ბინის გეგმარებაზე თქვენი და ოჯახის კომფორტული ცხოვრების ხარისხია დამოკიდებული. უძრავი ქონების ბაზარზე სხვადასხვა ვარიანტები შეგხვდებათ, რომლებიც ერთი შეხედვით შესაძლებელია მიმზიდველი მოგეჩვენოთ, მაგრამ შესახლების შემდეგ მიხვდებით, რომ სივრცე თქვენზე არ არის მორგებული. დღეს შევეცდებით გირჩიოთ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადრება, რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩდეთ.
საიდან უნდა დავიწყოთ?
უძრავი ქონების ბაზრის განვითარება ბინების დაგეგმარების ხარისხზეც აისახა. დაიხვეწა ჩვენი გემოვნებაც. ბინის არჩევამდე, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, თუ რა არის ბინაში თქვენთვის უმთავრესი. განსაზღვრეთ პრიორიტეტები. მაგალითად, თუ მარტოხელასთვის სტუდიოს ტიპის ბინა შესანიშნავი არჩევანია, მრავალწევრიანი ოჯახისთის რამდენიმე დამოუკიდებელი ოთახია აუცილებელი.
დააკვირდით, როგორ მიმდინარეობს თქვენი დღე – სახლიდან მუშაობთ თუ ბინაში მხოლოდ დასაძინებლად შემოდიხართ? სად ატარებთ ოჯახთან ერთად უმეტესს დროს? ასე მიხვდებით, დიდი სასტუმრო ოთახი გჭირდებათ თუ არა, ან იქნებ, დიდი სამზარეულოა თქვენთვის უპირატესი.
თავისუფალი გეგმარება
ქალაქში არსებული ახალაშენებული ბინების უმეტესობა თავისუფალი გეგმარების საშუალებას იძლევა. ბინებს შიდა ტიხრების გარეშე, ან თქვენი სურვილისამებრ დაგეგმარებულს ჩაგაბარებენ. თუმცა, როგორც წესი, სამზარეულოსა და სველი წერტილების ადგილი შეზღუდულია და მშენებლის მიერ წინასწარაა განსაზღვრული.
შესაძლებელია სამზარეულოსა და სააბაზანოს ოთახების შემოსასვლელის ხარჯზე ცოტა გადიდება. მზიდი კედლების გეგმარების ნახვა მშენებელთანაა შესაძლებელი.
კარგი გეგმარების კრიტერიუმები
განვიხილოთ ძირითადი კრიტერიუმები, რაზეც ახალი ბინის არჩევის დროს უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
კედლები – რაც უფრო ნაკლები მზიდი კედელია ბინაში, მით მეტი შესაძლებლობაა გეგმარებისთვის.
ზონირება – სივრცე სასტუმრო და პრივატულ ზონებად იყოფა, სასტუმრო და სამყოფი ოთახი სამზარეულოსთან უნდა იყოს ახლოს.
შემოსასვლელის განლაგება – უმჯობესია, შემოსასვლელს კვადრატის ან წრის ფორმა ჰქონდეს და აქედან ნებისმიერ ოთახში მოხვედრა იყოს შესაძლებელი.
ფანჯრების რაოდენობა – ის საცხოვრებელი ოთახების რაოდეობას განსაზღვრავს. კარგია, როცა ფანჯარა დიდია და ბინის სხვადასხვა მხარეს გადის. რაც მეტი შუქია ოთახებში, მით უფრო კომფორტული და მყუდროა ბინა.
ოთახების ფორმა – სწორი გეომეტრიული ფორმა, სწორედ ასეთი გეგმარების არჩევაა აუცილებელი პატარა და სტუდიოს ტიპის ბინის შეძენისას. ამ დროს, შეზღუდული ფართის სივრცეში შესაძლებელია ავეჯის მაქსიმალურად ფუნქციურად განლაგება.
შემოსასვლელი – უმჯობესია, ის ბინის საერთო ფართისგან გამოყოფილი იყოს, რაც სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ნათელი და ვრცელი სამზარეულო – თუ სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორისი კედელი არაა მზიდი, სურვილისამებრ, ამ ორი ოთახის გაერთიანება იქნება შესაძლებელი.
სათავსოები – ძალიან კარგია, თუ მშენებელმა სათავსო ზონა წინასწარ დაგეგმა. ეს მის წინდახედულობასა და კლიენტის კომფორტზე ზრუნვაზე მიუთითებს.
დამოუკიდებელი სველი წერტილები – ბავშვებიანი ოჯახისთვის ცალკეული ოთახები ტუალეტისთვის და სააბაზანოსთვის აუცილებელია. მრავალოთახიანი ბინის შემთხვევაში, კიდევ ერთი დამატებითი სველი წერტილი დიდი პლიუსია.