პოპულარული ავეჯის ბრენდები აქტიურად იყენებენ ინსტაგრამს თავიანთი პროდუქტების წარმოსაჩენად, ხშირად გვიზიარებენ მათი დიზაინის ფილოსოფიას და ასევე იმას, თუ როგორ ამზადებენ ავეჯს სხვადასხვა მასალისგან, ამგვარი კომუნიკაციით ისინი უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებენ მომხმარებელთან.
დანიური ბრენდი HAY ყველაზე პოპულარული დიზაინერული ავეჯის მაღაზიაა ინსტაგრამზე. ბრენდი 2002 წელს დააარსა წყვილმა მეთე და როლფ ჰეიმ.
“ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მაღალი ხარისხის პროდუქცია შესაფერის ფასად, ამისთვის გამოცდილ დიზაინერებს ვთხოვეთ დახმარება” – ამბობს როლფ ჰეი. დასაწყისში წყვილი იმაზეც ნერვიულობდა როგორ მიაგნებდნენ ადამიანები მათი მაღაზიის მეორე სართულს, დღეს კი უამრავი მომხმარებელი და თაყვანისმცემელი ჰყავთ.
სკანდინავიური მაღაზია Muuto ბევრი დიზაინერის საყვარელი ბრენდია. კომპანია 2006 წელს დაარსდა კოპენჰაგენში. დღეს ბრენდს 1300 დისტიბუტორი ჰყავს 52 განსხვავებულ ქვეყანაში.
ტომ დიქსონი (TOM DIXON) თვითნასწავლი ბრიტანელი ავეჯის დიზაინერია რომელსაც თავისი სახელობის ბრენდი აქვს.
Fritz Hansen ასევე ცნობილია, როგორც Republic of Fritz Hansen, დანიური ავეჯის დიზაინის კომპანიაა, რომელიც 1872 წელს დაარსდა. ბრენდისთვის მუშაობდნენ ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან არნე იაკობსენი (Arne Jacobsen), პოლ კეროლმი (Poul Kjærholm) , ჰანს ვეგნერი (Hans J. Wegner) და პიტ ჰაინი (Piet Hein).
GUBI კიდევ ერთი ცნობილი ავეჯის ბრენდია, რომელიც გუბი ოლსენმა დაარსა თავის მეუღლესთან, ლისბეტ ოლსენთან ერთად 1967 წელს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ბრენდის მიზანია შექმნას მაღალი ხარისხის ავეჯი, რომელიც აერთიანებს წარსულსა და აწმყოს. GUBI-იც ასევე დანიური კომპანიაა.