me – ანუ, მე, თეა მაქაცარია. Elvis-ი – ჩემი დიდი ხნის მეგობარი, საქმიანი პარტნიორი და მეუღლე, ელვის ივანიშვილია და ჩვენ ორნი ერთად ვართ – me and Elvis.
დიახ, ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ბაზარს რარიტეტული ავეჯით ამდიდრებს. თეა და ელვისი ძველი, “ვადაგასული” ავეჯისგან თანამედროვე ნივთებს ამზადებენ და თანაც ისე, რომ თითოეული მათგანი ექსკლუზიურია. ერთი შეხედვით, ეს არაფრისმსგავსი და განსაკუთრებული ნივთები ახალ, ძალიან ორიგინალურ სახეს იღებენ, თუმცა, მათ მიღმა დიდი სიძველე და ისტორია დგას.
ელვის ივანიშვილი და თეა მაქაცარია
– პირველ რიგში, გვაინტერესებს, საიდან გაჩნდა იდეა, შექმნილიყო Me and Elvis, რა წინაპირობები უძღოდა და როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?
2014 წელს ჩემს ორ მეგობართან ერთად დავაარსე ავეჯის სახელოსნო Baum, რომელმაც 4 წელი იარსება და ბევრი საინტერესო ნივთი და პროექტი შექმნა. ამას გარდა, ვმუშაობდი ინტერიერის დიზაინის კერძო პროექტებზე.
თავის მხრივ, ჩემი მეუღლე ბევრი წლის განმავლობაში უკეთებდა რესტავრაციას ძველ, საბჭოთა მოტოციკლეტებს.
2018 წელს გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჩვენი ერთობლივი ხაზი me and Elvis-ი და ამით ჩემი და მისი ცალკეული გამოცდილება გაგვეერთიანებინა.
– რა ნიშნით არის me and Elvis-ის ავეჯი განსაკუთრებული?
ჩვენ მომხმარებელს განსაკუთრებულ ავეჯს ვთავაზობთ. ეს არის 50-60-იანი წლების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნაწარმოები კომპაქტური ავეჯი, რომელიც არ იკავებს დიდ ადგილს ინტერიერში და არ ტვირთავს მას. მას არ აქვს რთული ფორმები და გამოირჩევა ძალიან სადა, გეომეტრიული ხაზებით. ვფიქრობ, ჩვენი ავეჯის კიდევ ერთი განსაკუტრებული თვისება მისი ხარისხია. ეს არის ნატურალური ხის მასალისგან დამზადებული მყარი და გამძლე ნივთები.
– როგორია მათი სახეცვლის პროცესი – პირველ რიგში, რა სირთულეებთან ასოცირდება და როგორ წყვეტთ, თუ როგორი იქნება მათი ახალი დიზაინი? (მაგ: თავად ავეჯი გკარნახობთ, აბსოლუტურად უცვლით იერსახეს თუ რა გაძლევთ შთაგონებას ამ დროს?)
დღვანდელობაში, ამ ავეჯის ხანდაზმულობის გამო, პირველადი სახით მათ დაასრულეს პრაქტიკაში გამოყენების ვადები. ხშირ შემთხვევაში, მათი პოვნა და მოძიება მხოლოდ ძველ ბინებში ან რეგიონებშია შესაძლებელი. ჩვენ სხვადასხვა ადგილიდან, ძველი მფლობელებისგან ვყიდულობთ მათ და შემდეგ ვიწყებთ მათ გარდასახვაზე მუშაობას. ყველა ნივთს თავისი ისტორია და ხასიათი აქვს. გარკვეული დროის განმავლობაში ვდებთ მათ ჩვენს სახელოსნოში, რის შემდეგაც ვიწყებთ ობიექტის შეფასებას და შესწავლას, გაცნობას და მხოლოდ შემდეგ მის ტრანსფორმაციაზე ზრუნვას. ვსაზღვრავთ ფერს, ფაქტურას, და ათას სხვა საგულისხმო დეტალს. ერთ-ერთი ტექნიკური სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ უკლებლივ ყველა ეს ნივთი არის პოლირებული სქელი ლაქის საფარით, რისი მოხსნაც დაზიანების გარეშე რთულია.
ასევე, ჩვენ არ ვართ სერიული წარმოების კომპანია, გამომდინარე აქედან, თითო ნივთზე მუშაობას დიდ დროს და ენერგიას ვახმართ. არ დაგვიმზადებია არც ერთი ორი იდენტური ნივთი და ყველა მათგანი არის ექსკლუზიური.
– როგორ ფიქრობთ, მაინც როგორი ინტერიერისთვისაა გათვლილი თქვენი ავეჯი და რითაა განსხვავებული ის სხვა, ახალი და თანამედროვე ავეჯისგან?
ეს ავეჯი მინიმალისტური და სკანდინავიური სტილის ინტერიერში კარგად თავსდება. ჩვენი მიზანი მათი გარდასახვა და დღევანდელ დროსთან მორგებაა ისე, რომ არ დავუკარგოთ მთავარი – თავისივე ავთენტურობა.
პირადად ჩემთვის, ეს არის ავეჯი, რომლის მოხმარებაც იწვევს ნდობას, აქვს ხარისხი და ისტორია, რომელიც სახეცვლილ მდგომარეობაში სითბოს და სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებს.
თანაც, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც გარე სამყაროსთან კავშირი ონლაინ და სახლიდან ხდებოდა, სიმყუდროვემ ინტერიერში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
გამომდინარე აქედან, me and Elvis-ის მომხარებლები არიან ის ადამიანები, ვინც ზემოთ ნახსენებ ნიშნებს ეძებენ თავიანთ სივრცეებში და სახლებში.
– როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ ავეჯის სრულ, ფუნდამენტურ ტრანსფორმირებას ვგეგმავთ.