კომპანია Dodo Designs ერთდროულად ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, პრაქტიკულად ყველაფერზე, რის ქვეშაც დიზაინი შეიძლება გაერთიანდეს. მთავარი სამომავლო გეგმა საავტორო ავეჯისა და პროდუქტის დიზაინის შექმნას უკავშირდება, რომელიც არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, არამედ უცხოეთშიც ხელმისაწვდომი იქნება კონცეპტუალური დიზაინერული პროდუქციის მოყვარულებისთვის.
დოდოშკა და თაკო ჩხეიძეები კომპანია Dodo Designs-ის დამფუძნებლები არიან, თუმცა თაკოს პროექტების მენეჯმენტი აბარია, დოდოშკა კი კრეატიულ მხარეზეა პასუხისმგებელი.
მოგვიყვით თქვენი კომპანიის დაარსების შესახებ და იმ ძირითად პრინციპებზე, რასაც ეყრდნობა დიზაინი რომლსაც ქმნით
ჯერ კიდევ სცენოგრაფიაზე ვსწავლობდი, როცა სარეკლამო სააგენტო ვინდფორსთან დავიწყე სარეკლამო რგოლების დამდგმელ მხატვრად მუშაობა. ამას მოჰყვა სხვა სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობაც, რამდენიმე ფილმზე და სპექტაკლზე, ინტერიერის დიზაინზე, სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალზე დეკორაციების შექმნა, ვიტრინების გაფორმება და ა.შ.
13 წლიანი freelancer-ად მუშაობის შემდეგ მე და ჩემმა დამ, თაკომ, გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა კომპანია DODO Designs, რომელიც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბევრად უფრო მეტ პროექტზე მუშაობა შემიძლია, ვიდრე ამას მარტო ვახერხებდი. ძალიან სასიამოვნოა გუნდთან ერთად მუშაობა, მომოწნს, რომ მუდმივად მივისწრაფით განვითარებისკენ და ზრდისკენ. ჩვენს მიმართულებებს დავამატეთ პროდუქტის დიზაინიც, რომელიც რამდენიმე თვეში გაიყიდება. მთავარი პრინციპი, რასაც ეყრდნობა ჩვენი დიზაინი, არის გულწრფელი ემოცია, რომელსაც ვდებთ ყველა ნამუშევარში. ვცდილობთ მუდმივად გავაუმჯობესოთ ხარისხი და ყოველი ახალი პროექტი იყოს განხვავებული და საინტერესო.
პროექტზე მუშაობისას საიდან იღებთ ინსპირაციას?
როგორც წესი, ყველა პროექტს თავისი საინტერესო დასაწყისი აქვს, გააჩნია როგორ პროექტზე ვმუშაობ. ინსპირაცია შეიძლება უბრალოდ ერთი ნივთიდანაც წამოვიდეს, რომელიც ჩემში კარგ ემოციებს იწვევს. შეიძლება ეს უბრალოდ ფერიც იყოს. მთავარია ის ერთი მნიშნელოვანი გაელვება მოხდეს ჩემს წარმოსახვაში, რომელსაც ძალიან ველოდები, ამის შემდეგ უკვე ზუსტად ვგრძნობ რისი გაკეთება შეიძლება.
აქვე აღვნიშნავ, რომ ერთია იდეა, მაგრამ მეორეა მისი შესრულება, რაც საქართველოში ბევრ შემთხვევაში რთულდება მასალების თუ ტექნოლოგიების არქონის გამო, თუმცა, მე ძალიან გამიმართლა, რომ შევხვდი ისეთ ნიჭიერ სახელოსნოს, როგორიც არის “Kinofactory”. ისინი საშუალებას მაძლევენ, რომ ჩემი ფანტაზიები არ შევბოჭო, რაც ძალიან მნიშნელოვანია საბოლოო შედეგისთვის.
თქვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ყვავილების პავილიონი, რომელიც ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. მოგვიყევით რამ გიკარნახათ ამ პტოექტის დიზაინის თავისებურება?
ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროექტია, რადგან ქალაქის მნიშვნელოვანი და კოლორიტული ნაწილის შეცვლაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ამისათვის მადლობას ვუხდი ნინო დარასელს და სოფო ხუნწარიას, რომ ნდობა გამომიცხადეს. ბევრი ვიფიქრე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარი განწყობა თავიდანვე ვიგრძენი. ჩანაფიქრი მქონდა, რომ ეს პავილიონები კლასიკური ლითონის ორანჟერეებისა და თანამედროვე დიზაინის ელემენტების სინთეზი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა არ მისწავლია, მალევე გავაკეთე ფორმის მონახაზი და შემდეგ უკვე სამ განზომილებაში ავაწყვეთ, რაც პროექტის უკეთ დანახვაში დამეხმარა. ყვლაზე რთული ნაწილი სარკის მომრგვალებული ჭერი იყო, რომელიც საბოლოოდ, სირთულეების მიუხედავად, წარმატებულად დამონტაჟდა. ვთვლი, რომ ჭერი მთლიანი დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ჭადრაკისებური შავ-თეთრი იატაკის ფონზე ჭრელი ყვავილები საინტერესოდ ირეკლება.
