ოჯახის წევრები და მეგობრები მას ლაიკოთი მოიხსენებდნენ, დანარჩენი მსოფლიო კი მარსელ ლაიოშ ბროიერად (Marcel Lajos Breuer) იცნობს. ბრუტალიზმის გენიალური წარმომადგენელი 1902 წლის მაისში ებრაელების ოჯახში, უნგრეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ პეჩში დაიბადა. 18 წლის ლაიკომ მშობლიური სახლი დატოვა და 1920 წელს ვენაში, ხელოვნების შესწავლა დაიწყო. ლაიკო დახვეწილი ხელოვნების აკადემიიდან 5 კვირაში წამოვიდა, როგორც კი ვეიმერში “ბაუჰაუსის” ახალი სკოლის გახსნის შესახებ შეიტყო. 19 წლის ასაკში ის უკვე ამ სასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოსწავლე გახდა.
ვეიმერში, მშენებლობისა და მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლა „ბაუჰაუსი“, ვალტერ გროპიუსის (Walter Gropius) მიერ 1919 წელს დაარსდა. ახალგაზრდა მარსელმა ვუნდერკინდის რეპუტაცია მოიპოვა და სადურგლო სახელოსნოს ხელმძღვანელიდან არქიტექტურის მასწავლებლამდე სწრაფად დაწინაურდა.
1925 წელს მარსელი „ბაუჰაუსის“ ავეჯის სახელოსნოს გაუძღვა. საკუთარი ველოსიპედის საჭემ მსუბუქი და ინოვაციური ფოლადის მილებისგან სკამის დამზადება შთააგონა, რომელიც შემდგომ ავეჯის საკულტო ნივთად იქცა. სკამს ბაუჰაუსის მასწავლებლის, ვასილი კანდინსკის საპატივცემულოდ – „ვასილი“ დაერქვა. ამ სკამის კონსტრუქციამ და ფორმამ დღევანდელი საოფისე ავეჯის მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი და დღემდე „Cassina“-ს ფირმის მიერ იწარმოება.
მარსელ ბროიერის მიერ ზიგზაგისებური ფოლადის მილებისგან დამზადებული სავარძლები, სკამები და ტაბურეტები ბაუჰაუსის სტილის „სავიზიტო ბარათად“ იქცა. ეს ნივთები ადვილად ირეცხებოდა, ეკონომიური იყო და მათში წინა ფლანგზე კონსტრუქციული მხარე იყო წამოწეული.
ბაუჰაუსის ავეჯის დიზაინერობის პერიოდში, მარსელ ბროიერი 1930-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ დიზაინერად დასახელდა. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი კიდევ ერთი საკულტო ნივთის, ხის დაფით დამზადებული შეზლონგის დაბადება. ამის შემდეგ ის არქიტექტურაში გადავიდა და დასაბამი მოდერნისტულ მიმართულებას მისცა.
1935 წელს ბროიერი ნაცისტური გერმანიიდან ემიგრაციაში – ინგლისში გაემგზავრა, ხოლო 1937 წელს შეერთებულ შტატებში გადავიდა. აქ გროპიუსთან ერთად ჰარვარდის არქიტექტურის სკოლაში დაიწყო მუშაობა. ამ თანამშრომლობამ 1941 წლამდე გასტანა და მრავალი სახელგანთქმული არქიტექტორი აჩუქა მსოფლიოს, მათ შორის ფ. ჯონსონი (Philip Johnson), პ. რუდოლფი (Paul Rudolph), ი.მ. პეი (I. M. Pei) და ა.შ.
„რაც შეეხება ჩემს პროექტებს, მე იმ გზაზე ვაპირებდი სიარულს, რომელიც მუდმივად მზარდ მოცულობებამდე მიმიყვანდა. აი რატომ მოვახდინე კონცენტრირება წვრილმან ელემენტებზე, ისეთზე როგორიც არის სკამი და სხვა ავეჯი… შემდეგ ავეჯიდან კერძო სახლებზე გადავინაცვლე…“ – ახსნა მან გროპიუსთან მიმოწერაში.
1946 წელს ბროიერმა ჰარვარდი დატოვა და ნიუ-იორკში დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. 1953 წელს მან საფრანგეთში, „იუნესკიოს“ შტაბ-ბინის პროექტის სახით, პირველი მსხვილი შეკვეთა მიიღო. არქიტექტორი საბოლოოდ ნიუ-იორკში დაფუძნდა, სადაც 1956 წელს ოფისი გახსნა. სწორედ ამ დროს გადაეშვა ის მთელი არსებით არქიტექტურაში და საკუთარი სტილი განავითარა. მისი მუშაობის ხერხმა ბეტონთან, რომელიც თავისი არსით მძიმე და უშნოა, უზარმაზარი, უჩვეულო ფორმის შენობების შექმნის შესაძლებლობა გააჩინა. ზოგიერთი ნაგებობა თამამი და შთამბეჭდავი იყო, სხვები კი მსუბუქი და მოძრავი.
რკინაბეტონის შენობებსა თუ ავეჯის პროექტებში ის ყოველთვის რაციონალურობასა და კომპოზიციის მკაფიოდ გამოხატულ პლასტიურობას აერთიანებდა. ისწრაფვოდა კომპოზიციის ფუნქციურობისკენ, ნაგებობების გასაგები სტრუქტურისკენ, გეგმების კომპაქტურობისა და მოცულობებისკენ. მისი არქიტექტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია:
- გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) საფრანგეთში 1953-58 წლები;
- IBM კვლევითი ცენტრი საფრანგეთში 1960-61წლები;
- წმ. იოანეს სააბატო მინესოტაში 1953-61 წლები;
- უიტნის მუზეუმი მანჰეტენზე, ნიუ-იორკში 1963-66 წლები;
1968 წელს ლაიკოს ამერიკის არქიტექტორების ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდო, ოქროს მედალი მიანიჭეს. ჯილდოს გადაცემისას მან თქვა: “შენობები პრეტენზიული არ უნდა იყოს, ისინი თავიანთი ხარისხით მნახველის ნდობას უნდა აღძრავდნენ… არქიტექტურა სარგებელთან უნდა ასოცირდებოდეს, ის უნდა იყოს გულწრფელი, პასუხისმგებლიანი, უფრო სოციალური“.
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ესთეტიური, სოციალური და ფუნქციური საკითხების დაბალანსება, მხოლოდ ამ ხედვაზე დაფუძნებული არქიტექტურა იქნება ცოცხალი და ჩვენი დროის თანამდევი“
დიდებული მოდერნისტი და სამრეწველო პროექტირების ფუძემდებელი მარსელ ლაიოშ ბროიერი 1981 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ნამდვილად იმსახურებს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი დიზაინერ-არქიტექტორის ტიტულს. ლაიკომ აგებული შენობების, მისი ნახაზებით შექმნილი ავეჯის, მისი სტილით შთაგონებული არქიტექტორებისა და დიზაინერების დიდი პლეადის სახით უმდიდრესი მემკვიდრეობა დატოვა.