in

არაკონსტრუქციული დიზაინის ამბავი – ინტერვიუ გუგა კოტეტიშვილთან

ბევრნაირი ფერის კომბინაცია, სიძველე, უცხო და ორიგინალური ნივთები, დეტალები, რომლებსაც სადღაც უკვე შევხვედრილვართ, მაგრამ აქამდე არა კაფეში.. ვინ იცის, რამდენჯერ მსხდარხართ თბილისის კაფეებში, სადაც ეს ყველაფერი გინახავთ და გიგრძვნიათ… გონებაში თავისით დასმულა კითხვა: “ნეტავ, აქ დაკიდებული კაბები საიდან მოდიან?”, “ან ეს ფერად-ფერადი აბაჟურები სად იპოვეს?..” თუ ამგვარ საინტერესო და შემეცნებით კაფეს მიაგენით, ნამდვილად გუგა კოტეტიშვილის სამყაროში ამოყავით თავი. თავად დარწმუნდებით, სულ რომ ერთხელ ნახოთ ამგვარი ადგილი, არასდროს დაგავიწყდებათ.

საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანი პროფესიით არა ინტერიერის დიზაინერი, არამედ თეატრის მხატვარია და, ალბათ, სწორედ ამიტომაც გამოსდის სიცოცხლითა და ისტორიებით სავსე სივრცეები. სივრცეები, რომლებიც პირდაპირ მეტყველებენ სტუმრებთან და იძულებულს გვხდიან, გულდასმით ვათვალიეროთ ისინი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გადავწყვიტეთ, გუგა კოტეტიშვილის დიზაინის მაგიის ამოხსნა გვეპოვა და მას ვრცლად გავესაუბრეთ:

ბავშვობა

ბავშვობიდან მიყვარდა ლამაზი ნივთები. მახსოვს, ქაღალდის ხელსახოცების შეგროვება დავიწყე. საბჭოთა კავშირში მაშინ ბევრი არაფერი მოიპოვებოდა და ხშირად დედაჩემის მეგობრებს და მათ, ვინც ამ ჰობის შესახებ იცოდნენ, ჩემთვის უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ ეს ხელსახოცები.

იმდენად მიყვარდა ლამაზი ნივთები, რომ ხანდახან ჩემითაც ვაკეთებდი მათ. მაგალითად, აკადემიაში სწავლის დროს, მახსოვს, ლამფები გავაკეთე და ხელსახოცები დავაკარი – ანუ, ვცდილობდი, თავად შემექმნა რაღაც დიზაინი.

“ჩაის სახლში ოპერასთან”, ფოტოგრაფი: შაკო შანშიაშვილი

შესავალი დიზაინში

1992 წელს სახლი დაგვეწვა და, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დავრჩით. სწორედ ამ დროს დავიწყე ჩანთების კეთება. შევკერე ჩანთები, რომლებიც მალევე გახდა პოპულარული. შემდეგ უკვე გადავედი ავეჯის კეთებაზეც – მახსოვს, ქუჩაში დაგდებული რკინები დავინახე და, ვფიქრობდი, ამისგან გამოვიდოდა თუ არა ის, რაც მინდოდა. ჩემს მეგობარ რატი ერაძეს ჰქონდა “სვარკა” და სხვა საჭირო მოწყობილობები – სწორედ მასთან ერთად დავიწყე ავეჯის კეთება. შემდეგ უკვე ჩვენს მეგობარს ვაჩუქეთ ჩვენი ნამუშევარი, რომელზეც ყველა გაგიჟდა.

იმ დროს არსებობდა სასტუმროების ამგვარი ქსელი “ბეტსი”, რომელმაც შეკვეთები მოგვცა და ასე ნელ-ნელა შევდგი ავეჯის დიზაინში ფეხი.