გვესაუბრეთ თბილისში მდებარე Airbnb-ის სახლებისთვის შექმნილი ინტერიერის დიზაინის შესახებ
ეს მიმართულება საინტერესოა, რადგან ბევრ ეფექტურ და განსხვავებულ დიზაინზე გიწევს ფიქრი. საიტზე დათვალიერებისას ტურისტმა ათასობით ბინისგან უნდა გამოარჩიოს შენი პროექტი. სამწუხაროდ საქართველოში უმეტესად მოთხოვნაა, რომ დაბალ ბიუჯეტიანი ბინები მოეწყოს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილები ვართ ჩვენი ყველა ასეთი პროექტებით, თუმცა დასახულ მიზანს ასეთ შემთხვევაშიც სხვადასხვა ელემენტის შეტანით ვაღწევთ.
რა არის საქართველოში, თქვენთვის, მთავარი გამოწვევა, როდესაც ახალ პროექტზე იწყებთ მუშაობას?
ჩვენთვის მთავარია არ განვმეორდეთ და ხარისხი გავაუმჯობესოთ. მნიშნელოვანია ადამიანების შეფასებები. ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს კარგი შეფასება, რაც უკეთესის გაკეთების სურვილს გვიჩენს. საბოლოო ჯამში, გვინდა ისეთ ხარისხს მივაღწიოთ, როგორიც ჩვენთვის სამაგალითოა სხვა ქვეყნებში. ასევე, გვსურს, რომ საქართველოში დიზაინის სფერო სწარაფად განვითარდეს. კარგია ჯანსაღი კონკურენცია, რაც უფრო მეტი ადამიანი თუ კომპანია იმუშავებს საინტერესო დიზაინებზე, მით უფრო მალე მივაღწევთ სასურველ მიზანს, რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის საერთოა.
თქვენი პროექტებიდან გამოვარჩევდით საშობაოდ თბილისის სკვერებსა და ბაღებში შექმნილ ინსტალაციებს. განსაკუთრებით მრგვალ ბაღში დაკიდულ მთვარის ინსტალაციას. მოგვიყევით ამ გამოცდილების შესახებ.
ზოგადად საახალწლო დეკორაციების სიყვარული და ის ჯადოსნური განწყობა, რომელსაც ეს პერიოდი იწევებს ბავშვობიდან მომყვება. ამიტომ, ძალიან მიყვარს საახალწლო დეკორაციებზე მუშაობა. ვფიქრობ, ამ ემოციის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ამდენი დეკორაციის მოფიქრება. მთვარეს რაც შეეხება, ის ვფიქრობთ ჩვენი ნამუშევრებიდან საუკეთესოა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ხშირად ამას სხვა ადამიანებისგანაც ვიგებთ, რაც ძალიანა გვახარებს.
გვესაუბრეთ ვიტრინებისთვის შექნილ ინსტალაციებზე. რომელს გამოარჩევდით?
პირველი გალერია თბილისისთვის შექმნილი მანათობელი გული მახსენდება, რადგან ის ჩემს ხასიათს ძალიან კარგად გამოხატავს. ამასთან ერთად, შექმნის პერიოდი ეხმაურებოდა ჩემს განწყობასა და ემოციებს. ასევე, ჩემთვის ძალიან ძვირფასია პეტრე ოცხელის ესკიზების ინსპირაციით შექნილი პატარა სკულპტურა, რომელიც კოტე მარჯაიშვილის სახელობის თეატრისთვის შეიქმნა.
რომელი პროექტია თქვენთვის განსაკუთრებული?
ჩემთვის ძალიან საყვარელი მიმართულებაა Pop-Up მაღაზიების სხვადასხვა ბრენდებისთვის შექმნა. ამიტომ გამოვარჩევდი 0711-სთვის გაკეთებულ სამივე Pop-Up Store-ს, მითუმეტეს, რომ ორი მათგანი ჩემთვის ყველაზე საყვარელი რეჟისორის, ვეს ანდერსონის ფილმების თემაზეა შექმნილი.
გვესუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე
ჩემი და თაკოს ერთობლივი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ახლა მზადების პროცესშია. ჩვენი დიზაინით ფარდაგები იქსოვება, რომლებიც ამ ეტაპზე TBC ბანკისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი “ქართული ქსოვილების’ პროექტის ფარგლებში კეთდება. ფარდაგებში ვიყენებთ ძველი ქართული ქსოვილების პატერნებს და ასევე ახალგაზრდა ქართველი მხატვრების, სალომე ჯოხაძისა და ანასტასია ახვლედიანის ნამუშევრებს. სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი დიზაინით უფრო ბევრი სახეობის პროდუქტის შექმნას, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ცხოვრებას.
რა რჩევას მისცემდით დამწყებ დიზაინერებს?
დარწმუნდნენ, რომ ეს სფერო ძალიან უყვართ და იგრძნონ საკუთარი თავი ამ პროფესიაში. იმუშაობ ძალიან ბევრი, თავდაუზოგავად, მიიღონ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, არა მხოლოდ დიზაინზე, იმოგზაურონ ბევრი და დააკვირდნენ ყველაფერს. უსმინონ მუსიკას და უყურონ ფილმებს. იარონ თეატრსა და კინოში. აკეთონ ჩანახატები და აუცილებლად იმუშაონ საკუთარ თავზე, რომ იყვნენ პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი. კარგი დიზაინერობა არ ნიშნავს მხოლოდ კარგ იდეებს, არამედ მათ სჭირდებათ რეალობაში გადმოტანა, რის სწორად განხორციელებლადაც დიდი ყურადღებაა საჭირო.