in ,

ბინა ბაგებში მწვანე აქცენტით – ანნა ნუცუბიძის პროექტი

Banner M2
Banner M2

ამ პროექტის დაკვეთა ინტერიერის დიზაინერმა ანნა ნუცუბიძემ საზღვარგარეთიდან მიიღო. მას უცხო ქვეყნის მოქალაქე დაუკავშირდა, რომელსაც სურდა ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ბინის გადაკეთება და ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელსაც საკუთარი ხასიათი ექნებოდა. დამკვეთის მთავარი მოთხოვნა იყო პროექტის შესრულება საავტორო ზედამხედველობით (დამკვეთთან დისტანციური კავშირით), რადგან პროექტის დაწყებისთანავე მან დატოვა საქართველო და პროექტის დასრულებამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

როგორც ანნა ნუცუბიძე გვიამბობს, მისი ძირითადი ამოცანა იყო ღია და ნათელი სივრცის შექმნა, რომელიც იქნებოდა იდეალური მეგობრების თავშეყრის ადგილიც და ასევე ოჯახის მყუდრო და კომფორტული გარემოს გარანტიც. სკანდინავიური სტილის გავლენით, პროექტის ავტორებმა რამდენიმე კონცეფცია შეიმუშავეს და ისეთი ვარიანტი შეარჩიეს, რომელიც იდეალურად ერგება ამოცანას: ბინა არის კომფორტული, პრაქტიკული და სახასიათო.

აღნიშნულ პროექტში ყველაზე თვალსაჩინო არის მისი ვიტრაჟული პანორამა, რომელიც იშლება თბილისზე და უხვადაა გამდიდრებული ბუნების ხედით. დიზაინერს სურდა, ეს სიმწვანე შიდა სივრცეში შემოეყვანა და შეექმნა ერთგვარი სინთეზი და გაგრძელების შეგრძნება. სწორედ ასე შეირჩა ინტერიერის აქცენტ ფერად მწვანე.

ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამზარეულო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინტერიერში გამოყენებული მწვანე ფერი იცვლება დღის განმავლობაში და განსხვავებულ განათებაზე განსხვავებულ ეფექტს იძლევა. თუმცა, ძირითადად ის მშვიდი და ჰარმონიულია.

რაც შეეხება პროექტში გამოყენებულ მასალებს, ანნა ნუცუბიძემ არჩევანი არაპრიალა “MDF”-ზე და ხის ეფექტის მქონე ლამინატზე შეაჩერა. ეს დეტალები ინტერიერს ერთგვარი ხავერდოვნების შეგრძნებას მატებს. ხოლო იმისთვის, რომ პროექტი უფრო ბიუჯეტური გამოსულიყო, დიზაინერმა სპეციალური დაკვეთოთ შესრულებული ავეჯი გამოიყენა.

   

პროექტის ავტორი: ანნა ნუცუბიძე

დიზაინ სტუდია: A N D Studio

ფოტოგრაფი: Lyolya Naiko

სახლი მელბურნში ჩრდილო – დასავლეთის ხედებით – InForm-ის ნამუშევარი

საძინებლისთვის გამოუსადეგარი 5 ფერი