in

მზის პანელები და მათი გამოყენება საცხოვრებელ სახლებში – ნამაის სტანდარტი

მზის პანელების პირველი პროტოტიპის შექმნა იტალიელი ფოტოქიმიკოსის – ჯაკომო ლუიჯი ჩამიჩანის სახელს უკავშირდება. განახლებადი ენერგიის ამ ტექნოლოგიამ კოსმოსური მრეწველობიდან ჩვენს ყოველდღიურობაში მალე გადმოინაცვლა და თანდათან ტრენდულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. დღეს შევეცდებით გავიგოთ, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადრება ამ სისტემისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.

მზის ენერგიის ცვლად დენად გარდაქმნას სისტემა მზის პანელების, ინვერტორისა და აკუმულატორების მეშვეობით ახერხებს.

მზის პანელები

პანელები მზის ენერგიას მუდმივ დენად გარდაქმნის, თუმცა მისი წარმადობა მზის მდგომარეობაზე და ამინდზეა დამოკიდებული (მაგალითად, ღამე სისტემა არ მუშაობს, ხოლო ღრუბლიან ამინდში ძალიან დაბალი წარმადობა აქვს). სისტემის ეფექტურობისთვის აკუმულატორებს იყენებენ, რომელიც მზისგან გარდაქმნილ ენერგიას აგროვებს და შემდგომ ინვერტორის მეშვეობით სახლს გადასცემს.

ინვერტორი

ინვერტორის ფუნქციაა აკუმულატორებისა და ქსელური დენის ბალანსირება, დატენილი აკუმულატორის პირობებში მისი ენერგიის მოხმარება, ხოლო მათი დაჯდომისას, ქსელურის მოხმარებაზე გადართვა. ამ გზით ელექტრო ენერგიის ოპტიმალური მოხმარება ხორციელდება, რაც კომუნალურ გადასახადებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

აკუმულატორები

აკუმულატორების ფუნქციაა პანელებისგან მიღებული ენერგიის დაგროვება და შემდგომ საჭიროებისამებრ სახლზე გადაცემა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აკუმულატორების ოპტიმალური წარმადობის გათვლა.

რამდენად გამართლებულია ფინანსურად მზის პანელების სისტემაში ინვესტირება?

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებულია და მასში ინვესტირებული თანხის ამოღება ათწლეულები გრძელდება. ისეთ ადგილებში, სადაც ქსელური ძაბვა არ არსებობს, ის შეუცვლელია და ნამდვილად გამართლებული.

რაც შეეხება დასახლებულ პუნქტებს, ამ შემთხვევაში მიიჩნევა რომ ინვესტიცია ჯერჯერობით ფინანსურად გაუმართლებელია. ამის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მზის პანელების ამგვარი სისტემა საჭიროებს პროფესიონალების მუდმივ მომსახურებას. აკუმულატორების შეცვლა აუცილებელია ათ წელიწადში ერთხელ, ხოლო ჩადებული თანხის უკუგებას მინიმუმ 15-20 წელი სჭირდება. თუმცა, ტექნოლოგიები ვითარდება და ახლო მომავალში ამგვარი ინვესტიცია უკვე ნამდვილად გამართებული გახდება.

საქართველოში მოქმედ დეველოპერულ კომპანიებში “ნამაი ვაკე” ერთ-ერთი პირველია, ვინც საკუთარ კომპლექსში განახლებადი ენერგიის წარმოების ეს სისტემა დანერგა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპლექსში მზის ენერგიით ავტოფარეხების, სადარბაზოებისა და ლიფტების მომსახურება განხორციელდება. და რაც ყველაზე მთავარია, თვით სისტემის მომსახურებას შენობის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში მომსახურების კომპანია უზრუნველყოფს. ეს ნაბიჯი დეველოპერის მხრიდან ახალ ტექნოლოგიებსა და მაცხოვრებლების კომფორტში განხორციელებული ინვესტიციაა, საიდანაც კარგად ჩანს  კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ მზის პანელების სისტემამ მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს?

ამ საკითხში გასარკვევად ჩვენ “ნამაი ვაკეს” ექსპერტების ჯგუფს მივმართეთ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პანელების შერჩევის დროს, პირველ რიგში, შემდეგი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ:

  • ბრენდი და მისი ადგილი მსოფლიო რეიტინგში, ბაზარზე არსებობის დრო, კომპანიის მიერ წარმოებული პანელების რაოდენობა;
  • პანელების სიმძლავრე, საექსპლუატაციო პერიოდის ხანგრძლივობა, გაბარიტები, წარმოებისთვის გამოყენებული მასალების ხარისხი;
  • ხარისხიანი ინვერტორი (თქვენი პანელების მაღალი წარმადობა შესაძლებელია უხარისხო ინვერტორის გამო დაიკარგოს, ვინაიდან ის ენერგის კონვერტირებას არაეფექტურად მოახდენს);
  • ხარისხიანი მონტაჟი (ამის მიღწევა მხოლოდ მაღალკვალიფიციური კომპანიის პირობებშია შესაძლებელი);
  • პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატები;
  • გარანტია.

რომ შევაჯამოთ, სწორად შერჩეული სისტემა ენერგიის დამატებითი ალტერნატიული წყაროა. სამწუხაროდ, საქართველოში „მწვანე ტარიფი“, რომელიც სახელმწიფოსთვის მზის ენერგიის მიყიდვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა, დღემდე არ არსებობს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მზის პანელების სისტემა ენერგიას ზოგავს და ქსელში დენის გამორთვის შემთხვევაში ის ერთგვარი „უსაფრთხოების ბალიშია“, რაც განსაკუთრებით მრავალსართულიანი კომპლექსების ბინადრებისთვის შეუცვლელი კომფორტი და სიმშვიდის გარანტია.

ქართული თანამედროვე ავეჯი წარსულიდან – Etagere Factory

ავეჯის იტალიური ბრენდის – MERIDIANI-ს ისტორია