in

7 მიზეზი, რაც გაყიდვისას ბინის დაბალ ლიკვიდურობას იწვევს

ბინის გაყიდვის დროს ჩვენი მოლოდინი დასახელებული ფასის მიღებაა. თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ჩვენ მოლოდინს ხელს უშლის. დღეს იმ ხელისშემშლელ მომენტებზე გვინდა გესაუბროთ, როგორიცაა შეუთანხმებელი გეგმარება, უხარისხო განათება და სხვა გადაწყვეტილებები – ისინი გაყიდვის დროს ბინის ღირებულებას ამცირებს. ვნახოთ, რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მათ.

შეუთანხმებელი გეგმარება

ნებისმიერი შეუთანხმებელი და უკანონო გადაგეგმარება (მაგალითად, სველი წერტილების გაფართოება, კომუნიკაციების გადატანა, მზიდი კედლების კონსტრუქციის მოშლა) ბინის ლიკვიდობას შეამცირებს. ასეთი ბინა ფარულ რისკებს ატარებს, რომლის გამოსწორებასაც შესაძლებელია დიდი რესურსი დაჭირდეს.

როგორ მოვიქცეთ?

თუ ბინაში გადაგეგმარება და სხვა მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ცვლილებებია ჩატარებული, ამ ცვლილებების ანალიზი სანდო და აღიარებულ ექსპერტებს ჩაატარებინეთ და შესაბამისი დასკვნა მოიპოვეთ, რომელიც დაადასტურებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ცვლილებები არანაირ რისკს არ შეიცავს.

ბინაში შესვლა და ცხოვრება ურემონტოდ შეუძლებელია

შესაძლებელია ბინა გასაყიდად ცარიელი ან „მკვდარი“ რემონტით გამოიტანოთ. მაგრამ ეს გაყიდვის პროცესს შეანელებს და დიდი ალბათობით დასახელებული ფასის აღება გაგიჭირდებათ.

როგორ მოვიქცეთ?

გონივრული იქნება მინიმალური კოსმეტიკური რემონტის ჩატარება და ბინის ახალი, ბიუჯეტური ავეჯით გაწყობა. აი რისი გაკეთებაა რეკომენდებული პირველ რიგში:

  • ძველი რადიატორების შეღებვა;
  • ჭერის განახლება;
  • შპალერისა და კედლების გადაღებვა;
  • აბაზანისა და სანტექნიკის განახლება.

სპეციფიური რემონტი

ინტერიერის უჩვეულო გადაწყვეტილებები, მძიმე, მოძველებული, კლასიკური ავეჯი, თაბაშირმუყაოს მოჩუქურთმებული თაღები, მუქი იასამნისფერი კედლები ან 3D იატაკები ყველას არ მოსწონს. თუ მყიდველს ამის გამო მასშტაბური რემონტის გაკეთება მოუწევს, სავარაუდოდ მისთვის ბინის საწყისი ფასი მიუღებელი იქნება.

როგორ მოვიქცეთ?

მესამე პირის მოსაზრების მოსასმენად თქვენს ნაცნობებს რემონტის შეფასება სთხოვეთ. ისინი მიგითითებენ იმ დეტალებზე, რაც მათი აზრით, გამოსასწორებელია. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ ბინა ნეიტრალურ მდგომარეობამდე მიიყვანოთ, სადაც ერთ ტონში შესრულებული ნათელი კედლები, ავეჯისა და ზედმეტი დეკორისგან გათავისუფლებული სივრცე იქნება.

უხარისხო განათება

უხარისხო განათება ისეთი კრიტიკული, როგორც შეუთანხმებელი გადაგეგმარება, არ არის, თუმცა, ბინაზე შთაბეჭდილებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ახალ მესაკუთრეებს ახალი გაყვანილობისა და ჩამრთველების გაკეთება მოუწევთ, რაც ასევე სარემონტო კედლებსა და საკმაო ხარჯებს ნიშნავს.

როგორ მოვიქცეთ?

თუ გაყიდვამდე რემონტი არ იგეგმება, აუცილებელია ბინაში განათების შეძლებისდაგვარად მოწესრიგება. გაწმინდეთ ფანჯრები, სქელი ფარდები ჩაანაცვლეთ თხელი ვარიანტით და შეცვალეთ სანათები. შესაძლებელია რამდენიმე საოფისე ან იატაკის სანათის დამატება და ამ გზით ბინის ბნელი კუთხეების ასე ვთქვათ, “ამონათება” (თუ ასეთები არსებობს).

 „წინაპრების“ ატრიბუტიკა

ძველი ხალიჩა კედელზე, ძველი დივანი, “ომგამოვლილი” სამზარეულო – ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ ბინაში დიდი ხანია რემონტი არ ჩატარებულა. ასეთი გარემოს ხილვისას მყიდველი ქვეცნობიერად გადაწყვეტს, რომ შეძენიდან ძალიან მალე გაჩდება პრობლემები წყალგაყვანილობაში, სანტექნიკაში, რადიატორებში და სხვა ადგილებში, რასაც დიდი ხანია განახლება არ შეხებია.

როგორ მოვიქცეთ?

მოიშორეთ ყველაფერი გაცვეთილი, გატეხილი, აჭრიალებული და დაძველებული. აქცენტი შეძლებისდაგვარად სისუფთავეზე და მყუდრო მომენტებზე გადაიტანეთ. მაგალითად, ახალ ხალიჩაზე, სახლის მცენარეებზე და ა.შ.

ზედმეტი ავეჯი

ახალი მობინადრისთვის საჩუქრად დატოვებული ავეჯი რა თქმა უნდა, ბონუსია. თუმცა, როცა ავეჯი/დეკორი ბევრია, ბინა ვიზუალურად გადატვირთულია და უფრო პატარა გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.

როგორ მოვიქცეთ?

დატოვეთ მინიმალური რაოდენობის ავეჯი და დეკორი, ასე სივრცე გამოჩნდება. გახსოვდეთ, რომ გაყიდვის დროს კვადრატული მეტრები უფრო მნიშვნელოვანია.

ნაკლები, რომლებიც ძნელი მოსაშორებელია

ობი ჭერზე, რწყილები რბილ ავეჯზე, ტარაკანები სამზარეულოში და სხვა მსგავსი პრობლემები ძალიან ძნელი მოსაშორებელია, რომ არაფერი ვთქვათ მათგან მონიჭებულ დისკომფორტზე. ადამიანები, რომლებიც ბინის სანახავად მოვლენ, მიხვდებიან, რამდენი დრო, ენერგია, ფული უნდა დაიხარჯოს ამ მხრივ და შესაბამისი თანხის ბინის ფასიდან დაკლებას მოითხოვენ ან სულაც ყიდვას გადაიფიქრებენ.

როგორ მოვიქცეთ?

თუ ბინის გასაყიდი ფასის დაცემა არ გვსურს, მოგვიწევს მსგავსი პრობლემების მყიდველების მოსვლამდე მოგვარება. თუ პრობლემა მავნებლებშია, უმჯობესია ასეთი ავეჯის მოშორება და დეზინფექციის სამსახურის მოწვევა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პრობლემა ობსა და სოკოშია, უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და გამოსწორდეს პრობლემა .

ეერო აარნიოს ინოვაციური დიზაინის გზა

თანამედროვე კოტეჯი ზღვის საუცხოო ხედით – Kathryn Tyler-ის ნამუშევარი