in

ინსპირაცია სხვენის მოსაწყობად

ძალიან ხშირად გადახურვის ქვეშ სივრცე უყურადღებოდ რჩება და ადამიანები მას საერთოდ არ იყენებენ, ალბათ იმიტომ რომ სახლის ამ ნაწილში ბევრი სამშენებლო ელემენტი ჩანს, გადახურვის რიგელები, საყრდენები ასევე ჭერის სიმაღლეც დაბალია, მაგრამ მიუხედავად ამ გარემოებებისა, სხვენში სრულფასოვანი ოთახის მოწყობაც კი შესაძლებელია, თუ მას სწორად დავაგეგმარებთ. ბევრი მაგალითი არსებობს იმისა თუ როგორ გამოიყენეს ინტერიერის დიზაინერებმა სხვენის ისვრცე გარდერობისთვის, აბაზანისთვის, საძინებლისთვის, დამატებითი სასტუმრო ოთახისა და პატარა კინოთეატრისთვისაც კი.

A House / Semiotic Arsitek

ნებისმიერი სივრცის მოწყობისთვის აუცილებელია კრეატიულობა, სწორედ სხვენის ბევრი თავისებურება გვაძლევს ერთგვარ მიმართულებას, როგორ მოვაწყოთ ოთახი. პირველ რიგში ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ის ფუნქცია, რაც შემდგომ ამ სივრცეს ექნება. სხვენს თუ არ აქვს ბუნებრივი განათება, საძინებლის მოწყობა სწორი არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება კინოთეატრის მოწყობა, რადგან არ საჭიროებს ბუნებრივ განათებას და პირიქით, დამატებით სიმყუდროვესაც ქმნის. ძალიან კარგად უნდა შევისწავლოთ სივრცე, რომ მისი ფუნქცია სწორად განვსაზღვროთ და კომფორტული ოთახი მივიღოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭერის სიმაღლე არ შევზღუდოთ და გამოსაყენებელი სივრცე სახურავის ქანობის მიხედვით ისეთ ადგილას მოვაქციოთ, რომ კლაუსტროფობიული გარემო არ შეიქმნას, საძინებლის მოწყობის შემთხვევაში უფრო დაბალი ნაწილი შეგვიძლია გამოვიყენოთ საგარდერობე სივრცედ. სხვენი შეიძლება გადაკეთდეს სამუშაო სივრცედ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი ადამიანი სახლიდან მუშაობს.

კარგი იქნება თუ მშენებლობის დასაწყისშივე განვსაზღვრავთ სხვენის ფუნქციას და შესაბამისად მოვაწყობთ გადახურვაში ფანჯრებს.

არსებობს ბევრი მაგალითი როდესაც დიზაინერებმა და არქიტექტორებმა სხვენი საკმაოდ მნიშვნელოვან, ღირებულ სივრცედ გადააკეთეს.

B2 Architects-მა 220 კვადრატულიანი ბინა მოაწყო პრაღაში, მე-19 საუკუნეში აშენებული კორპუსის არსებულ სხვენში, სადაც ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს, რათა ოთახები ფუნქციების მიხედვით სწორად გადაენაწილებინათ.

პორტუგალიურმა არქიტექტურულმა ოფისმა Camarim Arquitectos-მა ლისაბონის ორ საძინებლიანი ბინის სხვენში სრულფასოვანი საუნა მოაწყო.

არქიტექტურულმა კომპანიამ JDWA -მ დიდი გადახურვის ქვემოთ სრულფასოვანი ოფისის სივრცე მოაწყო, სადაც ბევრი არსებული კონსტრუქციული ელემენტიც ინტერიერის დიზაინის ნაწილად არის გამოყენებული და ამ პროექტისთვის ჟურნალი Dezeen-ის ჯილდოც აქვთ მიღებული.

სტუდია ADO Architecture-მა მეტალის სახურავს ქანობზე ვიტრაჟებთან ერთად პატარა აივნებიც გაუჩინა, ადგილობრივი მშენებლობის ნორმებით ამ შენობას მესამე სართული ვერ ექნებოდა, არქიტექტორების ჭკვიანური გადაწყვეტის წყალობით კი სხვენი ფაქტობრივად, როგორც სრულფასოვანი სართული ისე ფუნქციონირებს.

Van Staeyen Interieur Architecten-მა კი არსებული სახლის სხვენი მულტიფუნქციურ სივრცედ გადააკეთა. დამკვეთებს სურდათ რომ სხვენი ყოფილიყო სასტუმრო ოთახიც და ასევე ბავშვების სათამაშო სივრცეც. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ სივრცე მოიცავს სასტუმრო ოთახს, აბაზანასა და საძინებელს.

 

კარის საინტერესო დიზაინები

რა შეცვალა პატარა სახლების მშენებლობის ტენდენციამ არქიტექტურაში