“ჩაის სახლი ქიაჩელზე”, ფოტოგრაფი: შაკო შანშიაშვილი

გუგას ინტერიერი

ძალიან ბევრი ინტერესი მაქვს ზოგადად ცხოვრებაში და ამიტომაც, ავეჯიდან ინტერიერის დიზაინზე გადავერთე. ინტერიერის დიზაინი არასდროს მისწავლია. არ ვიცი, საიდან და როგორ, მაგრამ ჩემი დიზაინები სხვა დიზაინებისგან განსხვავებულია. ვფიქრობ, როცა მხატვარი აკეთებს დიზაინს, ის ყოველთვის სხვანაირად უდგება ამ საქმეს. აი, მე მაგალითად, ინტუიციურად ვქმნი დიზაინს და რაც თავში მომდის, იმას სპონტანურად ვახორციელებ. როგორც ნახატის ხატვისას, ინტერიერის დიზაინშიც ჰარმონიას ვქმნი, ტონალობას ვაკვირდები და ალბათ ამიტომ არის ხოლმე ჩემი ყველა ინტერიერი ძალიან მყუდრო. სივრცეებისთვის ნივთებს ფერის მიხედვით ვყიდულობ, თუმცა, ვცდილობ, ინტერიერში არაფერმა იყვიროს, არაფერი იყოს ამოვარდნილი. ამგვარ სივრცეში ყოფნას ალბათ ნახატში ჩასმას და იქ ცხოვრებას შევადარებდი.

მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი დიზაინები თავისით იქმნება – არ ვიცი, ალბათ, ამას ჩემი ხასიათი განაპირობებს. ჩემი ხელწერა ამგვარია, თუმცა, მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ ხოლმე მუშაობის პროცესში.

თითქმის არასდროს ხდება ისე, რომ მე ნივთს ვიწერდე ინტერიერისთვის – კეთების პროცესში ჩემ გარშემო რასაც ვპოულობ, იმით ვაწყობ დიზაინს. ვფიქრობ, გენიალური დიზაინის შექმნა არაფრისგანაცაა შესაძლებელი, არაა ამისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული მასალები გამოიყენო. ბოლო-ბოლო, კარგ და გენიალურ მასალებს ხომ ბოლო საერთოდ არ აქვს.. და სწორედ იმით, რომ მე აქ არსებულ მასალებს ვიყენებ, სივრცეები ყოველთვის სხვანაირი და ორიგინალური გამოდის. ამ ყველაფერს დამკვეთისთვის კიდევ ერთი დიდი დადებითი მხარე აქვს – ყველა ჩემი ინტერიერი სასაცილოდ იაფია.

“მაყაშვილებთან”, ფოტოგრაფი: გიორგი ბუტიკაშვილი

პირველი დიზაინი

ეს ის პერიოდი იყო, როცა პირველი კაფეები გაკეთდა თბილისში და მე, რატი ერაძემ და ირაკლი ჟვანიამ ფალიაშვილის ქუჩაზე გავხსენით კაფე “ამარკორდი”. მახსოვს, ყველა ძალიან მოიხიბლა ამ კაფით, ძირითადად, მაინც ნაცნობები დადიოდნენ, რადგან იმ პერიოდში ყველგან ბნელოდა, ჩვენ კი “დვიჟოკი” და სითბო გვქონდა.

პურპური

“პურპური” იყო ჩემი პირველი კაფე – მხოლოდ ჩემი და არა დაკვეთა. ამიტომ, გავაკეთე ზუსტად ის, რაც მინდოდა და რისი საშუალებაც მქონდა. ყველას ძალიან მოეწონა ის, იმდენადაც კი, რომ მისი იმიტაციების შექმნა დაიწყეს. თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან – “პურპური” არ იყო მხოლოდ აბაჟური, ან მხოლოდ დაკიდებული კაბა (როგორც ეს ბევრს ეგონა). ეს მთლიანი სივრცე იყო, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უხდებოდა.

