ (იქნება ეს ტენიაობა თუ სიმშრალე, მზიანი ადგილი თუ ჩრდილიანი).

რჩევა #6: შემდგომი ექსპლუატაცია
ბაღის გაშენებისას გაითვალისწინეთ მისი შემდგომი მოვლის აუცილებლობა, რა სირთულეებთან გექნებათ შეხება (ხარჯის თუ ენერგიის კუთხით). გახსოვდეთ, რომ ბაღის ღირსება არის მისი ასაკი, ამიტომ შედეგის მისაღწევად დრო, მოთმინება და მისი სიყვარულია საჭირო. ბაღი არასდროს ითვლება დასრულებულად, იგი ყოველთვის იმყოფება მისი განვითარების ერთ-ერთ საფეხურზე. ყოველი საფეხური კი ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს, რომელსაც ბევრად მეტი ემოცია მოაქვს და ბევრად მეტ სიამოვნებას გვგვრის, ვიდრე ჩვენ ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს.

რჩევა #7: ავტორისგან
მიუხედავად ჩვენი 6 ძირითადი, მაგრამ მცირე რჩევისა, ბაღის გაშენებას კიდევ ბევრი დეტალის ცოდნა და გათვალისწინება სჭირდება. თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ სამუშაოს საკუთარი ძალებით შესრულებას, ნუ მოერიდებით კითხვების დასმას სპეციალისტთან ან ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა საშუალებით. დღეს არ ვყოფთ ლამაზ და პრაქტიკულ ბაღებს, დღეს ვსაუბრობთ ლამაზი ბაღის პრაქტიკულობაზე! სწორედ ეს დეტალი განაპირობებს ჩვენს ჰარმონიულ შერწყმას მასთან.

თამარ თავართქილაძის მიერ განხორციელებული პროექტი

საფეხურებრივი სახლი ტასმანიაში – Cumulus Studio-ს ნამუშევარი

Maria Nila-ს სათაო ოფისი – ASKA-ს ნაზი პროექტი სტოკჰოლმში