in

როგორ გავახალისოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით – რამდენიმე საინტერესო მაგალითი

ცხოვრებაში ხშირად დგება დრო, როდესაც გვჭირდება სახლში სიახლეების შემოტანა. ყველაზე მარტივად კი ინტერიერის გადახალისება ახალი ფერების გამოყენებით არის შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით, დღევანდელ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ფერების გამოყენება ინტერიერში ისე, რომ სივრცემ განახლებული იერი მიიღოს. ამ ტექნიკის საშუალებით, თქვენ ასევე შეძლებთ საკუთარი პიროვნული თვისებების საცხოვრებელ გარემოში გადმოტანას.

1. წითელი დეტალი

ლონდონის ამ სახლში,  მეტალის დამჭერი კოჭი მკვეთრ წითელ ფერშია შეღებილი. ამით დიზაინერებმა შეძლეს, რომ სახლის ტრადიციულ ინტერიერში მხიარული და ცოცხალი ატმოსფერო შეექმნათ.

2. მკვეთრი ფერების კომბინაცია

ლურჯი, მწვანე და ყვითელი ოთხკუთხა პანელებით სავსე სამზარეულო ლონდონის სახლის ნაწილია, რომელიც მე-19 საუკუნეშია აშენებული. გარდა ამისა, სახლში არსებული კიბეც სტაფილოსფერ ფერშია შეღებილი. ასეთი დეტალებით სახლის ინტერიერი ენერგიული და გამორჩეულია.

3. ფერი, როგორც აქცენტი

სლოვენიურმა სტუდიამ  ფერადი ფილები ღია თაროების ხაზგასასმელად გამოიყენა. ამ შემთხვევაში დიზაინერებმა  ფუნქციური დატვირთვის ადგილი გამოკვეთეს.  სამზარეულოს კედელზე პასტელური მწვანე ფერის ფილები გვხვდება, დერეფანში, ველოსიპედების შესანახი ადგილის კედლები ლურჯი და ვარდისფერი ფილებით არის მოპირკეთებული.

4. ცეცხლოვანი ყვითელი

ყვითელი ფერის სათავსო მექსიკაში 1970-იანი წლების ამ ბინის საცხოვრებელ ოთახსა და საძინებლებს შორის გარდამავალ ადგილს წარმოადგენს. არქიტექტორმა იაკობ გომესმა ნათელი ფერი აირჩია, რომ სივრცე გამორჩეული და გამოკვეთილი ყოფილიყო.

5. თვალისმომჭრელი ლურჯი

სტუდია RA Projects–მა შექმნა ლურჯი ფოლადის კიბე, რომელიც ლონდონის ამ სახლის მინიმალისტურ ინტერიერთან საუცხოო კონტრასტს ქმნის. თეთრ სახლში მთელი აქცენტი ლურჯი ფერისკენაა მიმართული და ამას ემატება საინტერესო გეომეტრიული ფორმები, რაც საბოლოო ჯამში, მართლაც უნიკალურ გარემოს ქმნის.

6. კონტრასტი

ამ ბინაში ფიქსირებული მაგიდა და სკამები სასადილო ზონას ქმნიან. ავეჯის ხასხასა ჟოლოსფერი საკმაოდ საინტერესო კომბინაციას ქმნის კლასიკურ შავ-თეთრ ფონთან.

7. ხასხასა მწვანე

Miel Arquitectos- მა ბინას სხვადასხვა თამამი და კაშკაშა ფერები დაამატა. სივრცის ფოკუსი სარკის კედელზე მოდის, რომელიც ფოსფორისფერი მწვანე შესანახი სივრცეებით წყდება.

8. მუქი ტონები

ვილნიუსის ამ ბინის სამზარეულოში, სასადილოსა და მისაღებ ოთახში განთავსებულია ფერადი ავეჯი, რომელიც შავი ლითონის დეტალებით არის შემკული. სივრცეს სამზარეულოს მწვანე  კარადები და ხავერდოვანი ლურჯი ტახტი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

9. ფერი, როგორც სიმყუდროვის წყარო

კარადები და კედლები ნარინჯისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელიც ფოლადით მოპირკეთებულ ინტერიერს ძალიან უხდება. ამ გზით ცივ ინტერიერში ფერს სითბო შემოაქვს.

10. მზისფერი ინტერიერში

კანადურმა სტუდია Naturehumaine- მა  XIX საუკუნის 30-იანი წლების შენობა თანამედროვე დიზაინერულ სახლად გარდაქმნა. მათ გამოიყენეს ფერით აქცენტირების ტექნიკა, რომლის საშუალებით კიბის სტრუქტურა გამოკვეთილია. თავისი გეომეტრიული ფორმიდან გამომდინარე, ის სივრცის ფოკუსური წერტილი ხდება.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

სად შევიძინოთ მუსიკალური აქსესუარები სახლისთვის?

ისტორიული ვილა შვედეთში უმშვენიერესი ინტერიერით