in

5 რამ, რაც გასაყიდ ბინაში არ უნდა გააკეთოთ

გადასაყიდად გამზადებული იდეალური ბინა სუფთა, ნეიტრალური მოპირკეთებითა და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე უნდა იყოს. ხოლო თუ საცხოვრებელი ფართის ავეჯთან ერთად გაყიდვა იგეგმება, უკანასკნელი არ უნდა იყოს მეტისმეტად კაშკაშა და არასტანდარტული. იმისთვის, რომ ბინის გასაყიდი ფასი გაიზარდოს, გონივრულია ზომიერი კოსმეტიკური რემონტის ჩატარება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ვინაიდან მსგავსი სამუშაოების დამოუკიდებლად ჩატარების მცდელობისას შესაძლებელია ბინის გარეგნული იერი დააზიანოთ და ფასის სასურველ მატებას ვეღარ მიაღწიოთ.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევაგროვეთ მაგალითები, რომლებიც ბინის ძვირად გაყიდვის პროცესში ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

1. საფუძვლიანი გადაკეთება

კაპიტალური რემონტის ჩატარება ყოველთვის არ არის მართებული. დიდი ალბათობით, გაწეულ ხარჯებს გადაყიდვისას ვერ დაიბრუნებთ. კაპიტალური რემონტის დანახარჯები, განსაკუტრებით ძველ სახლებში შთამბეჭდავ ციფრს აღწევს, ბინის ღირებულება კი მრავალი ფაქტორის გამოა შეზღუდული (რაიონი, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტით წვდომა, სახლის მასალები, ასაკი, და ა.შ.) საეჭვოა, რომ ბინის გასაყიდ ღირებულებაში რემონტის მთლიანი დანახარჯები აისახოს.

თუ ბინა გაცრეცილად გამოიყურება, კოსმეტიკური რემონტი აუცილებელია, თუ ნორმალურად – უბრალოდ გენერალური დალაგებით შემოიფარგლეთ.

2. ძვირფასი მასალები და გადაწყვეტილებები

მყიდველები ბინას საკუთარი გემოვნებისა და მოთხოვნების მიხევდით გადააკეთებენ. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დიზაინერული შპალერი ან რთული ჭერები მათ არ მოეწონოთ და სამშენებლო ნაგვად აქციონ. ძვირფასი მასალები ბინის გასაყიდ ფასზე პირდაპირპროპორციულად არ მოქმედებს, სამაგიეროდ თქვენს ბიუჯეტსა და ენერგიას შეჭამს. საკმარისია ბინის უბრალოდ წესრიგში მოყვანა. სხვათაშორის, ლაკონური მოპირკეთება დამთვალიერებელს მთავარ პარამეტრებზე, ბინის ფართსა და მდგომარეობაზე, კონცენტრირებაში დაეხმარება.

ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისი ის შემთხვევაა, როცა ბინა საინვესტიციო, პირველადი გაყიდვის ობიექტია. ამ შემთხვევაში ხარისხიან რემონტში სახსრების ჩადება გონივრულია.

3. ჭრელი პალიტრა

თავშეკავებული, ლაკონურად მოპირკეთებული ბინა გაყიდვის დროს თვალსაჩინო უპირატესობით სარგებლობს, რადგან მომავალი მესაკუთრე  მისი გემოვნების ინტერიერის მოწყობას საფუძვლიანი გადაკეთების გარეშე შეძლებს. ფსონი ნეიტრალურ პალიტრაზე უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ბეჟი და მოთეთრო ელფერები უნივერსალურია და ნებისმიერ სხვა ტონთან ბრწყინვალედ კომბინირებს. აუცილებლობის შემთხვევაში ასეთ ბინაში სხვადასხვა სტილისა და ინტერიერის რეალიზებაა შესაძლებელი. ზოგჯერ, როცა კედლები ცუდ მდგომარეობაშია, მათი მოპირკეთება საერთოდ არ არის რეკომენდებული, საკმარისია გასწორება და საბოლოო მოპირკეთებისთვის მომზადება.

4. გადაგეგმარება

კედლების დემონტაჟი, სველი წერტილების გაფართოვება, არსებული ოთახების გაერთიანება/გაყოფა გასაყიდად გამზადებულ ბინაში არ ღირს. მაშინაც კი, როცა მოუხერხებელი გეგმარებაა, გადაკეთება მაინც სადავოა. მომავალი მაცხოვრებლები საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებებისამებრ გადააკეთებენ ინტერიერს. თქვენ კი გადაგეგმარებაზე დახარჯული დიდი დრო, სახსრები და ენერგია შეგრჩებათ. გაცილებით ეფექტურია ბინის კოსმეტიკური განახლება, სანტექნიკისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მდგომარეობის შემოწმება.

5. არასტანდარტული ავეჯი

არ ღირს უჩვეულო ავეჯის არჩევა, რომელიც ინტერიერს მხოლოდ ისე შეეწყობა, როგორც თქვენ თავდაპირველად ჩაიფიქრეთ. ეს მომავალი მესაკუთრეებისთვის შესაძლებელია მოუხერხებელი იყოს. ისინი სავარაუდოდ ინტერიერის შეცვლას მოინდომებენ,  საავტორო ნივთებზე გაწეული თქვენი დანახარჯები კი არ ანაზღაურდება.

HAY – ავეჯისა და დეკორის დანიური ბრენდი

ინგლისური ტრადიციისა და რუსული რომანტიზმის შერწყმა – ალექსანდრა ტოლსტოის სახლი