იმ შემთხვევაში თუ სივრცესთან სწორი მუშაობა იცით, პატარა ბინა განაჩენი არ არის. დღეს რამდენიმე ხერხს შემოგთავაზებთ, რომლებიც პატარა ბინის ვიზუალური გაზრდისა და ოპტიმიზირების საშუალებას მოგცემთ.
1. ზონირება ფარდების მეშვეობით
რამდენიმე წლის წინ, ინტერიერის სამყარო ინდუსტრიულ სტილში შესრულებულმა შუშის ტიხრებმა დაიპყრო. მათ პატარა ბინების ყოველ მესამე პროექტში შეხვდებოდით. დღეს ამ ტიხრების პოპულარულობა შენარჩუნებულია, თუმცა წინა ფლანგზე უფრო რბილმა ალტერნატივებმა წამოიწია.
ფარდებით ზონირების დროს კარგია როგორც მსუბუქი და გამჭვირვალე, ასევე სქელი ფარდები, რომლის უკან შესაძლებელია საძინებელი ან სათავსო იყოს დაფარული.
ფარდები სტაციონარულ ტიხრებზე იაფია და მათი რეალიზება პროფესიონალების დახმარებას არ საჭიროებს.
2. სწორი ავეჯი და მისი გონივრული განლაგება
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა პატარა ოთახისთვის პატარა გაბარიტების ავეჯის შერჩევაა. მცდარია მოსაზრება, რომ პატარა ავეჯი ოთახს ვიზუალურად ზრდის. ზოგჯერ პატარა ნივთების დიდ რაოდენობას სივრცეში სიმძიმე და ვიზუალური ხმაური შემოაქვს. მნიშვნელოვანია ავეჯსა და ინტერიერის სხვადასხვა ზომის დეტალებს შორის ბალანსი მოიძებნოს.
განსაკუთრებით მნისვნელოვანია სწორი დივანის შერჩევა, რადგან ის სასტუმროს ცენტრალური ელემენტია. დივანი შესაძლებელია საკმაოდ დიდი იყოს და ცენტრში იდგეს. საკმარისია მისი კედლიდან ოდნავ მოშორება და სივრცე დამატებით ჰაერს შეიძენს, ოთახი კი საგრძნობლად შეიცვლება. მთავარია, შემდგომ სხვა ნივთები სწორად განლაგდეს.
3. შეკვეთილი ავეჯი
რაც უფრო ნაკლებია ფართი, მით უფრო რთულია სტანდარტულ გადაწყვეტილებებს შორის შესაფერისის პოვნა. ამიტომ, სივრცის კონკრეტული ზომისა და კომფიგურაციის შესაბამისად ხშირად არასტანდარტული ავეჯის დამზადება გვიწევს.
პირველ რიგში, ეს სამზარეულოს, თაროებს, ჩაშენებულ კარადებს, ყველანაირ სათავსო სისტემასა და საძინებელი ზონის ორგანიზებას ეხება. პატარა ბინებისთვის პოპურალური გადაწყვეტილებაა საწოლი ანტრესოლზე, პოდიუმზე ან სპეციალურ ნიშაში, რომელშიც თაროები, განათება და ნივთების შესანახი მოდულებია მოწყობილი.
არ დაგავიწყდეთ ასევე ფერებთან მუშაობა. კედლის ფერში შეღებილი თაროები სივრცეს ერწყმის და ამსუბუქებს მას.
4. ღია თაროები
ღია თაროები მასიურ კარადებთან შედარებით, ვიზუალურად უფრო მსუბუქად გამოიყურება. გარდა ამისა, მათი ნებისმიერ თავისუფალ კუთხეში მოწყობაა შესაძლებელი, სადაც სტანდარტული კარადა არ დაეტევა.
5. არა მხოლოდ თეთრი
როცა საუბარი პატარა ბინებს ეხება, რატომღაც თავში მყისიერად თეთრი ფერი მოდის. თეთრი კედლები, თეთრი ავეჯი… ასეთი ინტერიერი ზედმეტად მოსაწყენი გამოდის! დიზაინერები ჩვეული გადაწყვეტილებების საზღვრებიდან გასვლას და პატარა სივრცეებში ახალი ელფერებისკენ მოძრაობას ამჯობინებენ. ეს შეიძლება იყოს როგორც მშვიდი და ნეიტრალური ფერები, ასევე მკვეთრი და ნათელი ტონები, რომლებსაც სივრცისთვის სიღრმის, მოცულობისა და ინდივიდუალურობის მინიჭება შეუძლიათ.