“ჩაის სახლი ოპერასთან”, ფოტოგრაფი: შაკო შანშიაშვილი

შთაგონება

საცხოვრებელი სივრცეების შექმნისას, რასაკვირველია, ადამიანი (ანუ დამკვეთია) შთაგონების წყარო. თუმცა, როცა მაგალითად, კაფე იქმნება, ძალიან ბევრი რამ იძლევა შთაგონებას – პირველ რიგში, ის, თუ როგორი სივრცეა. წინასწარ თითქმის არასდროს ვიცი ბოლომდე, რა შეიქმნება და ამიტომაა ხოლმე, რომ რენდერებს ვერ ვაკეთებ. აი, მაგალითად, თუ მოცემულ სივრცეში რომელიმე კედელი მომწონს – არ აქვს მნიშვნელობა, რა ფაქტურაა, გაჯია, აგურებია თუ ჩამოხეული შპალერი, შეიძლება ისევ ისე დავტოვო და შემდეგ მთელი ინტერიერი მასზე ავაწყო. თუ აგარაკის ინტერიერია შესაქმნელი, ხშირად ხედი ხდება ხოლმე შთაგონების წყარო. ანუ ხდება ყოველთვის ისე, რომ ამოსავალ წერტილს მუდმივად პოულობ, რაზეც ინტერიერს ააგებ.

“ჩაის სახლი ქიაჩელზე”, ფოტოგრაფი: შაკო შანშიაშვილი

კარგი ინტერიერის დიზაინერი..

როდესაც ინტერიერს აკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ უნდა იცხოვროს მასში – ოჯახია? ინდივიდია? ცხოველი ჰყავს? რა ცხოვრების წესით ცხოვრობს? საკითხავი ადგილი ხომ არ უნდა? რაც უფრო მეტ წვრილმანზე ფიქრობ და უკვირდები, მით უფრო ჰარმონიული და დამკვეთზე მორგებული გამოდის სივრცე. ამიტომ, ინტერიერის დიზაინერს ევალება ძალიან ბევრი იფიქროს იმაზე, რაზეც დამკვეთს არასდროს უფიქრია.

“შავი ლომი”, ფოტო: შავი ლომის სტაფი

მოწყობილობები

მხოლოდ ტელეფონს ვხმარობ, კომპიუტერი არ მაქვს. ამიტომაა, რენდერებსაც არ ვქმნი კომპიუტერში თუ ძალიან არ მჭირდება, ესკიზებს ხელით ვხატავ. რენდერი თუ მჭირდება, მჭირდება დამკვეთისთვის, რომ ნათლად გაიგოს, თორემ მე არ მჭირდება, მე თავში მაქვს ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ.

დიზაინ ბაზარი

მთელი ცხოვრების განმავლობაში ვყიდულობდი ნივთებს, რომლებსაც შემდეგ ინტერიერებში ვიყენებდი ხოლმე. მერე უკვე გადავწყვიტე, რომ ეს ნივთები გამეყიდა, რადგანაც მართლაც ბევრი დაგროვდა. აქამდე ეს ნივთები ერთ სივრცეში იყიდებოდა და მართლაც ბაზარივით იყო.. თუმცა, ახლა უკვე გადავედით კოსტავას 35-ში, სადაც  გარდა ამ ნივთების გაყიდვისა, არის გალერეა-სტუდიაც, საგამოფენო, შეხვედრების სივრცე და ა.შ ასე რომ ვთქვათ, ეს იქნება გალერეა-მაღაზია და არა საწყობი-მაღაზია, რაც აქამდე მქონდა.

“შავი ლომი”, ფოტო: შავი ლომის სტაფი

მაყაშვილები

ეს არის ჩემი ბავშვობის მეგობრის, გიორგი მაყაშვილის სახლი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ გაგვეკეთებინა კაფე. აქ არსებული ავეჯის დიდი ნაწილი მისი ოჯახის, მაყაშვილების ნაქონია. საკმაოდ დიდი მუშაობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ აქამდე მოგვეყვანა ეს სივრცე. ტერასა აქ არ იყო და ეზოში გამოსასვლელიც არ არსებობდა. თუმცა, ბევრი რამ დარჩა ძველი, უბრალოდ მე შევმატე ფერები, გავაერთიანე ოთახები, დავამატე სამზარეულო და ტერასა, მოვაწესრიგეთ ეზო.. ჩემი იდეა იყო, რომ აქაურობისთვის “მაყაშვილებთან” დაგვერქმია, რადგან ეს მართლაც ასეა – ნამდვილად მათ ოჯახში ვართ.

“მაყაშვილებთან”, ფოტოგრაფი: გოგა მარეხიშვილი

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

სახლი ნიუ-იორკში ბრაზილიური მოტივებით

ტური Giorgio Armani-ს სენ-ტროპეს რეზიდენციაში